ჭიდაობა | 6 მედალი და  გუნდური მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
Aa
Aa

ჭიდაობა | 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით 98 ქულა დააგროვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს სულ 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 6-მა მათგანმა კი ტურნირი მედლით დაასრულა. მათ შორის: 

ჩემპიონი - ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)

ვერცხლი - გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

ბრინჯაო - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ)

ბრინჯაო - გიორგი სულავა (74 კგ)

ბრინჯაო - ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)

ბრინჯაო - მირიან მაისურაძე (92 კგ).

ჩემპიონატის კულმინაცია მძიმეწონოსნების - ქართველი გენო პეტრიაშვილისა და მისი უმთავრესი მეტოქის, თურქი ტაჰა აკგულის ფინალური დაპირისპირება გამოდგა.

ევროპის ჩემპიონატებზე ქართველისა და თურქის გზები დღემდე ხუთჯერ გადაიკვეთა,  პირველად - 2016 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში, რომელიც გენოს გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო წელს აკგულმა ქართველთან მეოთხედფინალში აიღო რევანში. პეტრიაშვილმა თურქ ფალავანთან შეხვედრები დათმო 2018 და 2019 წლის ფინალებშიც. მათი გზები შარშან მერვედფინალშიც გადაიკვეთა, რომელიც ასევე ქართველის წაგებით დასრულდა.

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატების ორგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ვერც ამჯერად მიაღწია წარმატებას. აკგულმა შეხვედრა 5-2 მოიგო და ევროპის ჩემპიონატების მერვე ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს, 31 მარტს,  სტამბოლის ავიარეისით ჩამოფრინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები