სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება
Aa Aa

სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება

გადმოცემის მიხედვით, სუმო სპორტის სახეობად 1600-1868 წლებში იქცა, დროთა განმავლობაში, იაპონური კულტურის ელემენტები მოიცვა და იაპონიის ეროვნულ სპორტის წოდება დაიმსახურა.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სუმოს პირველი ბრძოლა ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ , ცისა და დედამიწის ღმერთებს, ტაკემიკაძუკისა და ტაკემინაკატას შორის შედგა, მიზეზი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება იყო. მოგვიანებით, სუმო იმპერატორის კარის სპორტად იქცა და მასში მხოლოდ შეძლებული ადამიანები მონაწილეობდნენ. დღეს კი, სუმოს პროფესიონალური სპორტის სახეობად მოიხსენიებენ და როგორც ლოკალურ დონეზე, ასევე, მსოფლიოს გარშემო, ათიათასობით მოყვარული ჰყავს.

სუმოსთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ტერმინი

ჩუმოკუ-იჩიბანი: დღის დაპირისპირება, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელის;

მუსუბი-ნო-იჩიბანი: დღის ბოლო ბრძოლა;

ფუდადომემომენტი, როდესაც დარბაზში ყველა ადგილი გაყიდულია;

შიკირი: ორთაბრძოლის წინ გამართული გახურება და სხვადასხვა რიტუალი;

ცაბუტონი: ბალიში, რომელზეც სუმოისტები ორთაბრძოლის დაწყებამდე დოჰიოს გვერდით სხედან;

შიკირი-სენ: დოჰიოზე არსებული თეთრი ხაზები, სადაც სუმოისტები ორთაბრძოლის დაწყებისას დგებიან;

ფუსენშო: მოწინააღმდეგის დანებების ან არ გამოჩენის გამო მოპოვებული გამარჯვება;

კიუჯო: ტრავმის გამო ტურნირის გამოტოვება;

კინჯიტე: აკრძალული მოძრაობა, რომელიც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს;

მონო-იი: როდესაც მსაჯები გიოჯის გადაწყვეტილების სიზუსტეზე მსჯელობენ;

მაკე-კოში: უარყოფითი ბალანსი;

ოსაკა: ქალაქი, სადაც ჰარუ-ბაშო იმართება;

ჩონმაგე: ტრადიციული იაპონური ვარცხნილობა;

დანპაცუ-შიკი: კარიერის დასრულების ცერემონია, როდესაც სუმოისტს თმას აჭრიან;

ძენშო: ტურნირის წაუგებლად მოგება;

სპორტის თანმდევი კონკურენცია

იმისთვის, რომ სუმო შეისწავლო, ოიაკატა-ს უნდა მიებარო, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სპორტის ამ სახეობას უძღვნის.  მოსწავლეების აღმზრდელი ერთ დროს თავადაც სუმოს მიმდევარი გახლდათ და მისთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით წმინდა და უპირატესია. როგორც წესი, ოიაკატა-სთან სოფლიოდან ჩამოსული 20-30-მდე დამწყები სპორტსმენი მიდის, თუმცა, რამდენიმე წელში  სხვადასხვა მიზეზით: ავადმყოფობით, ფსიქოლოგიური ტრავმებითა და არასასურველი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს რიცხვი 5-მდეც კი  შემცირდეს.

სუმოთი დაინტერესებული მოსწავლეები თავს საერთო საცხოვრებელში იყრიან, ერთად იკვებებიან, იძინებენ და რა თქმა უნდა, ვარჯიშობენ. სუმოს შესწავლის პერიოდიში სხვადასხვა შეჯიბრებაც იმართება, თუმცა ერთ საცხოვრებელში მცხოვრებ სპორტსმენებს დოჰიოზე ერთმანეთის პირისპირ დადგომის უფლება მკაცრად აკრძალული აქვთ.

კარიერის დასაწყისში სუმოთი დაინტერესებულ ახალგაზრდები ყოველდღიურობისთვის სამყოფ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ. იმისთვის, რომ მათი გასამრჯელო გაიზარდოს, 5-წლიანი შრომაა საჭირო. ,,სეკიტორი“ პროფესიონალს ნიშნავს, აღნიშნული წოდება სწორედ 5-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ მოდის და ასეთ დროს, წოდებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება გასამრჯელოც.

სუმოს მებრძოლის ცხოვრება განსხვავებულია აკრძალვებითაც - მაგალითად, მხოლოდ რანგით მაღალი დივიზიონის მოჭიდავეს აქვს ოჯახის შექმნის უფლება. ასეთ დროს სუმოისტი საცხოვრებლად ცალკე გადადის, თუმცა სავარჯიშო ობიექტის მიმდებარედ სახლდება, რათა ვარჯიშებზე ძველებური მონდომებით გამოცხადდეს.

მკაცრი რეჟიმი კვების მდიდარი რაციონით

დაბალი რანგის მოჭიდავის ცხოვრება გამთენიისას, 5 საათზე იწყება და შემოსვლის შემდეგ, მთავარი საზრუნავი ვარჯისთვის მზადებაა. ვარჯიში, იგივე ,,კეიკო“, 3 ეტაპისგან შედგება , რომელიც ცხელი შხაპითა და საკვების მიღებით სრულდება.

სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები განსაკუთრებული მადით გამოირჩევიან, რაც ბუნებრივია, წონაზეც ისახება და რეალურად, მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. როგორც წესი, მათი წონა 150 კილოგრამზე მეტი, მაგრამ 200 კილოგრამზე ნაკლებია. ამიტომ, კვების რაციონი  ხორციანი წვნიანი კერძებით (ან თევზეულით) განსაკუთრებით იტვირთება. ასევე, აუცილებელია რამდენიმე თეფში ბრინჯის მიღებაც, რომელიც წვნიანის მსგავსად, შესაძლოა, კვლავ ხორცეულით ან ბოსტნეულით იყოს შეზავებული.

მნიშვნელოვანია რაციონში ბოსტნეულის დიდი რაოდენობის კონტროლიც. საბოლოო ჯამში, თითო კვებისას სუმოისტის მიერ მიღებული კალორია 4 000-ზე მეტია და ამ წესს ის მთელი კალენდარული წლის მანძილზე უნდა იცავდეს მიუხედავად იმის, აქვს თუ არა შეჯიბრი და ემზადება თუ არა კონკრეტული დაპირისპირებისთვის.

ვარჯიშისა და საკვების სრულფასოვნად მიღების შემდეგ, როგორც წესი, სპორტსმენები პირად დროს დასვენებას უთმობენ.

ყურადსაღებია, რომ გამთენიისა და ასევე, დღის სხვა მონაკვეთში, რანგით დაბალი რიგის სპორტსმენების ვალდებულებას მასზე მაღლა მდგომი სუმოისტების ყველა მოთხოვნის შესრულება წარმოადგენს.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ დღე ვახშმით სრულდება, სადაც როგორც წესი,  სუმოისტები ბრინჯის არაყს, ეგრედწოდებულ საკეს ან ლუდს განსაზღვრული რაოდენობით მიირთმევენ.

ბრძოლა, როგორც რელიგიის ნაწილი

შინტოიზმი უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტ შინტოს ტაძარს შეხვდები. ბრძოლის ადგილს დოჰიოს სახელით მოიხსენიებენ, რომლის განლაგების წესებიც სწორედ  შინტოს რელიგიურ ცერემონიასთანაა დაკავშირებული.

როგორც წესი, დოჰიოზე ორი მეტოქის ბრძოლა არანაკლებ 1 წუთს გრძელდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიძიური, ანუ შესვენებაა საჭირო, რადგან გამარჯვებული ვერ ვლინდება. შესვენების შემდეგ ბრძოლა ხელახლა იწყება.

ბრძოლის დაწყების წინ ერთმანეთის პირისპირ მდგომი სპორტსმენები ემზადებიან, ერთმანეთს დაჟინებით უცქერენ, ბოლოს კი დოჰიოზე მარილს მიმოაბნევებ, რაც ბოროტი სულებისგან განწმენდას მოასწავებს. აღნიშნული ქმედებაც სწორედ შინტოიზმთანაა კავშირში.

იმისთვის, რომ მეტოქე დაამარცხო სუმოს 70 ილეთიდან ერთ-ერთი უნდა გამოიყენო. სპორტის ეს სახეობა საინტერესო იმითაცაა, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, სუმოისტი როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს, მსაჯის, ანუ გიოჯის მიმართ, პროტესტს არ გამოხატავს და მიღებულ შედეგს ეგუება. სუმოს მთავარ მოტივს სწორედ სიმშვიდის გამუდმებული შენარჩუნება წარმოადგენს.

დოჰიოზე მთავარი გიოჯია, რომელიც მის ხელთ არსებული მარაოთი გვამცნობს, რომ ბრძოლა დაიწყო, მარაოს გადაშლა კი დაპირისპირების დასრულებას ნიშნავს. საინტერესოა, რომ მარაო გარდა ბრძოლის განსჯის, ასევე, ფულადი ჯილდოს მოთავსების სიმბოლური საშუალებაა.

დასამახსოვრებელია ის ვარცხნილობა, რომელსაც სუმოს მიმდევრები ატარებენ. ჩონმაგე ანუ ტრადიციული იაპონური ვარცხნილობა სუმოისტის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. თუ სპორტის ამ წარმომადგენელს ჩომაგე აღარ აქვს, ეს ნიშნავს, რომ დანპაცუ-შიკი, ანუ კარიერის დასრულების ცერემონია უკვე შედგა, სადაც სუმოისტს თმა შეაჭრეს.

ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სუმოს გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს თვალი 6 15-დღიან ტურნირს მიადევნოს. ტურნირიდან - ტურნირამდე სპორტსმენები იაპონიის სხვადასხვა სოფელს სტუმრობენ, რაც მიზნად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ისახავს.

ტურნირების დროს, მაღალი რანგის მოჭიდავეებს მაკუნოუჩის და ჯურიოს დივიზიონებში შეჯიბრი 15 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ აქვთ, მიზანი კი უმეტესი დაპირისპირების მოგებაა: მინიმუმ 8 გამარჯვება.

მაკუნოუჩის დივიზიონის დაწყებამდე ჩნდება ბანერები, სადაც ის სახელებია გამოსახული, რომელთაც ტურნირისთვის ფულადი ჯილდოები დააწესეს. ტურნირის მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, იცვლება ჯილდოს ოდენობა.

და ბოლოს, პრიზის მიღების ცერემონიას ტეგატანა ეწოდება, რაც მადლიერების გამოხატვას ემსახურება.

სუმო - ტრადიციის სილამაზე

გაზიარება: