პსჟ 2:0 მანჩესტერ სიტი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

პსჟ 2:0 მანჩესტერ სიტი - მატჩის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ-მ შინ ''მან. სიტი'' 2:0 დაამარცხა. ანგარიში იდრისა გეიემ გახსნა, მეორე გოლი კი ლეო მესის ანგარიშზეა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ფრანგული კლუბის რიგებში სადებიუტო გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. მან ბურთი მბაპესთან გაითამაშა და ედერსონი უშანსოდ დატოვა.

 საინტერესო ფაქტები

მესიმ საკლუბო კარიერაში 673-ე გოლი გაიტანა, პარიზული გუნდის მაისურით კი პირველი გოლი შეაგდო.

''მანჩესტერ სიტი'' 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად დამარცხდა. 18-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია პსჟ-სთან შეწყდა.

მესი გუარდიოლას გაწვრთნილ გუნდებს (ბაიერნი, მანჩესტერ სიტი) ხუთჯერ დაუპირისპირდა და მე-7 გოლი შეუგდო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ორი გოლი გუარდიოლას გაწვრთნილ ''ბაიერნს'' გაუტანა, ხუთი კი - პეპის ''მან. სიტის''. გუარდიოლას გუნდებთან დაპირისპირებაში მესი ყველაზე შედეგინია (იგულისხმება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები).

იდრისა გეიემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში 4 გოლი შეუგდო, თუმცა ამ ოთხ შეხვედრამდე ფრანგულ გუნდში ჩატარებულ 78 მატჩში მხოლოდ 3 გოლით გამოიჩინა თავი. ასე რომ სენეგალელი საყრდენი შესანიშნავ ფორმაშია, მიმდინარე სეზონში მისი პროდუქტიულობა მკვეთრად გაზრდილია.

 რა თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ

 ''გუნდის პროგრესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაშიც ამ დონის თამაშები გვეხმარება. ჩემი ფეხბურთელებისთვის დიდებული მატჩი იყო, მათ ვულოცავ გამარჯვებას. მეტოქემ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა თავს კარგად ვიცავდით და კონტრშეტევებს მაღალ დონეზე ვავითარებდით''. 

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ

''ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ისეთი მომენტი, როგორიც პირველ ტაიმში ბერნარდუ სილვას შეექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. შევრცხვით. როგორც პრემიერ ლიგის გასულ ტურში ''ჩელსისთან'', ასევე დღეს პსჟ-სთან გამარჯვებისთვის ვითამაშეთ, თუმცა გოლის გატანაც ვერ შევძელით. ეს იყო ძალიან კარგი პერფორმანსი. ჩვენ თავს ვიცავდით კარგად, მეტოქე სიღრმეში თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებს ავითარებდა, რაც ძალიან სახიფათო იყო. ჩემი უდიდესი კომპლიმენტი მეტოქე გუნდს''.

''მესის გოლი ფანტასტიკური იყო. თუ მესი პარიზში ბედნიერია, მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება მარკო ვერატის, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია''.

მატჩის შემდეგ CANAL+-სთან ლეო მესიმ ისაუბრა.

''ახლახანს ტრავმის გამო მატჩი გამოვტოვე, ამ სტადიონზე მხოლოდ მეორე მატჩი ჩავატარე, პსჟ-ში ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ. ჩვენ ყველას გვჭირდება პროგრესი და განვითარება, შეტევის ხაზში ერთად ხშირად თამაში ურთიერთგაგებაში დაგვეხმარება, რომ შევთამაშდეთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ''.

''დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ''ბრიუგესთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვარ''.

ამ ჯგუფის მეორე მატჩში ''ლაიფციგი'' შინ ''ბრიუგესთან'' 1:2 დამარცხდა. პირველ ტურში პსჟ-მ ''ბრიუგესთან'' მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ასე რომ, ორი ტურის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს ანგარიშზე 4 ქულაა. ამდენივე ქულაა ''ბრიუგეს'' ანგარიშზე. ''მან. სიტი'' 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო ''ლაიფციგი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები