U17 | დრამატული შეხვედრა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩი ბოლო წუთზე გადაარჩინა
Aa
Aa

U17 | დრამატული შეხვედრა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩი ბოლო წუთზე გადაარჩინა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სექტემბერში 2 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩანიშნა.

პირველი მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ 16 სექტემბერს, რუსთავში შედგა, 4 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა, იდენტური ანგარიში დაფიქსირდა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეც - 2-2.

შეხვედრაში ანგარიში ჩვენმა გუნდმა თერთმეტმეტრიანით, 33-ე წუთზე გახსნა. ბურთთან გივი ხაჩიძე მივიდა, რომელმაც საბერძნეთს პირველ შეხვედრაშიც გაუტანა (1-0). 

მეორე ნახევარში მეტოქემ წონასწორობა ჯერ 53-ე წუთზე, კონსტანტინოს გუმასის გოლით აღადგინა (1-1), ხოლო დიმიტრიოს კალოსკამისის გოლით წინ 76-ე წუთზე გავიდა (1-2), თუმცა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა იბრძოლა და პირველი შეხვედრის მსგავსად, აღნიშნული მატჩიც ბოლო წამების მიმდინარეობისას, ძალიან ლამაზი მომენტით გადაარჩინა (2-2).

ფოტოამბავი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს, სადაც IV ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებს გაუწევს.

აღნიშნული მზადება სწორედ ამ საკვალიფიკაციო ეტაპს უკავშირდება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის მატჩებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს, სადაც ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

გიორგი ჩიტაურის ნაკრების კალენდარი 

22 ოქტომბერი | საქართველო v ისლანდია

25 ოქტომბერი | უნგრეთი v საქართველო

28 ოქტომბერი | ესტონეთი v საქართველო

ევროპის 17-წლამდე ნაკრებების 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის მაისში, ისრაელში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები