ინტერი VS რეალი - მატჩის წინ
Aa
Aa

ინტერი VS რეალი - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. „ინტერი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.  Crystalsport ამ მატჩის წინ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ინტერი“

„ნერაძურიში“ სეზონის წინ საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და მთავარმა ბომბარდირმა რომელუ ლუკაკუმ დაატოვეს. იტალიურ გრანდს სათავეში სიმონე ინძაგი ჩაუდგა, ხოლო ბელგიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკომ ჩაანაცვლა.

„ინტერმა“ სერია ა საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა უკანასკნელ ტურში სიმონეს შეგირდებმა „სამპდორიასთან“ ქულები დაკარგეს. „ნერაძური“ 2-ჯერ იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ორივე შემთხვევაში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და საბოლოოდ 2:2. „ინტერი“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილზეა.

დანაკლისი

სიმონე ინძაგის მადრიდის „რეალთან“ სენსი და კრისტიან ერიქსენი დააკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბასტონის თამაშიც. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია „ბლანკოსთან“ სათამაშოდ მზად არის.

რა თქვა ინძაგიმ მატცის წინ?

„რაც „ინტერს“ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე დაემართა მხოლოდ წარსულია. ჩვენ შეგვიძლია ახალი ისტორია დავწეროთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ წინ წასვლა გვსურს. მე ვფიქრობ, რომ გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს. წილისყრის შემდეგ ვიცოდით, რომ ჯგუფში მარტივად არაფერი მოხდებოდა. „სამპდორიასთან“ მატჩი დავივიწყეთ და „რეალთან“ შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად ვემზადებით. ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა. მათ უდიდესი ისტორია, საოცარი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.

ევროპულ სარბიელზე კარლო ანჩელოტის ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩვენ ისე ვითამაშებთ, თითქოს კბილებს შორის დანა გვაქვს გაჩხერილი. ვიმედოვნებ, საუკეთესო დღე გვექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივრების წინაშე თამაში ძალიან სასიამოვნოა. „რეალთან“ სრულყოფილი თამაში გვჭირდება. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2011 წლის შემდეგ აღარ გასულა. ჩვენ მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ცუდი სტატისტიკა უნდა შეიცვალოს.“




„რეალი“

მსგავსად „ინტერისა“, მადრიდის „რეალშიც“ არის ცვლილებები. „ბლანკოსს“ კარლო ანჩელოტი დაუბრუნდა. იტალიელმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლა. „პაპა კარლოს“ ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბის“ თამაში შეიცვალა და გაცილებით შემტევი გახდა, თუმცა დაცვის ხაზში პრობლემებია.

„რეალი“ ამ მომენტისთვის 4 ტურის შემდეგ ლა ლიგას 10 ქულით ლიდერობს. 3 მოგება და 1 ფრე - ასეთია ანჩელოტის გუნდის შედეგები. უკანასკნელ ტურში კი მადრიდული გრანდი „სელტას“ დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა მხიარული თამაში იხილეს. ორმხრივი შეტევები, უამრავი მომენტი, ლამაზი გოლები და ა.შ. საბოლოოდ „რეალმა“ 5:2 გაიმარჯვა.

დანაკლისი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „რეალს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. საქმე ფერლან მენდის, მარსელოს, ტონი კროსს, დანი სებალიოსს და გარეთ ბეილს ეხება. მწყობრშია დავიდ ალაბა, რომლის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ავსტრიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის უკანასკნელი ტური გამოტოვა.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„გუნდი კარგ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია და „რეალის“ თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება. გვინდა, რომ თამაში გავაუმჯობესოთ. ახლა ჩვენ „ინტერის“ წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მათ ბირთვი შეინარჩუნეს, თუმცა ახალი მწვრთნელი ჰყავთ. გვინდა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგა „ბლანკოსისთვის“ ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო.

ჩემპიონთა ლიგა ჩემთვისაც განსაკუთრებულია. ფეხბურთელის რანგში 2-ჯერ მოვიგე და სამწვრთნელო კარიერაში სამჯერ. უკანასკნელად ეს „რეალთან“ ერთად მოვახერხე და ალბათ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. „რეალი“ იმ ფეხბურთს ითამაშებს, როგორსაც ყოველთვის თამაშობს.

ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება ახლა არაფერს ნიშნავს. ახლა სხვა დრო და სხვა სიტუაციაა. პრიორიტეტი 3 ქულაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვინისიუსმა საკმაოდ მოუმატა და მისი იმედი ყველას გვაქვს.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ და „რეალი“ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად მოხვდნენ. „ბლანკოსმა“ ორივე შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ „ნერაძური“ ჯგუფში ჩარჩა. პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ზიდანის გუნდმა 3:2 იმარჯვა. მეორე კი იტალიაში. ამჯერად „სამეფო კლუბმა“ 2:0 მოიგო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები