რაგბი, ნიკა ამაშუკელი, უელსის მორაგბეთა ნაკრები, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

დიდი აღიარება: ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკა v უელსს იმსაჯებს

საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს.

ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი ტიერ1-ის გუნდების სრულფასოვან ტესტს იმსაჯებს. ამაშუკელი ზაფხულის ტესტებზე სამხრეთ აფრიკაში დარჩება და 16 ივლისს, კეიპტაუნში, „ბოკესა“ და უელსის მესამე მატჩში გვერდითი მსაჯი იქნება.

27 წლის მსაჯმა პრეტორიამდე ურთულესი გზის ნაწილი გაიარა, ნაწილს კი ახლა გადის. მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში, მას ხუთი მაღალი დონის თამაშის გაძღოლა ანდეს. ნიკა სამჯერ ჩავიდა საფრანგეთში და ჯერ ტოპ 14-ის ლიდერების, „ბორდოსა“ და „ლა როშელის“ თამაში იმსაჯა, მერე კი ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში: კლერმონი – ლესთერი და რასინგ 92 – სტად ფრანსე.

ას ამბობს ამაშუკელი ახალ გამოცდილებაზე:

„არანორმალურ რეჟიმში ვარ. ზედიზედ სამი კვირაა საფრანგეთში დავდივარ, ახლა კი ორი კვირით სამხრეთ აფრიკაში მივდივარ. მთელი თვე უმაღლესი დონის თამაშებს ვმსაჯობ, რაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა შრომა მიფასდება და რადგან ყოველი თამაშის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს ვიღებ, ლოგიკურად უფრო მაღალი დონის დანიშვნები მოდის. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე დიდ 10-ს ვაკლდები“.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე, ის სამხრეთ აფრიკაში ორი კვირით ჩავა და გაერთიანებულ რაგბი ჩემპიონატში 23 აპრილს ადგილობრივი „შარქსისა“ და ირლანდიური „ლენსთერის“, 29 აპრილს კი „ბულსისა“ და შოტლანდიური „გლაზგო ვორიორზის“ თამაშს იმსაჯებს. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი ზაფხულში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის ტესტ-მატჩზე დანიშვნაა:

„ეს არის ტიერ 1-ის ქვეყნების სრულფასოვანი ტესტი, რომელსაც მე ვიმსაჯებ და ყველამ იცის, რომ ეს თამაში ყოველმხრივ გამორჩეულია რაგბის სამყაროში. არც კი ვიცი მეტი რა შეიძლება რაგბიზე შეყვარებულმა კაცმა ინატროს. ახლა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში გარდამტეხი, განსაკუთრებული პერიოდია და მას მოუმზადებელი ვერ დახვდები. წნეხი კოლოსალურად დიდია, წარმოუდგენელი სირთულეების გადალახვა მიწევს და უწინარესად, ფსიქოლოგიურად უნდა ვიყო კარგად და მერე სხვა დანარჩენ კომპონენტებში. რაგბისთვის ფაქტობრივად ცხოვრება მაქვს გადადებული, რათა ჩემს საქმიანობაში არანაირი ხარვეზი არ იყოს და ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა და თავგანწირვა ასეთი დონის თამაშებზე დანიშვნით მიფასდება“.

არის ერთი ადამიანი, რომლის გარეშე ნიკას ასეთი წინსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ირლანდიელი დევიდ მაკქიუა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯთა მენეჯერი და რამდენიმე ქართველი მსაჯის, მათ შორის ამაშუკელის პირადი მწვრთნელია. შეგირდისა და მასწავლებლის ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრობაში გადაიზარდა და ქართველ რეფერის მისი ღვაწლის დაფასება არასდროს ავიწყდება:

„მაკქიუმ ამ პერიოდში საოცარი სამუშაო გაწია. ის ჰაერივით სჭირდება ქართულ რაგბის და მადლობა რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებით წლების წინ დაწყებული ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. მსაჯის შრომაში მოედანს მიღმა უდიდესი შრომაა ჩაქსოვილი და რაც ჩვენს, ქართველი მსაჯების თავს ხდება, სწორედ მაკქიუს დამსახურებაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ფასდაუდებელი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სხვა ქართველი მსაჯებიც გამოჩნდებიან ამ დონეზე, საბოლოოდ კი დაინგრევა სტერეოტიპი, რომ რაგბი მხოლოდ ელიტურ სარაგბო ქვეყნებში ესმით“.

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესო
„მათთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესო" - ბორჯღალოსნები უელსს შეხვდებიან