ქეცბაია ხვიჩაზე: ''შრომა უნდა გააგრძელოს, წასვლის დრო მოვა''
Aa
Aa

ქეცბაია ხვიჩაზე: ''შრომა უნდა გააგრძელოს, წასვლის დრო მოვა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემა ''ტაიმაუტში'' ქართველი გარემარბის, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმისგან შორსაა. ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ურჩია, რომ ვარჯიში გააგრძელოს და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

''ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ ფაქტია, რომ ის კვლავ ყაზანის ''რუბინშია''. რუსეთში სლუცკი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ათამაშდება. ის, რომ რაღაც შანსი ჰქონდა, არ გაუშვეს ან არ წავიდა, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობას თავი უნდა დაანებოს. მან უნდა გააგრძელოს ეს პროცესი და მოვა დრო, როცა უცხოეთში წავა, ჯერ ახალგაზრდა ბიჭია, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს.

აუცილებელია, რომ ვინც მის გარშემოა, ხვიჩას გვერდით დაუდგეს. მას აუხსნან, რომ ის დღეს ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რადგან კარგი სეზონის შემდეგ ვერსად წავედი, ახლა ვარჯიშს თავი უნდა დავანებო და არ უნდა ვიშრომო, როგორც საჭიროა. მნიშვნელობა აქვს, მისი გარშემომყოფები რა დარიგებებს მისცემენ. ჩემი დარიგება ის არის, რომ გააგრძელოს ვარჯიში. ვგულისხმობ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ვარჯიშს.

მარტო ის, რომ შანსი მქონდა, არ გამიშვეს, გაბრაზებული ვარ და ახლა არაფერს გავაკეთებ, ეს კარგს არაფერს მოუტანს არც მასსა და არც ნაკრებს. ჩემი დარიგება იქნება ის, რომ ვარჯიში გააგრძელოს და ყველაფერი კარგად იქნება''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის 9 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას, ეროვნულ გუნდში უკვე 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოიჩინა თავი.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები