„მისი მოტივაცია პატრიოტიზმია
Aa
Aa

„მისი მოტივაცია პატრიოტიზმია" - El Mundo-ს სტატია შენგელიაზე

საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო გუნდების მატჩის წინ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, El Mundo-მ თორნიკე შენგელიას სტატია მიუძღვნა. ავტორი ყურადღებას საქართველოს ეროვნული ნაკრებისადმი შენგელიას დამოკიდებულებაზე ამახვილებს და მის პატრიოტიზმზე ხაზგასმით საუბრობს.

„წელიწად-ნახევრის წინ, როცა შენგელია ცსკა-ში გადავიდა, მისდა გასაოცრად, საქართველოში მის გადაწყვეტილებას დიდი გამოეხმაურება მოჰყვა. ცსკა-მ შენგელიას სანაცვლოდ, ბასკონიას 1 მილიონი ევრო გადაუხადა და მის სამშობლოში ეს კარგად ნამდვილად არ მიუღიათ. ამის შემდეგ, თოკო დაუღალავად ცდილობს, დაამტკიცოს, რომ პატრიოტია.

შენგელიას ბოლო შოუ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა. ხუთშაბათს, მან ევროლიგაზე, ბაიერნის წინააღმდეგ ითამაშა და პარკეტზე გატარებულ 32 წუთში, 12 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ბაიერნთან მატჩიდან 24 საათი არ იყო გასული, რომ თოკო 2000 კილომეტრის მოშორებით ასპარეზობდა. თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ იგი საქართველოს ნაკრების ლიდერი გახლდათ და 33 წუთში 16 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა. ეს ფიზიკური გადმოსახედიდან ურთულესი იყო ადამიანისთვის, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა.

სანაკრებო პაუზებისას, ევროლიგიდან ეროვნულ გუნდებში ბევრი კალათბურთელი არ მიდის და ნამდვილად არც ერთი მართავს 2 შეხვედრას 2 დღეში, მაგრამ შენგელიას ცსკა-სთან გაფორმებულ კონტრაქტში სწორედ ეს პუნქტი აქვს ჩადებული და საქართველოს ნაკრებში მაშინ გაემგზავრება, როცა მოისურვებს. მისი მოტივაცია პატრიოტიზმსა და საქართველოში მასზე არსებულ წნეხს უკავშირდება. როცა შენგელიამ ცსკა-სთან ხელშეკრულება დადო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იგი გააკრიტიკა: „ამ სამწუხარო მოვლენას ძალიან ვნანობ. ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელი და იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კონტრაქტი ცსკა-სთან გააფორმა“.

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ცსკა-ს პრეზიდენტს, ანდრეი ვატუტინს განმარტების გაკეთება მოუწია: „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკებების პირველივე დღიდან, თოკოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო და ჩვენ მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ“.

უკრაინასთან მატჩის შემდეგ, შენგელიამ განაცხადა: „ჩემი პირველი ოცნება არა NBA-ში ასპარეზობა, არამედ საქართველოს ნაკრების რიგებში თამაში იყო. ესაა მოტივაცია, რომელიც იმ დღის შემდეგ მაქვს. არაფერი შეცვლილა და სანამ კალათბურთის თამაში შემეძლება, არაფერი შეიცვლება“. თოკოს თავდადება მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმაც შეაქო და განაცხადა, რომ იგი ბევრი კალათბურთელის შთაგონების წყაროა“, - წერს El Mundo.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ილიას ზუროსის გუნდი ესპანეთთან შენგელიას გარეშე იასპარეზებს. თოკოს ტრავმა აწუხებს, რომელიც უკრაინასთან მიიღო და „ფურია როხასთან“ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები