განაცხადს მიღმა - რატომ ვერ მიდის ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

განაცხადს მიღმა - რატომ ვერ მიდის ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ქალთა გუნდის მწვრთნელმა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა. ინფორმაცია „კრისტალსპორტის“ გუნდს თავად ანასტასიამ ამცნო.

25 წლის ძალოსანს უკრაინაში ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მან გუნდთან ერთად შეკრება ვერ გაიარა და ვერც დოპინგ-კონტროლი ჩააბარა.

ანასტასია გოტფრიდმა გვითხრა, რომ უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოვა, სადაც დოპინგ-ტესტის გასავლელად საკმარისი დრო ექნება. ამასთან, უკრაინელი ძალოსანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„კვლავ უკრაინაში ვიმყოფები, მაგრამ უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზე. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას არ უნდა ჩემი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანა, რადგან ომის გამო შეკრებაზე ჩამოსვლა ვერ შევძელი. ქართველი ხალხის და საზოგადოების დახმარება მჭირდება. ტურნირამდე კიდევ 50 დღეა. ფედერაცია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ დოპინგ-კონტროლი ვერ გავიარე, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის ორგანიზება და მეც შემიძლია ისეთ ადგილზე მისვლა, სადაც იქნებიან დოპინგის ოფიცრები. 1 კვირაში თბილისში ვიქნები და მანდაც მექნება საკმარისი დრო დოპინგ-კონტროლის გასავლელად და შესაბამისი რეზულტატის მისაღებად, ბოლო ვადა აპრილის ბოლოსკენაა“, - ამბობს ანასტასია გოტფრიდი.

„კრისტალსპორტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, კახი კახიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მწვრთნელების გადაწყვეტილება ასე განმარტა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინელ ძალოსანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის:

„გუნდის ჩამოყალიბება არის მწვრთნელის პრეროგატივა, რომელიც არის ვალდებული და პასუხისმგებელი. ეს ითვალისწინებს ყველა ვითარებას, მათ შორის დოპინგ-ტესტების ჩაბარებას, სისუფთავეს და ა. შ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, ამაზეა აწყობილი მთელი ფედერაცია. ჩვენი შედეგებიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ დისციპლინა არის უმაღლეს დონეზე. სწორედ ეს არის პრობლემა, გუნდის არცერთ წევრს არ უნდა დისციპლინის დარღვევა. ამ საკითხზე კიდევ მიდის მსჯელობა და უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილებასაც გამოვაცხადებთ. დოპინგ-თემები ჩვენთვის არის ძალიან საფრთხილო. ახლა რომ ჩააბაროს, შეიძლება სუფთა იყოს, მაგრამ 1-2 თვის შემდეგ განმეორებით ტესტებზე შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს, რაც ჩვენი გუნდისთვის კატასტროფა იქნება“, - განაცხადა კახი კახიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გოტფრიდი საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს. 25 წლის ძალოსანი ჩვენი ქვეყნის სახელით 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2016 და 2018 წლებში კი ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარსდგება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარსდგება