42 მილიონი ევრო - ჩელსიმ პულიშიჩს ფასი დაადო
Aa
Aa

42 მილიონი ევრო - ჩელსიმ პულიშიჩს ფასი დაადო

„ჩელსის“ ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. სხვადასხვა ევროპულ გრანდებს ხან ჰაკიმ ზიეჩი სურთ, ხან ვერნერი ხან პულიშიჩი. საუბარი ძირითადად ამერიკელ შემტევზე მიმდინარეობს და ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის „ბარსელონა“ იჩენს.

ჩავის დანიშვნის შემდეგ, კატალონიური გრანდი გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად კრისტიანს განიხილავდა. „ბლაუგრანას“ პულიშიჩი იჯარის წესით სურდა, თუმცა ამაზე „არისტოკრატებმა“ უარი განაცხადეს და ბარსამ ხელი ჩაიქნია.

ინგლისურ მედიაში „ლივერპულის“ სახელმაც გაიჟღერა. მერსისაიდელებს ამერიკელი ფეხბურთელი ძალიან სურთ. „ლივერპულში“ თვლიან, რომ გუნდში სალაჰის და მანეს შემცვლელი არის საჭირო.

ამ ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეხბურთელს ფასი დაადო. იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ პულიშიჩის შეძენა მოუნდება, 42 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ხსენებულ ფასად კრისტიანის შეძენა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

პულიშიჩი „ჩელსიში“

23 წლის გარემარბი „არისტოკრატებს“ 2019 წელს „დორტმუნდის ბორუსიადან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე პულიშიჩმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 83-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ფეხბურთელი ხშირად იღებს ტრავმას და სხვადასხვა დაზიანებების გამო დღემდე „ჩელსის“ 46 მატჩი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები