''75 წუთი სრულყოფილი იყო'' - ბორდალასმა რეალთან მატჩი შეაფასა
Aa
Aa

''75 წუთი სრულყოფილი იყო'' - ბორდალასმა რეალთან მატჩი შეაფასა

ლა ლიგის მეხუთე ტურში ''ვალენსიამ'' ''მესტალიაზე'' მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლა. ხოსე ბორდალასის გუნდმა უგო დუროს გოლით 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამ მამარდაშვილის კარში გამარჯვების გოლი შეაგდო (1:2).

მეორე გოლის ეპიზოდში ქართველი მეკარე ნამდვილად შეცდა, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ სანტიაგო კანისარესის სიტყვები, ''ვალენსიას'' ლეგენდამ სეზონის სტარტზე აღნიშნა, რომ 20 წლის მეკარე შეცდომებს დაუშვებდა, თუმცა გამოცდილებას შეიძენდა, რაც პროგრესში ხელს შეუწყობდა.

მადრიდის ''რეალთან'' დასანანი მარცხის შემდეგ ''ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა 75 წუთი ბრწყინვალედ ჩაატარა.

''მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტზე სოლერისა და კორეიას ტრავმების გამო ორი იძულებითი ცვლილება განვახორციელეთ, გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო, 75 წუთი სრულყოფილი იყო, მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით, თუმცა დასკვნით 15 წუთში თამაშს კარგად ვერ ვკითხულობდით. ''რეალის'' ფეხბურთელებს საჯარიმოში ჩაწოდებების საშუალებას ვაძლევდით. ასე მოხდა მეორე გოლის ეპიზოდშიც, როცა ფლანგიდან ჩააწოდეს, გიორგი ოდნავ წინ გამოვიდა და ბენზემამ გაიტანა''.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის საწყის ხუთ ტურში მამარდაშვილი ''ვალენსიას'' სასტარტოში რეგულარულად ხვდება. საწყისი ხუთი ტურიდან გამომდინარე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება პირველ ტურში ''ხეტაფესთან'' დატოვა, ამ შეხვედრაში მისი შესრულებული ''სეივი'' აგვისტოს თვეში ლა ლიგაში საუკეთესოდ დასახელდა.

5 ტურის შემდეგ ''ვალენსია'' 10 ქულით მესამე ადგილზეა. ბორდალასის გუნდი ლიდერ ''რეალს'' 3 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ''ატლეტიკოს'' კი მხოლოდ 1 ქულით.

მამარდაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 22 სექტემბერს, ''სევილიასთან'' ''სანჩეს პისხუანზე'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები