''მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას'' - 35-ე სკოლის სტადიონი განახლდა
Aa
Aa

''მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას'' - 35-ე სკოლის სტადიონი განახლდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები 35-ე სკოლის განახლებულ სტადიონს ესტუმრნენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე პრეზიდენტმა კოკა ალადაშვილმა განახლებული სტადიონი 35-ე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორმა გოჩა ავსაჯანიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის.

ე.წ. „მარაკანას“ სტადიონისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სკოლას საჩუქრად გადასცა მინდვრის საფარი და უზრუნველყო მინდვრის მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა, მოეწყო განათება, მოხდა მინდვრის მოვლისთვის საჭირო ტექნიკის, ფორმებისა და საფეხბურთო ინვენტარის შეძენა, რაც სკოლების კატეგორიზაციის პროექტის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

„მარაკანას“ სტადიონზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტუმრები 35-ე სკოლის ასაკობრივი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ, სიტყვით მიმართეს ახალგაზრდა მოთამაშეებს და მომავალში წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვეს. 

განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ განახლებულ სტადიონზე ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ეხმარება ბავშვთა ფეხბურთს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვაწესრიგოთ ან თავიდან შევქმნათ ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაში იყო აღნიშნული სტადიონი წლების განმავლობაში, ახლა კი ფედერაციის დახმარებით ყველაფერი მოწესრიგდა. ასევე მადლობელი ვარ 35-ე სკოლის იმისთვის, რომ სკოლების კატეგორიცაზიის ფარგელბში გამოყოფილი თანხა, მათ სწორად გამოიყენეს და მოაწესრიგეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა განათება, გასახდელები და ა.შ 

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და სპორტის ამ სახეობაში უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვას. ეს ყველაფერი კი, ჩვენთვის ამომავალი წერტილია, რაც უფრო მასობრივი იქნება ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი გაჩნდება.

მიხარია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს, უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ რამდენიმე დასრულებულ პროექტს მოვინახულებთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები