იუვენტუსი, პაულო დიბალა
Aa
Aa

„რთულია სწორი სიტყვების პოვნა..“ - დიბალა „იუვეს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა

ტურნირის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი, პაულო დიბალა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეციალური განცხადებით დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მისი ტურინული კარიერის პერიოდში გამოვლენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს დიბალა:

რთულია გამოსამშვიდობებლად სწორი სიტყვების პოვნა. ამდენი წელი და ამდენი ემოცია... მეგონა, რომ კიდევ მრავალი წელი ვიქნებოდით ერთად, მაგრამ ბედს სხვადასხვა გზაზე მივყავართ.

არასდროს დამავიწყდება ის ყველაფერი, რაც თქვენი დამსახურებით განვიცადე, არ დამავიწყდება არც ერთი თამაში და არც ერთი გოლი. თქვენთან ერთად ვიზრდებოდი, ვსწავლობდი, ვცხოვრობდი და ვოცნებობდი. ეს იყო ჯადოსნური 7 წელი. 12 ტიტული და 115 გოლი, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. ვერასდროს.

მადლობა, რომ რთულ დროს ყოველთვის მხარში მედექით. მადლობა მათ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო: პირველიდან ბოლო წლამდე, გულშემატკივრებიდან კლუბში მომუშავე ადამიანებამდე, მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, თანამშრომლებსა და მენეჯერებს.

ამ მაისურის და კაპიტნის სამკლავურის ტარება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტია. იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვაჩვენო.

ხვალ ამ მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იქნება. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება.

მარტივი არ იქნება, მაგრამ მოედნიდან გაღიმებული და თავაწეული გავალ იმაზე ფიქრით და ცოდნით, რომ თქვენთვის ყველაფერი გავეცი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება, აღნიშნული დაპირისპირება კი დიბალასთვის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ბოლო იქნება.

არგენტინელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ 2015 წელს შეუერთდა და კლუბთან ერთად 12 ტიტული მოიგო - 5-ჯერ იტალიის სერია A, 4-ჯერ იტალიის თასი, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი. პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 291 მატჩი ჩაატარა, სადაც 115 გოლი გაიტანა და 48 გადაცემა შეასრულა.

28 წლის ფეხბურთელის მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ინტერს“. მილანელებმა არგენტინელს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს და დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან დიბალას „ნერაძურის“ შემადგენლობაში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანი:
კანი: "ლევანდოვსკი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს"