ბარსელონა, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?

2019 წელს ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ დიდი იმედებით გადავიდა. 75-მილიონიანი ფეხბურთელის გაყიდვას ახლა კლუბი 60 მილიონად ცდილობს. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 2015 წლის 30 დეკემბერს „ნოუ კამპთან“ სურათი გადაიღო. ის ბარსაში თამაშზე ოცნებობდა..

„ნოუ კამპზე გულშემატკივრების სტატუსით წავედით და საყვარელი გუნდის თამაში ვნახეთ“

- დაწერა დე იონგის შეყვარებულმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ, რაც ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველს ოცნება აუხდა, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა სახარბიელო არ არის. დე იონგის ზღაპარში ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობს. ოცნება ნელ-ნელა დაიმსხვრა. ესპანელმა ჟურნალისტმა ხერარდ რომერომ განაცხადა, რომ ფრენკი ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა.

დე იონგის აბარგებაზე გუნდში ბევრი ხუმრობდა, მაგრამ, როგორც GOAL-მა გააანალიზა ახლა ყველაფერი სერიოზულად არის. ფეხბურთელი, რომელიც „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვის ტვინი უნდა ყოფილიყო, კლუბის დატოვებასთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს..

რატომ ხდება ეს ყველაფერი? ბარსა ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ არის..

დე იონგის გადმოსვლამდე ბარსამ ლა ლიგის ბოლო 5 გათამაშებიდან 4 მოიგო, ხოლო ამის შემდეგ სამიდან ვერცერთი.. „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვა, ხოლო ერთადერთი ტიტული, რომელიც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მოიგო კოპა დელ რეია(2021 წელს).

რა თქმა უნდა, გუნდის ასეთი მაჩვენებელი ერთი ფეხბურთელის ბრალი არ არის, მაგრამ ფაქტი ერთია - 75 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვის და თავი ვერ დაიმკვიდრა. დე იონგის კატალონიური კარიერის განმავლობაში გუნდმა ერნესტო ვალვერდე, კიკე სეტიენი და რონალდ კუმანი გაათავისუფლა.

მრავალფეროვნება და მოქნილობა ფეხბურთელის კარგი თვისებებია, მაგრამ ფრენკი „აიაქსში“ სუფთა საყრდენის პოზიციაზე თამაშობდა, „ბარსელონაში“ კი ხან ჩავის, ხან ინიესტას როლი შეუთავსეს. ამ დავალებას კი თავი ვერ გაართვა. რეალურად, მისი ტრანსფერის დროს ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბუსკეტსს თავისუფლად ჩაანაცვლებდა, მაგრამ ვეტერანი ნახევარმცველი ჯერჯერობით ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს.

ეს არის პოზიცია, რომელსაც 25 წლის ნახევარმცველი ვერ მოერგო. ხშირად მას ბურთის დიდხანს დაყოვნებაში და ბევრჯერ შეხებაში ადანაშაულებენ. ფრენკის ასევე სათამაშო ტემპსაც უწუნებენ. მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, დე იონგით, როგორც უკვე მოგახსენეთ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. რადარზე „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ არიან.

„ბარსელონას“ ფული სჭირდება. დიდი ალბათობით სხვა შემთხვევაში დე იონგს არ შეელეოდა. ნიდერლანდელის გასხვისების კიდევ ერთი მიზეზი კონკურენცია გახლავთ. მის პოზიციაზე პედრი და გავი მოიაზრებიან. პედრი ხელშეუხებელია და ფრენკი ძირითადად სასტარტო თერთმეტეულისთვის გავის ებრძვის. აღარაფერს ვიტყვით ბუსკეტსზე, რომელიც ბარსას სული და გულია.

როგორც ცნობილია, ჩავი ერნანდესს თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი სურს და დე იონგის გაყიდვის წინააღმდეგია. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ სერხიო ბუსკეტსს შემცვლელი სჭირდება.

როგორც ჩანს, „აიაქსის“ ყოფილ ფეხბურთელში გადახდილი თანხა თავად ფეხბურთელისთვის დიდი ზეწოლა აღმოჩნდა. დე იონგი ჯერ კიდევ სწავლების პროცესშია და ეს მის ასაკში ნამდვილად შეუფერებელია.

ბოლო პერიოდში ჩავი მას ხშირად ცვლის და მისით იმედგაცრუებულია. ლეგენდარული ყოფილი ნახევარმცველის დანიშვნის დღიდან, ფრენკიმ 33 მატჩიდან მინდორზე 90 წუთი მხოლოდ 13-ჯერ გაატარა. სხვა შემთხვევაში მას გამუდმებით ცვლიდნენ.

„აშკარაა, რომ შეცვლამ მას იმედი გაუცრუა, მაგრამ პირველ რიგში მე გუნდს უნდა მივხედო. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და „ბარსელონაში“ ეპოქა უნდა შექმნას. მას შეუძლია მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.“

- განაცხადა ჩავიმ

ეს არის მწვრთნელი, რომელიც დე იონგს აქებს და პარალელურად ამბობს, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ არ მიიღებს. დე იონგმა 90 წუთი მინდორზე მხოლოდ პედრის ტრავმის და სხვა ფეხბურთელების არყოფნის გამო გაატარა. „ბარსელონა“ კი სეზონის მიწურულს დაეცა. ევროპის ლიგას გამოეთიშა, ხოლო ლა ლიგისთვის ბრძოლა დათმო.

ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ხეტაფესთან“ მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია. ბოლო ტურში ბარსა „ვილიარეალს“ უმასპინძლებს და შესაძლოა დე იოგნმა „ბლაუგრანას“ მაისური ბოლოჯერ სწორედ „წყალქვეშა ნავის“ წინააღმდეგ მოირგოს. რამდენიმე დღის წინ მას 25 წელი შეუსრულდა და ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოცნების გუნდში გადასვლის შემდეგ, ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.

რა თქმა უნდა, ეს დასასრული არ არის და ბევრი ამტკიცებს, რომ მას ბარსაში კიდევ 1 სეზონი ეკუთვნის, რათა ჩავის ფორმაციაში ადგილი დაიმკვიდროს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს, თუმცა კლუბის ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

დე იონგი „ბარსელონაში“

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრენკიმ ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 139-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები