ქეცბაია სანიოლზე: ,,მიზანი ერთა ლიგისთვის მომზადებაა, ამდენი ფეხბურთელი ამიტომ გამოცადა
Aa
Aa

ქეცბაია სანიოლზე: ,,მიზანი ერთა ლიგისთვის მომზადებაა, ამდენი ფეხბურთელი ამიტომ გამოცადა"

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბერში 2 შეხვედრა გამართა - ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და დამარცხდა (0-2), ხოლო საკვალიფიკაციოს მეორე მატჩი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და გაიმარჯვა (1-2).

ოქტომბერში გამართული მატჩების შემდეგ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 პიზიციით დაწინაურდა (93).

დღეს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა ,,ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამად, ანორთოსის მთავარი მწვრთნელი იყო. თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობის, ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა და კომენტარი ვილი სანიოლის შესახებ გააკეთა:

მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი არა, ფედერაციაც არ უნდა იყოს კმაყოფილი იმ ვითარებით, რაც ამჟამად ნაკრებშია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბოლო თამაში მოვიგეთ, რადგან არასახარბიელო ამბავი იქნება ქვეჯგუფი ბოლო ადგილზე რომ დაასრულო.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში ფიზიკური მომზადების პრობლემა სულ იყო. არ ვიცი, ქართველი ფეხბურთელი დაწყევლილები არიან თუ რა ხდება. არიან ისეთები, რომლებიც ბურთთან კარგად არიან, მაგრამ ფიზიკურად ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებენ, არიან ისეთებიც, რომლებმაც სირბილი იციან, მაგრამ ბურთი - არა.

თუ გინდა ნაკრებში წარმატებას მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ფიზიკურად მზად იყოს. მათ ნაკრებში ვერ მოამზადებენ. სამწუხაროა ის, რომ არ გვყავს ფეხბურთელები პრემიერლიგიდან, ესპანეთის, იტალიის ან გერმანიის ჩემპიონატებიდან და ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილი დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს. ასეთ დროს ძნელია ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გავიდეთ.

სანიოლმა ბევრი ახალი ფეხბურთელი რომ ათამაშა, შესაძლოა, მოტივი ის იყო, რომ ნაკრებს ამ ჯგუფში მიზნად გასვლა არ ჰქონდა. მიზანი ერთა ლიგისთვის მომზადებაა და შესაძლოა, ამდენი ფეხბურთელი ამიტომ გასინჯა. სანიოლის თავში არ ვზივარ და არ ვიცი, რას ფიქრობს. საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებ და ძნელია, ამის შემდეგ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე თამაში მოსთხოვო, - ქეცბაიას კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 1 836 დღე იმუშავა და 40 შეხვედრა ჩაატარა (2009 - 2015). მისმა საქართველოს ნაკრებმა 13 შეხვედრა მოიგო, 9 მატჩი ფრედ , ხოლო 18 - მარცხით დაასრულა.

კომენტარი: საქართველოს პირველი არხი 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები