მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ედენ აზარი
Aa
Aa

ანჩელოტიმ დაადასტურა - აზარი რეალში რჩება

არ წყდება საუბრები ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით. ბელგიელ შემტევს, სეზონის დასრულების შემდეგ, „რეალიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ანჩელოტი მას სათამაშო წუთებს თითქმის არ აძლევს.

მიუხედავად ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა ჭორებს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ედენი „ბლანკოსში“ ითამაშებს.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„მის მომავალზე ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ მისი გეგმა საკმაოდ მკაფიოა. აზარი რჩება და ამას დიდი მოტივაციით აკეთებს. ბოლო წლებში ის საუკეთესო ფორმისგან შორს არის და თავისი კლასის დამტკიცება კიდევ ერთხელ სურს.

წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა დავუპირისპირდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ უფრო ღიად ჩემი ფეხბურთელების მომავალზე საუბარს, მათ შორის მარსელოზეც“

აზარის მდგომარეობა

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ითამაშა. ბელგიელმა ვარსკვლავმა მარტის მიწურულს ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო 5 კვირა გამოტოვა. „ბლანკოსის“ „შვიდიანს“ ქირურგიული ჩარევა 1 წლის განმავლობაში უნდოდა და საბოლოო გადაწყვეტილება 25 მარტს მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ედენმა სარეაბილიტაციო კურსი დაამთავრა, ტრავმა სრულიად მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ესპანური გამოცემების მიხედვით, აზარი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 100%-ით მზად იქნება. მეტიც, შესაძლოა მან ლა ლიგის დარჩენილ ტურებში რამდენიმე წუთი ითამაშოს.

ასევე გეტყვით, მადრიდის „რეალში“ გადასვლიდან დღემდე ედენ აზარმა სხვადასხვა ტრავმების გამო 493 დღე იუქმა და 74 მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები