‘‘ასეთი მძიმე წუთები არასდროს მქონია, მაკედონიასთან მარცხი  2 თვე მესიზმრებოდა’’
Aa
Aa

‘‘ასეთი მძიმე წუთები არასდროს მქონია, მაკედონიასთან მარცხი 2 თვე მესიზმრებოდა’’

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული აპოელ-ის 29 წლის ფეხბურთელთან, თორნიკე ოქრიაშვილთან. ''კრასნოდარის'' ექს-შემტევი CrystalSport-თან ინტერვიუში ეროვნული ნაკრების გასულ მატჩებზე, აპოელ-ის წარუმატებელ სტარტზე, ჯაბა კანკავაზე, ვილი სანიოლსა და თემურ ქეცბაიაზე საუბრობს. ასევე, იხსნებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ დაპირისპირებას.

სექტემბრის შეხვედრებისთვის ვილი სანიოლმა თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელი ოქტომბერში ნაკრებს დაუბრუნდა და გასულ ორ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა. საბერძნეთთან მარცხის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ოქრიაშვილი შეაქო, კოსოვოსთან კი სასტარტოში ათამაშა და ფეხბურთელმა თავი გოლით გამოიჩინა.

''სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ სანიოლი კვიპროსზე ჩამოსული იყო, ჩემს თამაშს დაესწრო, შემდეგ შევხვდი და ვისაუბრეთ, აზრები გავცვალეთ, გამოუძახებლობის მიზეზი ამიხსნა და ა.შ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებს დავუბრუნდი და გუნდს კოსოვოსთან გამარჯვებაში დავეხმარე. ეროვნული ნაკრები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ყოველთვის ასე იქნება''.

მოთამაშე საუბრობს მიმდინარე თვეში საბერძნეთთან (0:2) და კოსოვოსთან (1:2) მატჩებზე. მისი აზრით, საკოორდინაციო საბჭოს გულშემატკივრების თამაშზე დასწრების უფლება უნდა მიეცა.

''ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ საბერძნეთთან მატჩზე გულშემატკივარი ყოფილიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. სტადიონზე გასართობად ხომ არ მივდივართ, ოფიციალური მატჩია, სადაც ფეხბურთელებმა ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამ საქმის შესრულებაში ქომაგი გვეხმარება. ბათუმში მომხდარი ტრაგედია ფეხბურთელებმა ძალიან განვიცადეთ, მაგრამ არ მესმის გულშემატკივრებს რატომ არ მისცეს თამაშზე დასწრების უფლება. რთულია მათ გადაწყვეტილებას ლოგიკური ახსნა მოვუძებნო.

ქომაგის სტადიონზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და როცა მათ არ უშვებენ, გამოდის ისე, რომ ნეიტრალურ სტადიონზე ვთამაშობთ. ეს ტრაგედია ყველამ განვიცადეთ, გვსურდა ბათუმში 3 ქულა მოგვეპოვებინა და გამარჯვება ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნისთვის მიგვეძღვნა. მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით კოსოვოში, მაგრამ საბერძნეთთან დაკარგული ქულები ძალიან დასანანია''.

''კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფეხბურთელებს საბერძნეთთან მატჩში შესაბამისი მოტივაცია არ გვქონდა.  უბრალოდ, ზოგჯერ თამაში არ მიგდის. ჩვენზე მეტად მარცხს არავინ განიცდის, თამაშს ჩვენ ვაგებთ და ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ თქვეს, რომ ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშესო, მაგრამ ასეთი რამ არასდროს ყოფილა და მომავალშიც გამორიცხულია. ჩვენ რომ ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი და მოტივაცია არ გვქონდეს, კოსოვოსთან შეხვედრას ხომ ვერ მოვიგებდით. მოკლედ, მოტივაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ აზრებს კატეგორიულად არ ვეთანხმები''.

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე-13 გოლი კოსოვოსთან გაიტანა, ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს გაუსწრო, ახლა ის მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩება: ალექსანდრე იაშვილს (15), თემურ ქეცბაიასა (17) და შოთა არველაძეს (26).

''ეროვნულ ნაკრებში 13 გოლი დამიგროვდა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, რეალურია, რომ 17 გოლი გავიტანო და თემურ ქეცბაიას გავუთანაბრდე, მაგრამ შოთა არველაძეს რომ დავეწიო ურთულესი იქნება''.

''ჯაბა კანკავასავით არასდროს მიცხოვრია და ალბათ ვერც ვიცხოვრებ, რადგან მე უბრალოდ სხვა პიროვნება ვარ განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ჩემთვის კლუბთან შედარებით ეროვნული ნაკრები საერთოდ განსხვავებულია, უპირველესად იმიტომ, რომ შენი ხალხისთვის თამაშობ. ასევე იმიტომ, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაიტანო. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვართ ფეხბურთი და როცა სამ თვეში შენი ქვეყნისთვის ორ მატჩს თამაშობ, არ შეიძლება, რომ ბოლომდე არ დაიხარჯო, არ შეიძლება, რომ უკან ჩამოსვლა დაგეზაროს და ასე შემდეგ. თამაში თუ გამოგივა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მთავარია, რომ ნაკრებს არაფერი მოაკლო, ბოლომდე დაიხარჯო და არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ მე ეხლა რაღაც არ ვიტკინო, რომ მერე კლუბში ვერ ვითამაშებ. ასეთ რამეზე არასდროს მიფიქრია, ჩემთვის ნაკრები ყოველთვის პირველი იყო და ყოველთვის პირველი იქნება''.

ოქრიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა, რომელმაც ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ლევან კობიაშვილთან ერთად რეკორდსმენია.

''ჯაბას ვულოცავ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებას, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეროვნულ ნაკრებში 48 მატჩი მაქვს ჩატარებული და თითქმის ყველა ჯაბასთან ერთად ვითამაშე. მის პროფესიონალიზმზე ახალი რა უნდა ვთქვა, ეს ყველამ კარგად იცის, ვგულისხმობ ძილის რეჟიმს, კვებას და ყველა იმ ფაქტორს, რაც პროფესიონალმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს.ჯაბა არის სახე თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი.

როცა ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი, ახალგაზრდა ვიყავი და ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს ძალიან გვეხმარებოდა, რის გამოც მისი მადლიერი ვარ. ჯაბას კარიერულ წარმატებას ვუსურვებ, ჩვენთან ძალიან დიდხანს უნდა იყოს, მინიმუმ 3-4 წელი''.

2018 წელს თორნიკე ოქრიაშვილმა რუსული ''კრასნოდარი'' დატოვა და 2019-21 წლებში თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისში'' თამაშობდა. მძიმე ტრავმების შემდეგ ფორმა აღიდგინა და სტაბილურად ათამაშდა.

''თემურ ქეცბაიასთან მცირე უთანხმოებები მქონია, თუმცა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ძალიან დამეხმარა. როცა რამდენიმე თვის უთამაშებელი ვიყავი, ''ანორთოსისში'' მიმიწვია, შანსი მომცა და სტაბილურობა დავიბრუნე. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები''.

ოქრიაშვილის, დაუშვილისა და ქვილითაიას აპოელ-მა სეზონი ცუდად დაიწყო, საწყის 5 ტურში 4 მატჩი დათმო და მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. ფეხბურთელის აზრით კრიზისის მიზეზი შეუთამაშებლობაა.

''მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ, მაგრამ ერთად შეკრება არ გაგვივლია. ფაქტობრივად, ფეხბურთელები ერთმანეთს არ ვიცნობთ. ამიტომ გვიჭირს ქულების მოპოვება, თუმცა იმედი მაქვს კრიზისიდან ამოვალთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ''.

საუბრის ბოლოს თორნიკე ოქრიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა გაიხსენა, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ''დინამო არენაზე'' გორან პანდევის გოლით ბალკანელებმა გაიმარჯვეს.

''ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ოთახში რომ შევედი, ორი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ. ოთახიდან თავს გამოვყოფდი, ბატონი ვაისი ადიოდა-ჩადიოდა, ძალიან იმედგაცრუებული იყო. ალბათ, ასჯერ ავიდა და ჩავიდა.

ამას არავის ვუსურვებ, ასეთი დაჩაგრული და თავდახრილი არასდროს ვყოფილვარ. ასეთი მძიმე წუთები არ მქონია და ეს მარცხი დღემდე ძალიან მტკივნეულია, ორი თვე მაკედონიასთან მარცხი მესიზმრებოდა.

ასეთი ცუდი დღეები ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა და ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. როგორც ცხოვრებაშია, ერთ დღეში რომ შენი ცხოვრება ცუდისკენ იცვლება, ასე მოხდა მაკედონიასთან ფინალურ შეხვედრაშიც. ვიცი რამდენად ნაწყენი იყო ყველა, არამარტო ფეხბურთელები.

ჩემი აზრით, მარცხის უპირველესი მიზეზი იყო ის, რომ მატჩს ქომაგი არ დაესწრო. კორონავირუსი? ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვქონდა. დღეს ინფიცირების 4 ათასი და 5 ათასი შემთხვევაა, მაგრამ თამაშებს გულშემატკივრები ესწრებიან. სიმართლე გითხრა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებში ლოგიკას ვერც მაშინ ვხედავდი და ვერც საბერძნეთთან მატჩის დღეს დავინახე. თავს არ ვიმართლებ და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა ქომაგის როლი რომ ძალიან დიდია და მათი გვერდით დგომა, რომ ძალიან დაგვეხმარებოდა, ეს ხომ ძალიან ცხადია. რთულ მომენტში ქომაგის შეძახილი და გამხნევება დიდ როლს თამაშობს.

უმაყურებლოდ თამაშის გარდა მაკედონიასთან შეხვედრაში კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია და კიტეიშვილი ვერ დაგვეხმარნენ, მათი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო.

 დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ რომ გვეთამაშა, ჩრდილოეთ მაკედონიაზე გაცილებით უკეთ ვითამაშებდით''.

 მასალაში გამოყენებულია gff.ge-ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები