მინისტრის ვიზიტი - წულუკიანი სამშენებლო პროცესს გაეცნო
Aa
Aa

მინისტრის ვიზიტი - წულუკიანი სამშენებლო პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა და მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სამშენებლო პროცესს გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, გაიმართა გაფართოებული შეხვედრა სამშენებლო პროცესში ჩართული ორგანიზაციების მონაწილეობით. მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია მასშტაბური სამუშაოების ეტაპების, ვადების და საჭიროებების შესახებ. თეა წულუკიანის ინიციატივით გადაწყდა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მოეწყობა ყოველკვირეულად და დამკვეთი და მშენებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. ამ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს კი კულტურის სამინისტრო ყოველკვირეულად გადაუგზავნის საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელობას.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „სპორტმშენსერვისის“ გენერალური დირექტორი გერონტი ცინდელიანი, შპს „საბა კონსტრაქშენის“ გენერალური დირექტორი, ლევან თარგამაძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საინჟინრო ექსპერტიზის უფროსი ბადრი ლეფსაია, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და სამშენებლო პროცესში ჩართული სხვა პირები.

10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულად დასრულებულია რკინა - ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც 1 თვის მანძილზე დანადგარების ტესტირების პროცესი განხორციელდება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის „ევრობასკეტ 2022“ - ის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება და შეჯიბრი სწორედ ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.

4 ივლისს ამავე სასახლეში გაიმართება კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო შესარჩევი მატჩი საქართველო-ესპანეთს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ