ატლეტიკო 2:3 ლივერპული - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ატლეტიკო 2:3 ლივერპული - მატჩის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის ''ატლეტიკო'' შინ ''ლივერპულთან'' 2:3 დამარცხდა. საწყისი 13 წუთის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი ორი ბურთის უპირატესობით იგებდა, ანგარიში სალაჰმა გახსნა, რასაც ნაბი კეიტას გოლი მოჰყვა.

პირველი ტაიმის 14-წუთიან მონაკვეთში ანტუან გრიზმანმა წონასწორობა აღადგინა, მან გოლები მე-20 და 34-ე წუთებზე შეაგდო.

52-ე წუთზე არბიტრმა გრიზმანი მოედნიდან გააძევა, ფრანგს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს, სიმეონეს გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა.

76-ე წუთზე მო სალაჰმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:3.


საინტერესო ფაქტები

მოჰამედ სალაჰი ''ლივერპულის'' ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც კლუბის ზედიზედ ათ მატჩში გოლი გაიტანა.

ანტუან გრიზმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც დუბლი შეასრულა და შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.

''ლივერპულმა'' პირველ ტაიმში 2 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

 ''ლივერპულის'' ბრაზილიელი მეკარე ალისონი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონე გასახდელისკენ სწრაფად წავიდა, არგენტინელი სპეციალისტი კლოპს არ დაემშვიდობა, რამაც გერმანელი სპეციალისტი კმაყოფილი არ დატოვა, თუმცა კლოპმა პრესკონფერენციაზე საკმაოდ დიპლომატიურად ისაუბრა.

 რა თქვა დიეგო სიმეონემ მატჩის შემდეგ

''თამაში ისე არ დაგვიწყია, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი გეგმის მიხედვით ვთამაშობდით. ჩვენ გვქონდა უფრო მეტი გოლის გატანის შანსი, მეორე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, დაწინაურება შეგვეძლო, თუმცა ''ლივერპულის'' მეკარემ გუნდი გადაარჩინა.

არ მომწონს ტრადიცია, როცა მატჩის შემდეგ მწვრთნელები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ. არ ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოვიქცე, ეს არ მომწონს. ყოველთვის იქნება ისეთი პირი, რომელიც თამაშით უკმაყოფილო იქნება.

მათ განსხვავებული კულტურა აქვთ, ჩვენ ამ ტრადიციას არ ვიზიარებთ. ცხადია, კლოპს მივესალმები, როცა მას შევხვდები''.

რა თქვა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ

''სიმეონესთვის ხელის ჩამორთმება მსურდა. ჩვენ ორივე ემოციურები ვართ, ის თამაშით იყო გაბრაზებული, სხვა არაფერი. როცა ერთმანეთს ისევ შევხვდებით, ჩვენ ხელს აუცილებლად ჩამოვართმევთ. არ ვფიქრობ, რომ სიმეონემ რაიმე ცუდად გააკეთა, მე უფრო მეტად ჩემი რეაქციით ვარ უკმაყოფილო.

როცა ''ატლეტიკო''-''ლივერპულის'' მატჩი იმართება, დრამა გარანტირებულია. ''ატლეტიკოს'' კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ნამდვილად საფუძვლიანი იყო, სხვა მომენტებზე კი ამის თქმა არ შემიძლია. წითელი ბარათის მიღება უიღბლობაა, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებაა, პენალტი ნამდვილად იყო.

მატჩის დასაწყისში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ორი გოლი გავიტანეთ, ეს მოულოდნელი იყო. ჩვენ ორი შესანიშნავი გოლი შევაგდეთ, კარგად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში სოლიდურები ვიყავით.

3 ტურის შემდეგ ''ლივერპულის'' ანგარიშზე 9 ქულაა, ''ატლეტიკოს'' მსგავსად ''პორტუმაც'' 4 ქულა დააგროვა, პორტუგალიურმა გუნდმა შინ ''მილანს'' ლუის დიაზის გოლით მოუგო. ''მილანი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში ''ლივერპული'' მადრიდის ''ატლეტიკოს'' უმასპინძლებს, ''მილანი'' - ''პორტუს''. ორივე მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები