ბრძოლა გადასარჩენად და ჯოჯოხეთში დაბრუნების თავიდან ასარიდებლად - რეი ბელტრანის ამბავი
Aa Aa

ბრძოლა გადასარჩენად და ჯოჯოხეთში დაბრუნების თავიდან ასარიდებლად - რეი ბელტრანის ამბავი

კრივში თავდადების, შეუპოვრობის, თავდაუზოგავი შრომისა და ბოლომდე ბრძოლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ისტორიიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როცა აუტსაიდერმა მსოფლიო გააოცა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა, მაგრამ რეიმუნდო ბელტრანის ისტორია მათგან ძალიან განსხვავდება.

„მარტივი ბრძოლა არასდროს მქონია და ამით ძალიან ვამაყობ. სიმარტივე ჩემს ცხოვრებასთან ახლოს არაა და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი. წაგება მეზიზღება და ვიბრძვი, რადგან მინდა, რომ დიადი მოკრივე ვიყო. ვიბრძვი, რადგან მინდა, რომ ჩემს შვილებს მომავალი ჰქონდეთ და არასდროს დავნებდები“.

პროფესიონალი მოკრივე თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანი, რომლისთვისაც იმედგაცრუება უცხო ხილი ნამდვილად არაა, ბიჭი, რომელსაც არ უნდა წაეგო, მაგრამ მისგან მხოლოდ წაგებას ელოდნენ. რეი ბელტრანი ყველას და ყველაფრის მეტოქე იყო.

„ურთულესია გერქვას მეტოქე... ამ დროს ყველაფერი შენ წინააღმდეგაა. მსაჯები შენ წინააღმდეგ არიან; კრივი შენ წინააღმდეგაა; ბიზნესი შენ წინააღმდეგაა; მთავარი მოქმედი პირი, რომელიც რინგზე შენი მეტოქეა, შენ წინააღმდეგაა და ა.შ. მის ეზოში ჩხუბობ და იცი, რომ ყველა ყველაფერს გააკეთებს, რათა გამარჯვება წაგართვან. სწორედ ამიტომ წნეხს გრძნობ. წნეხს, რომლის გამოც უფრო მეტის გაკეთება გიწევს და საკუთარ მაქსიმუმზე მეტს აჩვენებ, რათა ფავორიტი და ხალხის საყვარელი მოკრივე დაამარცხო“.

„რატომ არ დავნებდი? არ დავნებდი, რადგან ვიცოდი, რომ უმაღლეს დონეზე ჩხუბი შემეძლო და ჩემი ოჯახის გამო ვერ დავნებდებოდი“, - აცხადებს რეიმუნდო ბელტრანი, მაგრამ რეალობა ოდნავ სხვანაირია. მექსიკელი მოკრივე ჩხუბობდა, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა.

არალეგალური ემიგრანტი

რეიმუნდო ბელტრანი მექსიკაში დაიბადა და პირველად სამშობლოდან გაქცევა 16 წლის ასაკში სცადა. ნისლიანმა დეკემბრის ღამემ იგი ვერ შეიფარა და საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მისი დაკავება მოახერხეს. ბელტრანი მაშინვე დააპატიმრეს, როცა საზღვარი გადაკვეთა. მისდა საბედნიეროდ, ოფიცრები ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ და მას ჩიზბურგერითაც გაუმასპინძლდნენ, მექსიკაში დაბრუნებამდე კი ერთ-ერთმა მათგანმა მას ასეთი რამ უთხრა: „არ ინერვიულო მეგობარი. ოდესმე იქაურობას თავს აუცილებლად დააღწევ“.

სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე რეის საკუთარი სახლი გაახსენდა, სადაც სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა. გაახსენდა პლანტაცია, სადაც ხახვის ფურცლებსა და კარტოფილს აგროვებდა, რათა რამე მაინც შეეჭამა. ბელტრანს უბრალოდ იმ ცხოვრების მიღება სურდა, რომელსაც იმსახურებდა, მაგრამ შანსს ხელიდან უშვებდა...

ამ ამბებიდან ერთი დღის შემდეგ, მან აშშ-ში შესვლა კიდევ ერთხელ სცადა და ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა. კონტრაბანდისტების დახმარებით რეიმ საზღვარი გადაკვეთა, მაგრამ პრობლემები აქ არ დასრულებულა. კონტრაბანდისტებმა 1 კვირის განმავლობაში იგი ფურგონში დატოვეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მამამისმა მის სანაცვლოდ 200 დოლარი გადაიხადა. ბელტრანმა ოცნება აისრულა და აშშ-ში მოხვდა, მაგრამ ერთადერთი, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა, კრივი იყო. მან პროფესიონალურ დონეზე ჩხუბი დაიწყო და შემდეგ რაღაც სასწაულის დახმარებით მენი პაკიაოს გუნდში მოხვდა, რომელსაც ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლისთვის სპარინგ-პარტნიორები სჭირდებოდა.

სპარინგ-პარტნიორი

მხოლოდ ფილმებში ხდება, როცა მთავარი პერსონაჟი, რომელიც სპარინგი-პარტნიორის ფუნქციას ასრულებს, სავარჯიშო დარბაზის რინგზე გადის და ჩემპიონს პირველივე რაუნდში აგდებს. რეალურად სპარინგ-პარტნიორის სამუშაო ნამდვილი ჯოჯოხეთია. იყო სპარინგ-პარტნიორი ნიშნავს, დაუპირისპირდე მონსტრებსა და მკვლელებს, რომლებიც შენზე ბევრად ძლიერები არიან და არ დაგინდობენ. არ დაგინდობენ, რადგან მსხვერპლი ხარ და როგორც მსხვერპლს, უფლება არ აქვს პერსპექტიულ მეტოქეს ზიანი მიაყენო.

მსხვერპლის სტატუსის მქონე ბიჭები, რომლებსაც პერსპექტივა თითქმის არ აქვთ, რინგთან მდებარე სკამზე სხედან და ელიან, ლუკმას როდის გადმოუგდებენ. 2004 წელს, ამ მდგომარეობაში რეი ბელტრანი იყო, თუმცა მოულოდნელად შანსი მიიღო. მენი პაკიაოსთან სპარინგისთვის მოკრივეები კვირაში 500 დოლარს იღებდნენ. ნოკდაუნის სანაცვლოდ 1000 დოლარი ეძლეოდათ, ხოლო თუ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, ბონუსებიც ერგებოდათ. ბელტრანმა ჩათვალა, რომ ეს მარტივი ფული იყო. თანაც ასეთ თანხებზე მექსიკელი ემიგრანტი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობდა, მხოლოდ ოცნებას თუ შეძლებდა. უცნაურია არა?! ბელტრანის იმდროინდელი რეალობა სწორედ ასეთი იყო.

მექსიკელი პაკიაოს სპარინგ-პარტნიორობას დათანხმდა და პირველივე სპარინგის პირველივე წამებზე, მენისგან დარტყმების მტკივნეული კომბინაცია მიიღო. დარჩენილი დროის განმავლობაში იგი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა; „ასეთ დარტყმებს კიდევ თუ გავუშვებ, დავეცემი. თუ სისუსტეს გამოვაჩენ, ფულს არ მომცემენ“. რეი მთელი სპარინგის განმავლობაში ცდილობდა, საკუთარი შიში არ გამოეჩინა, მაგრამ პაკიაოს თითოეული დარტყმის შემდეგ, ეს უფრო და უფრო რთულდებოდა. თანაც საუბარი კარიერის პიკში მყოფი „პაკმენზე“ გვაქვს, რომლის წინააღმდეგ რინგზე გაჩერებაც, ურთულესი გახლდათ. საბოლოოდ, ბელტრანი მენის მთავარი სპარინგ-პარტნიორად იქცა და მასთან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა: „პაკიაოს წინააღმდეგ არავის უჩხუბია ჩემზე მეტი რაუნდი. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია“. ბელტრანი ჩემპიონისთვის ღირსეული ბრძოლის შეთავაზების სანაცვლოდ ბონუსებს რეგულარულად იღებდა, მაგრამ მენის ნოკდაუნში ჩაგდების სანაცვლოდ დაწესებული 1000 დოლარი არც ერთხელ აუღია.

უიღბლო

როცა სპარინგ-პარტნიორი ხარ, სანამ შენი ჩემპიონი იგებს და ფორმაშია, გადარჩენა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარი გამოწვევა სხვა რამეა. როცა ნომერ მეორე და სპარინგ-პარტნიორი ხარ, საკუთარ თავს გამარჯვებულად ვერ აღიქვამ და ფსიქოლოგიური პრობლემები გექმნება. ხვდები, რომ შენთვის საჩემპიონო ქამრის მოპოვება ურთულესია და ყოველდღე შენ წინააღმდეგ თვალანთებული მონსტრი დგას, მაგრამ პაკიაოსთან სპარინგმა რეის ბევრი რამ ასწავლა.

ბელტრანმა კარიერა ვერა და ვერ აეწყო. მას მენეჯერი არ ჰყავდა, გროშების სანაცვლოდ ჩხუბობდა, ბევრისთვის უცნობ მეტოქეებს ებრძოდა და გამარჯვების მოპოვება უჭირდა. რეიმ დანებება ბევრჯერ დააპირა, მაგრამ საკუთარ მეუღლესა და შვილებზე ფიქრი ამაზე საშუალებას არ აძლევდა. 2012 წელს, რეის მენეჯერ სტივ ფედერთან მისვლა ურჩიეს და 2013 წელს, ფედერმა ბელტრანს სატიტულო ბრძოლა მოუპოვა. რეი რიკი ბერნსს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში მეტოქე დაანოკდაუნა და ყბაც მოტეხა, მაგრამ ბრძოლა მაინც 12 რაუნდს გაგრძელდა. საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და მათ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ბრძოლა ფრედ დასრულდა და აბსოლუტურად ყველა! ბერნსის მშობლიური ქვეყნის გაზეთებიც კი! ამ გადაწყვეტილებას ძარცვას უწოდებდნენ. 2014 წელს, ბელტრანმა კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და ტერენს კროუფორდს დაუპირისპირდა, რომელიც ახლაც დაუმარცხებელია და დღესდღეობით, ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. კროუფორდს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია! მან დამსახურებულად იმარჯვა.

აკრძალული პრეპარატები

კროუფორდთან მარცხის შემდეგ, ბელტრანი დეპრესიაში ჩავარდა. მაშინ რეი 34 წლის იყო. მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება და ჩემპიონი ვერა და ვერ გახდა. საუკეთესო შემთხვევაში, იგი დაამახსოვრდებოდათ მოკრივედ, რომელიც მენი პაკიაოს სპარინგ-პარტნიორი იყო და პირად კარიერაში არაფერი გამოუვიდა. საბედნიეროდ, მექსიკელ მოკრივეს ახალი შანსი გაუჩნდა, როცა კროუფორდმა ქამარი დათმო და ბელტრანი ტიტულისთვის ტაკაჰირო აოს დაუპირისპირდა.

კროუფორდთან ბრძოლამდე ბელტრანს წონის დაფიქსირება უჭირდა და მისმა ყოფილმა გუნდელმა დახმარება შესთავაზა. „არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ მითხრა რომ არ მენერვიულა. შანსის დაკარგვა არ მინდოდა და ვფიქრობდი, რომ ასეთი შესაძლებლობა მეორედ აღარასდროს მომეცემოდა. დიახ, სტეროიდები იყო, მაგრამ ამაზე არაფერი ვიცოდი. ეს ჩემთვის უდიდესი კრახი იყო და საკუთარ შვილებს თვალებშიც ვერ ვუყურებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ უკეთეს ვითარებაში ვყოფილიყავი და ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ იმ კრახის შემდეგ, არ ვიცოდი, ჩემს კარიერას რა ბედი ეწეოდა. სიმართლე გითხრათ, რომ მცოდნოდა რა იყო, ინიექციას ნამდვილად არ გავიკეთებდი. იმ დღის შემდეგ, სუფთა ვარ და მანამდეც სუფთა ვიყავი“.

ბელტრანს აკრძალული პრეპარატი ვერ დაეხმარა და მან წონა ვერ დააფიქსირა. არადა, მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა რეის აკრძალული პრეპარატი ამოუგდო და მას ჯარიმა დააკისრეს და 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. „ყველაფერი დავკარგე. ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის მრცხვენია“.

დისკვალიფიკაციის შემდეგ, მოკრივე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პატარა სახლში გადავიდა, რომელსაც ერთი საძინებელი ჰქონდა და გადაწყვიტა, მწვრთნელი გამხდარიყო, თუმცა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მოულოდნელობა მოხდა. რეის სტივ ფედერი დაუბრუნდა და ამ უკანასკნელმა მექსიკელს საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობის მიღების შანსი კიდევ ერთხელ მისცა.

ჩემპიონი

ბელტრანმა რამდენიმე ბრძოლა ჩაატარა, აშშ-ში სამუშაო ვიზით ცხოვრობდა და ყოველდღე იმის შიში იყო, რომ შეიძლებოდა მისი დეპორტაცია მოეხდინათ. მისი შვილები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ საიმიგრაციო პოლიციას ეს ხელს არ უშლიდა, რომ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, რეი მექსიკაში დაებრუნებინა. არის შემთხვევები, როცა მექსიკელების დეპორტაცია აშშ-ში გატარებული 10 წლის შემდეგაც ხდება.

„მესმის, რატომ შეიძლება, კრიმინალების დეპორტაცია მოახდინო, მაგრამ რატომ აძევებენ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ ოჯახებს საჭმელი ჰქონდეთ? ამერიკელები ამას ვალდებულებად მიიჩნევენ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და უბრალოდ, კარგი ცხოვრება მინდა“.

რეის მთელი კარიერა საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებისთვის ბრძოლა იყო. აშშ-ის კანონების მიხედვით, ემიგრანტს, რომელიც კრივით ან MMA-ითაა დაკავებული, მწვანე ბარათის მიღების შანსი საკუთარ სპორტში განსაკუთრებული წარმატების მიღწევის შემთხვევაში აქვს. საბოლოოდ, იმისთვის, რომ აშშ-ის მოქალაქე გამხდარიყო, რეის საჩემპიონო ტიტული უნდა მოეგო და მთელი ცხოვრება ამისკენ ისწრაფოდა...

რეის საჩემპიონო ბრძოლის წინ, მისი შვილები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და მამას ესაუბრებოდნენ... „მამა, მართლა მექსიკაში დაგაბრუნებენ თუ წააგებ“? „არ ინერვიულოთ. არ წავაგებ“, - უპასუხა რეიმ და რინგზე გასასვლელად მოემზადა. ბელტრანმა ძალიან ბევრი შანსი გაანიავა და კიდევ ერთი შეცდომის დრო აღარ იყო. მსაჯების, საკუთარი სულელური ქმედებებისა და იმის გამო, რომ სათანადო დონეზე არ იმყოფებოდა, რეიმ ბევრი დაკარგა, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო. „36 წლის ვარ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს 24-ის ვიყო. ჭკვიანურად, როკის სტილში ვვარჯიშობდი. ზუსტად ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“.

საჩემპიონო ბრძოლამდე ბელტრანს მხარი მენი პაკიაომ დაუჭირა: „მჯერა, დადგა დრო, რომ რეი ჩემპიონი გახდეს“, - განაცხადა ლეგენდარულმა „პაკმენმა“. მექსიკელი მოკრივის მთელი ცხოვრება ამ ბრძოლაზე იყო დამოკიდებული. 12, 3-წუთიანი რაუნდი. სწორედ ეს აშორებდა რეის მიზნამდე და გამარჯვების შემთხვევაში, შეეძლო, აშშ-ში დარჩენილიყო. ამ ჩხუბში რეიმ ყველაფერი ჩადო და გაიმარჯვა!

„2018 წლის 16 თებერვალს ცალი ხელით ვიჩხუბე. მარცხენა ხელს უბრალოდ ვერ ვიყენებდი. მთელი სავარჯიშო კემპის განმავლობაში მარცხენა ხელის გარეშე ვიყავი. ფულს სწორედ მარცხენა ხელით ვაკეთებ და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „რატომ ახლა“? „რატომ მაინცდამაინც ახლა“? ბრძოლის ღამეს მარცხენა ხელი უბრალოდ არ მქონდა. დარტყმების განხორციელებისას საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ საკუთარ თავში ეჭვი არც ერთხელ შემიტანია.

მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი და გავაკეთებდი იმას, რისკენაც ამდენი ხნის განმავლობაში მივდიოდი და ჩემს გუნდს ვეუბნებოდი, რომ მოვიგებდი. არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი! ზოგჯერ ვნანობდი მეტოქეს მარცხენა ხელით რომ ვურტყამდი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო და არასდროს დანებდე.

„მახსოვს, იმ დღეს, ჩემ გვერდით ჩემი შვილები იდგნენ და გამარჯვების შემდეგ, მათ დაველაპარაკე: „მამათქვენი ჩემპიონია! ჩვენ ჩემპიონები ვართ! მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ მამამისი ჩემპიონი იყო და ამის გამო ძალიან ამაყი ვიყავი. ჩემს შვილებს ამას ვერავინ წაართმევდა და ეს გამარჯვება იდეალურად ასახავდა იმას, თუ როგორი მომავალი მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონოდათ. ტანჯვას, ურთულეს მდგომარეობაში ყოფნასა და ურთულეს დაბრკოლებებთან გამკლავებას შეჩვეული ვარ და ჩემს მთავარ მიზნამდე მაინც მივედი“!

რეიმ ტიტული ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ამის გამო დიდად გული არ დასწყვეტია... მან ხომ იმას მიაღწია, რისკენაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიდიოდა...

 

გაზიარება: