Aa
Aa

"ანასტასია გოტრფიდი რეგულარულ დოპინგ კონტროლზე უნდა იყოს" - ძალოსნობის ფედერაციის განცხადება

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ალბანეთში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

Crystalsport.ge ცოტა ხნის წერდა, რომ საქართველოს დელეგაციის სიაში უკრაინელი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ვერ ხვდებოდა.

დღეს კი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ანასტასია გოტფრიდთან დაკავშირებით ვეხმაურებით ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს. თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ გოტფრიდი არის საქართველოს მოქალაქე, მას აქვს საქართველოს პასპორტი, მისი გამარჯვების შემთხვევაში აღიმართება საქართველოს დროშა და ჟღერდება საქართველოს ჰიმნი. გოტფრიდი სიუჟეტში მოხსენიებულია უკრაინელ სპორტსმენად და ისეა გადმოცემული, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომში მყოფ უკრაინელ სპორტსმენს და საომარ მოქმედებებში ჩართულ მის მეუღლეს ფედერაცია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს და მათ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

ჩვენი ფედერაცია ყოველთვის ღიად გამოხატავდა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას როგორც პირად საუბრებში უკრაინელ კოლეგებთან, ისე ტელეეთერებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის ძალოსნობის ფედერაციასთან და მათ მხარში ვუდგავართ ისე, როგორც თავად გვთხოვენ. არაერთხელ დავგმეთ რუსული აგრესია, თუმცა ანასტასია გოტფრიდთან დაკავშირებით ტელეეთერით ყველაფერი სხვაგვარად წარმოჩინდა. ანასტასია გოტრფიდი, ისევე როგორც სხვა ძალოსნები, უნდა იყვნენ რეგულარულ დოპინგ კონტროლზე. წელს საქართველოს ნაკრების წევრებმა უკვე 30-მდე დოპინგ ტესტი ჩააბარეს, რომელთა შორის ზოგი დაგეგმილი იყო, მეტი წილი კი მოულოდნელი. გასაგები მიზეზების გამო უკრაინაში ეს ტესტები ვერ ჩატარდებოდა და იმის ახსნა, თუ რატომ არის საჭირო ტესტი დაგეგმილი, თუ მოულოდნელობის ეფექტით, შორს წაგვიყვანს. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში მიდის ბრძოლა დოპინგის წინააღმდეგ, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის ძალოსნობა და საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი დოპინგ სკანდალი შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

საფრთხის ქვეშ შესაძლოა მთელი ფედერაცია და მისი ყველა წევრი სპორტსმენი აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია და ეროვნული ფედერაციაც ძალიან კრიზისულ მდგომარეობაშია. დგას ძალოსნობის, როგორც ოლიმპიური სახეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენი ფედერაცია კი 2012-13 წლების შემთხვევათა სიმრავლის გამო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. ასე რომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ანასტასია ხშირად იმეორებს, რომ დოპინგის ჩასაბარებლად დრო კიდევ აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი დრო. ერთი ან ორი ტესტი საკმარისი რომ იყოს, მაშინ ნაკრების წევრებს 30-მდე ტესტი არ ექნებოდათ ჩაბარებული.

ტესტირება უნდა იყოს ტაქტიკურად გათვლილი და ხშირად მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს. ანასტასიას კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი დოპინგ-ტესტი არ გაუვლია. სიუჟეტში ანასტასიას მხრიდან რამდენიმე ცრუ ბრალდება გაისმა, მათ შორის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ნაკრებში რომ უნდა ჩამოსულიყო დეკემბრიდან იყო ინფორმირებული და მოთხოვნილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ჩამოსვლა 17 თებერვლამდე გადადო და საქართველოს ნაცვლად კონფლიქტის ზონაში, დონეცკის ოლქში წავიდა და ანტიდოპინგურ განაცხადშიც ადგილი შეცდომით მიუთითა, რაც დაუშვებელია. მოგვიანებით თარიღი 10 მარტამდე გადადო. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ომიც დაიწყო და გოტფრიდის უკრაინიდან გამოყვანაში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო და საქართველოს საელჩო უკრაინაში. მას ბევრჯერ დაუკავშირდნენ და შვილთან ერთად გამოყვანა შესთავაზეს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს და საბოლოოდ ზარებსაც აღარ პასუხობდა. კიდევ ერთი ცრუ ბრალდება უკავშირდება იმას, რომ არ შეიყვანეს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში. ის, რომ ანასტასია განაცხადში თავიდანვე შეყვანილი იყო, ვადასტურებთ ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადით. ეს განაცხადი კეთდება ორი თვით ადრე. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია და ეთიკის კომიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. მას შემდეგ, რაც სრული მოკვლევა დასრულდება ფედერაცია განცხადებასაც გააკეთებს.” - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გოტფრიდი საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს. 25 წლის ძალოსანი ჩვენი ქვეყნის სახელით 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2016 და 2018 წლებში კი ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო