თორნიკე ოქრიაშვილმა გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას მიუძღვნა
Aa
Aa

თორნიკე ოქრიაშვილმა გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა კოსოვოსთან მოგებული მატჩი შეაფასა. „ოქრიმ“ „ჯვაროსნების“ გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას მიუძღვნა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო.

„მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვედატ მურიჩიმ შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებით ზურიკო დავითაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები