კარიერის საუკეთესო შედეგი - გორგოძე WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო შედეგი - გორგოძე WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში WTA რეიტინგის 268-ე ნომერს, პოლონელ მაია ხვალინსკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხდა.

ყოველ ორშაბათს, WTA გულშემატკივრებს განახლებულ რეიტინგს სთავაზობს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე გახდა. ცნობილი გახდა, რომ გორგოძე ოფიციალურ რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველ ჩოგბურთელს, ამ მომენტისთვის 602 ქულა დაუგროვდა და 111-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. დღევანდელ დღემდე, ეკოს საუკეთესო შედეგი 115-ე ადგილი იყო.

შეგახსენებთ, რომ პრაღის ტურნირზე გორგოძემ ფინალამდე 1/16-ფინალში ლუისა მეიერი ორ სეტში დაამარცხა (6:1, 6:4), 1/8-ფინალში კეიტი მაკნელის ბარიერი დაძლია (6:0, 6:4), მეოთხედფინალში ავსტრალიელ ლიზეტ კაბრერას აჯობა (6:2, 6:2), ნახევარფინალში კი  მექსიკელ ფერნანდა კონტრერას-გომესს (6:4, 6:3) მოუგო. აღსანიშნავია, რომ ეკოს ფინალამდე არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები