მინიმალური ხელფასით - ალვეში მზადაა 1 იანვრიდან ბარსას შეუერთდეს
Aa
Aa

მინიმალური ხელფასით - ალვეში მზადაა 1 იანვრიდან ბარსას შეუერთდეს

38 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა თავისი თავი „ბარსელონას“ შესთავაზა. ამ ინფორმაციას Esport3 ავრცელებს, რომელსაც ესპანური მედია ადასტურებს.

ბრაზილიელი ბარსელონაში იმყოფება. მან ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. ამჟამად ალვეში თავისუფალი აგენტია, „ბარსას“ კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე არც ისე დიდი არჩევანი აქვს. კუმანს ხშირად ტრავმირებული დესტის ნაცვლად ხან სერხი რობერტოს ხანაც ოსკარ მინგესას გამოყენება უწევს.

წყაროს ცნობით, ალვეში კლუბის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მზად არის 1 იანვრიდან გუნდს შეუერთდეს. ხელფასი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მზად არის მინიმალური ანაზღაურებით ითამაშოს.

„ბარსამ“ ფეხბურთელს სთხოვა ცოტა ხნით მოეცადა, რათა საჭირო კონსულტაციები გაეწიათ. ალვეშმა თავის აგენტებს განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმებაა და სანამ თავის ყოფილ გუნდთან ყველაფერს არ გაარკვევს, იქამდე სხვა კლუბებთან გასაუბრება არ სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ალვეშმა „სან პაულუ“ კლუბთან ფინანსური უთანხმოების გამო დატოვა და განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე უგუნდოდ იქნებოდა, კარიერას კი იანვრიდან განაახლებდა.

რაც შეეხება „ბარსელონას“ პოზიციას, დღეს Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ამ მომენტისთვის კლუბის ხელმძღვანელები ალვეშის დამატებას არ განიხილავენ.

ხელმძღვანელების თქმით, „ბარსას“ პრიორიტეტი ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაა, ვეტერანებზე დამოკიდებულება კი თანდათან უნდა შემცირდეს.

პარალელურად, ჟურნალისტი ორიოლ დომენეკი წერს, რომ ალვეშმა კლუბს თხოვნით უკვე მიმართა. ანაზღაურების რაოდენობა მისთვის პრობლემას არ შექმნის, „ბარსელონას" კი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები