საქართველოს 6 მედალი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე
Aa
Aa

საქართველოს 6 მედალი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე

ბულგარეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე, დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. ფინალში მათ აღარ უჭიდავიათ. გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და დიმიტრი ჯიოევი (74 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბულგარული ტურნირი ხვალ დასრულდება და ქართველები ორი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ირაკლი ძიმისტარიშვილს (60 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილს (86 კგ). ფინალში ძიმისტარიშვილი ირანელ საიდს შეხვდება. ამინაშვილი - აზერბაიჯანელ აბაკაროვს. ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებენ ბრძოლას: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან - ზაურ ბერაძე, გოგა მამიაური(ორივე 86 კგ), იუზა ცერცვაძე (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (97 კგ), ბერძენ-რომაელთაგან - ლერი აბულაძე (67 კგ), დავით სოლოღაშვილი და ხვიჩა ანანიძე (ორივე 77 კგ). აბულაძე რეპეშაჟის ფინალშია.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები