''ეს ღირსების საქმეა, მათ მიზანმიმართულად იცრუეს'' - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის კომენტარი
Aa
Aa

''ეს ღირსების საქმეა, მათ მიზანმიმართულად იცრუეს'' - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის კომენტარი

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის ("ლაზიერის გამიტი") ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

''ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია''.

ამ თემასთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა რუსუდან მაისურაძემ ''ფორმულასთან'' ისაუბრა.

''იანვრიდან მოყოლებული BLB-ის მთელი გუნდი ამერიკელ კოლეგებთან ერთად Netflix-თან მოლაპარაკებებში ვართ ჩართულნი. მათ ოფიციალური წინადადებით მივმართეთ, რომ გამოესწორებინათ ის ზიანი, რაც მათ ნონას მიაყენეს, თუმცა მას შემდეგ რაც ამ სერიალმა ოქროს გლობუსი მიიღო, გვითხრეს, რომ ბოდიშის მოხდას და სერიიდან ამ ფრაზის ამოღებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ სარჩელზე მუშაობა დავიწყეთ.

უპირველეს ყოვლისას ეს არის ღირსების საქმე როგორც ქალბატონი ნონასთვის, ასევე ზოგადად მთელი საქართველოსთვის. გვერდით რომ გადავდოთ მორალური ზიანი, რაც ნონას რუსად მოხსენიებასა და იმ ფაქტს გულისხმობს, რომ მას მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ არ უთამაშია, არსებობს სამართლებრივი საფუძველიც, სერიალი პირდაპირ ნოველაზეა დაფუძნებული. ნოველაში წერია, რომ ნონას ბევრჯერ უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ, თუმცა სერიალის კულმინაციურ მომენტში ეს მონაკვეთი შეცვლილია. ასევე, ნოველისგან განსხვავებით სერიალში დამატებულია, რომ ის არის რუსეთში და ნონა გაფრინდაშვილი არის რუსი.

ეს არაა შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული სიცრუა. ვფიქრობ გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი''.

ნონა გაფრინდაშვილს იურიდიული კომპანია BLB იცავს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელია რუსუდან მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები