საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება
Aa
Aa

საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება

ვაკის ფალავანთა კლუბში, საქართველოსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველო დაეხმარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში. დაიგეგმება ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები და ქართველი მოჭიდავეები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონგოელ კოლეგებს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანცისკო ენკუნგამ მოაწერეს.

თამაზ გეგეშიძე:

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ფრანცისკო ნკუნგას. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი მწვრთნელები და სპორტსმენები კონგოელ კოლეგებს მაქსიმალურად დაეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ფრანკოფონიის თამაშებისთვის ემზადება. ზოგადადაც, მათი მიზანი თავიანთი გუნდის განვითარებაა და თავად მოგვმართეს თხოვნით, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ამ მეგობრული ჟესტით, ჭიდაობის დიდი ოჯახის გაერთიანებაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ“.

ფრანცისკო ნკუნგა:

„საქართველო უდიდესი საჭიდაო ტრადიციის მქონე ქვეყანაა. გყავთ უძლიერესი ნაკრებები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი. ჩვენ კი ჭიდაობის განვითარება, პოპულარიზაცია და წინსვლა გვსურს და ქართველების მეგობრულად გვერდში დგომის შემთხვევაში, ეს გაცილებით გაგვიადვილდება. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და პირადად თამაზ გეგეშიძეს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა სასურველ შედეგამდე მისვლაში დაგვეხმარება“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები