შავი ლომი
Aa
Aa

„შავმა ლომმა ისტორია დაწერა“ - ლევან მაისაშვილი

რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში პორტუგალიური „ლუზიტანუშის“ 17:14 დამარცხების და პირველი თასის მოგების შემდეგ, „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ქართული ფრენჩაიზის და ამ წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რას ამბობს მაისაშვილი:

„პირველი ქართული ფრენჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში შეიქმნა. ამ მიმართულებით რაგბის კავშირმა და უშუალოდ ბაჩო ხურციძემ დიდი სამუშაო ჩაატარა. მან უმოკლეს პერიოდში მოახერხა ამ პროექტის განხორციელება, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. „შავი ლომის“ მიზანია, რომ ეროვნული ნაკრების ვერტიკალზე გაიზარდოს იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. ასევე, საქართველოში მყოფი მორაგბეებისთვის მაქსიმალურად პროფესიონალური გარემოს შექმნა. ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა და პირველი ტიტულის მოგებით ისტორია დაიწერა. რაგბის კავშირმა, სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს, რათა დასახული მიზნისთვის მიგვეღწია და ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვეპოვებინა“.

„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ფინალურ შეხვედრას აფასებს:

„ეს უკვე მე-10 ფინალია, რომელიც კაცთა ჩემპიონატებში მოვიგე. ეს გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფინალი სპეციფიკით სხვა თამაშებისგან ყოველთვის განსხვავებულია და მისი მოგება მარტივი არასდროსაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ კომპონენტებში გვქონდა უპირატესობა, არ იყო მარტივი თამაში. მოწინააღმდეგეს ჩვენზე არანაკლებ სურდა მოგება. მას ჰქონდა თამაშის თავისებური ხელწერა. ჩვენ დავუპირისპირეთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა. დაძაბულობა თავისთავად საინტერესოს ხდის თამაშს, შესაძლოა, სანახაობა არ გამოვიდეს, თუმცა ეს ახასიათებს ფინალს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შედეგი და არა სანახაობრივი მხარე, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ და ფაქტია, ამან შედეგი მოიტანა“.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, „შავი ლომი“ რამდენიმე დღე დაისვენებს და 13 მაისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ივნისის ბოლომდე ქარის თასის შეხვედრები ელოდება.

„პორტუგალიაში ტურისტული სეზონია და მიუხედავად იმისა, რომ მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ, მგზავრობის კუთხით პრობლემები შეგვექმნა. პორტუგალიაში გადაჯდომებით, სამ ჯგუფად ჩავედით. გზაში დიდი დრო გავატარეთ, რის გამოც რეაბილიტაცია სრულად ვერ გავიარეთ და ეს გვეტყობოდა. შინაც სამ ჯგუფად ვბრუნდებით. თბილისში ბიჭებს დასასვენებლად სულ 3 დღე ექნებათ და სამხრეთ აფრიკაში მივემგზავრებით. რთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ყველას კარგად გვაქვს გააზრებული რას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუღალავი შრომა საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი მთავარი სამიზნე ივლისის ტესტებია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ლელო ჩელენჯ ქაფზე - ნინიაშვილმა ლიონი 1/2-ფინალში გაიყვანა
ორი ლელო ჩელენჯ ქაფზე - ნინიაშვილმა ლიონი 1/2-ფინალში გაიყვანა