Aa
Aa

"არ მინდა დეშამმა ეს გაიგოს" - ენრიკე საფრანგეთთან მატჩის წინ

ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, „ფურია როხას“ თავკაცმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„ჯერჯერობით არ ვიტყვი, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, რადგან მსურს განსხვავებული ატმოსფერო შეიქმნას. ცვლილებები იქნება, თუმცა ამის შესახებ არ მინდა დეშამმა წინასწარ იცოდეს. არ მაინტერესებს როგორ ფორმაშია მბაპე. ჩემს ფეხბურთელებს დაცვაში ყოველთვის ინდივიდუალურ მითითებებს ვაძლევ.

საფრანგეთმა და ბელგიამ დიდებულად ითამაშეს, თუმცა მეორე ტაიმში „მამლები“ გაცილებით უკეთესნი იყვნენ და შედეგი სახეზეა. ვაპირებთ, რომ თავი მაქსიმალურად კარგად დავიცვათ და რისკზე წავიდეთ. ბურთი უფრო დიდ ხანს ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ. სხვა ტაქტიკურ მონახაზზე ვერაფერს გეტყვით. არ მინდა ვინმემ რაიმე ზედმეტი გაიგოს.

მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. ამისთვის საჭიროა, რომ ბურთი მაქსიმალურად დავიჭიროთ და როდესაც დავკარგავთ ყველამ იზრუნოს დაბრუნებაზე. მხოლოდ ასე მივაღწევთ ისეთი ძლიერი გუნდის წინააღდეგ წარმატებას, როგორიც საფრანგეთია.

ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის სწავლობენ. ამისი ნათელი მაგალითი ევრო 2020-ის ნახევარფინალია. ჩვენ იტალიასთან წავაგეთ, თუმცა გუშინწინ ისინი სამართლიანად დავამარცხეთ. ჩვენს იარაღს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ სტიმული და მოტივაცია არ გვაკლია.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ნახევარფინალში იტალია 2:1 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთმა ბელგიას უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. „მამლები“ 0:2-ს მარცხდებოდნენ და მეორე ტაიმში ქამბექი შეასრულეს. გოლები ბენზემამ, მბაპემ და ტეო ერნანდესმა გაიტანეს. ცნობისთვის, ესპანეთისა და საფრანგეთის ფინალი 10 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები