რუსეთის მაგივრად საქართველო! - ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ
Aa
Aa

რუსეთის მაგივრად საქართველო! - ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

საწყლოსნო სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) რუსეთის წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Total-waterpolo.com ავრცელებს.

თავდაპირველად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სანქციების ფონზე ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მსოფლიო პირველობაზე და ასევე სხვა ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ FINA-მ გადაწყვეტილება შეცვალა. უწყებაში ამბობენ, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ტურნირზე დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა რომელიმე წყალბურთელის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასაც დიდი რისკის ქვეშ დააყენებს.

დღეს გამოქვეყნებულ FINA-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის და ბელარუსის წყალბურთელთა ნაკრებები ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის გარდა, რუსეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ FINA-ს აცნობა, რომ ყველა რუსი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირებიდან წლის ბოლომდე გაწვეულები იქნებიან.

წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას და უკრაინელ სპორტსმენებს სხვადასხვა ტურნირებზე მომზადების პროცესში დახმარება აღუთქვა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ისაა, რომ რუსეთის ნაკრების მაგივრად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მიიღებს.  FINA-ს წესებით, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებული გუნდი რაიმე მიზეზით ტურნირზე მონაწილეობას ვერ შეძლებს, მის მაგივრად გათამაშებაში ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით საუკეთესო არაკვალიფიცირებული გუნდი ჩაჯდება. ევროპირველობაზე რუსებმა მე-8 ადგილი დაიკავეს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კი მე-10 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება ბელარუსს, მის მაგივრად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას გერმანიის წყალბურთელთა ნაკრები მიიღებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა |  მატჩისწინა კომენტარები
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა | მატჩისწინა კომენტარები