„ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსია
Aa
Aa

„ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსია" - ქირია მზადაა საუკეთესოთა შორის საუკეთესოები დაამარცხოს

15 ოქტომბერს, ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ONE Championship-ის გრან პრიზე გამოვა და მეოთხედფინალში გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, Asianmma.com-მა ქირიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

***

დავით ქირია ONE Championship-ის გრან პრის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება და პარასკევს ენრიკო კელს შეხვდება. ქირია ONE: First Strike-ის ტურნირში ჩაერთვება და ქართველი მებრძოლი მოხარულია, მსოფლიოს საუკეთესო კიკბოქსიორების წინააღმდეგ ჩხუბის საშუალება რომ მიეცა.

„ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსია. გულახდილად გეტყვით, მიხარია, გრან პრიზე მონაწილე 8 მებრძოლიდან ერთ-ერთი რომ ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენაა“.

ქირია ხვდება, რომ მისი მეტოქე წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებს, მაგრამ ამბობს, რომ კელს სუსტი წერტილები აქვს: „ჩემი მოწინააღმდეგის უპირატესობებზე არ ვფიქრობ და მის სისუსტეებზე ვარ ორიენტირებული, რადგან ეს ისაა, რაც წარმატებას მომიტანს, თუმცა ვიცი, რომ ისიც თავდაუზოგავად მუშაობს“.

ქირიამ ბოლო ბრძოლა ONE: Fists of Fury-ის ეგიდით გამართა და გიორგიო პეტროსიანთან დამარცხდა, თუმცა სომეხი მებრძოლი ამ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან სატიტულო ბრძოლა ელის. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ქირია საკუთარ თავში დარწმუნებულია და წარმატების სჯერა. „საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ჩავთვლი, რომ სხვებზე უკეთესი ვარ. ამ დამოკიდებულების გარეშე, წარმატებას ვერ მიაღწევ და უმაღლეს დონეზე ვერ ახვალ“.

მისი სავარჯიშო კემპი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, მაგრამ ქირიამ სამუშაოს შესრულება, რომელმაც იგი იმ დონეზე აიყვანა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კიკბოქსიორებს ეჩხუბება, დიდი ხნის წინ დაიწყო. 9 წლის ასაკში დავითი კარატეზე შევიდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა და კიკბოქსინგზე გადაერთო. ქირია Glory-ის ეგიდით, საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია და 2019 წელს, Kunlun Max-ის ტურნირიც მოიგო.

მას მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ უჩხუბია, იცის, რომ ამ გრან პრიზე უდიდესი კონკურენცია ელის და სჯერა, რომ ამ ტურნირზე წარმატება უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევა იქნება.

„ტურნირში მონაწილე ყველა მებრძოლი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. საუბარი პლანეტის ტოპ 8 კიკბოქსიორზე გვაქვს და ამ ტურნირის მოგება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ამ სპორტს მივუძღვენი“, - აცხადებს ქირია და სტატია სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები