ნიუკასლი ზიდანს დაუკავშირდა
Aa
Aa

ნიუკასლი ზიდანს დაუკავშირდა

„ნიუკასლში“ ახალი მფლობელების მისვლის დღიდანვე პრესაში უამრავი ჭორი გავრცელდა. ტრანსფერები, მწვრთნელები და კლუბის უახლოესი გეგმები. რას აპირებენ „კაჭკაჭების“ უმდიდრესი მფლობელები?

დღეს Mirror-მა დაწერა, რომ „ნიუკასლი“ სტივ ბრიუსის შემცვლელად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანს განიხილავს და ისინი ფრანგ სპეციალისტთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ.

„ზიზუს“ გარდა „სენტ ჯეიმს პარკის“ ბინადრების სავარაუდო მწვრთნელთა სიაში ანტონიო კონტე, ბრენდან როჯერსი და სტივენ ჯერარდიც იმყოფებიან.

სავარაუდოდ კონტე უარს იტყვის, რადგან მას უფრო ამბიციური გეგმები აქვს. რაც შეეხება ზიდანს, მისთვის მთავარი სამიზნე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტია.

მიუხედავად კოლოსალური ფინანსური შესაძლებლობებისა, „ნიუკასლს“ ამ ეტაპზე ელიტური მწვრთნელის დაინტერესება უჭირს. აქედან გამომდინარე Mirror-ი ვარაუდობს, რომ „კაჭკაჭები“ ადგილობრივ და ნაკლებად გამოცდილ სპეციალისტს მიმართავენ. მაგალითად, ფრენკ ლამპარს ან სტივენ ჯერარდს.

კლუბის სამომავლო გეგმები

„ნიუკასლის“ ახალმა დირექტორმა ამანდა სტეივლიმ კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და შემდგომში მისი გაძლიერებით დაინტერესებულნი ვართ, მაგრამ საამისოდ მუშაობა გვჭირდება, რომ ფინანსური ფეარ პლეის ფარგლებში დავრჩეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გვსურს კლუბში ინვესტიცია ჩავდოთ და ეს ყველა დონეზე მოხდება. გვინდა, რომ საუკეთესო გუნდი გვყავდეს.

მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, ერთმანეთი გავიცანით. კლუბი უახლოეს დღეებში მასთან საუბარს აპირებს. მას მხარს ვუჭერთ. ამჟამად მწვრთნელის მომავალზე ან სამომავლო ტრანსფერებზე საუბარს არ ვაპირებთ. ვგეგმავთ, რომ სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი შევაფასოთ, კომერციული მხარეც და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები