ლენოვო ტენერიფე ფინალშია - შერმადინის 14 ქულა და 100-პროცენტიანი შედეგი
გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნახევარფინალური შეხვედრა „ჰაპოელ ჰოლონის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 78:71 სძლია.
„ლენოვო ტენერიფე“ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედი ცუდად დაიწყო. ესპანელებმა მოწინააღმდეგეს წინ გასვლის საშუალება მისცეს და „ჰაპოელ ჰოლონი“ 1 ქულით დაწინაურდა - 69:68. ამ გადამწყვეტ მომენტში, „ლენოვო ტენერიფეს“ ლიდერობა შერმადინმა დაუბრუნა, რომელმაც მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც ჩუს ვიდორეტას გუნდს შეცდომები აღარ დაუშვია.
¡¡ A la final !!
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) May 6, 2022
Tercera final europea en cinco años ‼️ Meritazo ‼️
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/QRsQ59WGIa
შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი და 19 წამი გაატარა და გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „შერმინატორმა“ პარკეტიდან 100-პროცენტიანი შედეგით შეუტია და 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. გიომ 5-დან 2 საჯარიმოც გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო. „ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასმა ჩააგდო, რომელიც 17 ქულით გამოირჩა.
ფინალურ შეხვედრაში „ლენოვო ტენერიფეს“ მეტოქე დღეს გაირკვევა. თბილისის დროით, 23:00-ზე, „ლუდვიგსბურგი“ „მანრესას“ დაუპირისპირდა და ბუკმეიკერთა აზრით, ფავორიტი ესპანური გუნდია.