ნაპოლი VS ბარსელონა - მატჩის წინ
Aa
Aa

ნაპოლი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში საინტერესო დაპირისპირებაა. განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, CrystalSport ყველა საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბარსელონა“

კატალონიური გრანდი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და ლა ლიგაში სიტუაცია გაიუმჯობესა. გასულ ტურში ჩავის გუნდი „ვალენსიას“ ესტუმრა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბლაუგრანა“ ოთხეულში დამკვიდრდა. შეიძლება ითქვას ბარსა ევროპის ლიგის მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ესპანეურ გრანდს „ნაპოლისთან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. ანსუ ფატი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, და დანი ალვეში მეთექვსმეტედფინალს გამოტოვებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ერიკ გარსიას თამაშიც.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„პენალტები თამაშის შემადგენელი ნაწილია. დღეს ყველაფერი კარგად გავაანალიზე. მყავს ფეხბურთელები, რომლებმაც შესანიშნავად იციან თერთმეტმეტრიანების შესრულება. რეალურად კი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გოლი არ გავუშვათ. გვსურს მატჩი 90 წუთში დასრულდეს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ.

ლა ლიგა და ევროპის ლიგა განსხვავებული ტურნირებია. „ვალენსიას“ დამარცხებამ უფრო მეტი სიმშვიდე მოიტანა, თუმცა ეს არაფერს ცვლის. კრიტიკაზე რეაქცია არასდროს მაქვს და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. დემბელეს დარჩენა გვინდა, ის გვჭირდება, მაგრამ საბოლოო სიტყვა ფეხბურთელმა უნდა თქვას.

ჩვენი იდენტურობა მოედანზე ჩანს. გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ახლა სწავლების პროცესში არიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში „ბარსელონას“ თამაში გაუმჯობესდა. ჩემი გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და „ნაპოლისთან“ მატჩისთვის სრულიად მზად ვართ.“

„ნაპოლი“

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სერია ა-ს ბოლო ტურში „მილანის“ და „ინტერის“ ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და სტუმრად „კალიარის“ ვერ მოუგო. მეტიც, „პარტენოპეი“ აგებდა და თამაშის გადარჩენა 87-ე წუთზე შეძლო. გოლის ავტორი ოსიმენი გახდა. 26 ტურის შემდეგ, „ნეაპოლელებს“ 54 ქულა აქვთ, მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ „მილანს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.

დანაკლისი:

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ სათამაშო ფორმიდან რამდენიმე შორს არის. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ინსინიეს, ლოზანოს, ლობოტკას და ტუანზებეს თამაში.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„ახლა ბრძოლა ჩვენი ვალდებულებაა. შესაძლოა იბრძოლო და წააგო, მაგრამ ვინც არ იბრძვის ის აუცილებლად აგებს. უნდა გავრისკოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი თამაში მოწინააღმდეგეს მოვახვიოთ. „ბარსელონა“ აუცილებლად გვაიძულებს, რომ ღრმა დაცვიდან ვითამაშოთ. ამას არ შევეგუებით. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის დამატებითი დრო მიუღებელი იქნება.

რთულ თამაშს ველოდები. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯარისკაცები ვიდეო თამაშიდან. ვიბრძოლოთ სივრცეებისთვის და თუ არ გამოგვივა დახვრეტით დავისჯებით. მხოლოდ იმაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რისი საშუალებითაც ამ ეტაპამდე მოვედით. „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია, მესის წასვლა არაფერს ნიშნავს. ჩავის გუნდი ახლაც ანგარიშგასაწევი ძალაა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „ნოუ კამპზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან თავი ზიელინსკიმ გამოიჩინა, კატალონიელთა მხრიდან კი ფერან ტორესმა. განმეორებითი მატჩი 24 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები