ბოსტონ სელტიკსი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

ბოსტონმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა - ჰორფორდისა და ტეიტუმის გმირობა მეოთხე მეოთხედში

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში, რომელშიც ერთმანეთს „მილუოკი“ და „ბოსტონი“ უპირისპირდებიან, ვითარება დაიძაბა. „სელტიქსმა“ საშინაო კედლების უპირატესობის დაბრუნება მოახერხა, სერიაში ანგარიში 2:2 გახადა და გამთენიისას, „ბაქსს“ სტუმრად 116:108 სძლია.

მატჩის საწყისი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტი თორმეტწუთეული კი „ბოსტონმა“ შესანიშნავად ჩაატარა. ბოლო პერიოდში „კელტების“ ლიდერებმა, ალ ჰორფორდმა და ჯეისონ ტეიტუმმა ჯამში ზუსტად იმდენი ქულა ჩააგდეს, რამდენიც „მილუოკიმ“ – 28:28, „სელტიქსმა“ კი დასკვნითი პერიოდი 15 ქულით მოიგო - 43:28.

„ბოსტონს“ 30-30 ქულით სწორედ ტეიტუმისა და ჰორფორდის დუეტმა ულიდერა. მარკუს სმარტს 18 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ჯეილენ ბრაუნმა კი 18 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა. „მილუოკის“ მხრიდან 34 ქულით, 18 მოხსნითა და 5 ასისტით იანის ანტეტოკოუნმპო გამოირჩა. ბრუკ ლოპესს 17 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ჯრუ ჰოლიდეის - 16 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა.

ცნობისთვის, „ბოსტონისა“ და „მილუოკის“ სერიის მე-5 შეხვედრა 12 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 03:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"შესაძლოა ნოიერის შემცვლელი გვყავდეს" - ქომაგები მამარდაშვილზე წერენ