''გადაწყვეტილებების მიღებაში შესანიშნავია'' - სპალეტი ხვიჩაზე
''ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ეს იტალიელის პირველი კომენტარია ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
სპალეტი ''ნაპოლის'' ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა.
''ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. ის ერთ-ერთია, ვისაც რთულ ვითარებებში გამოსავლის პოვნა შეუძლია. გადაწყვეტილებების მიღებაში შესანიშნავია, რაც მასში მწვრთნელებს მოსწონთ. კვარაცხელია სწრაფია, ტექნიკურია, შეუძლია გოლების გატანა, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სერია ა-ში თავი კარგად წარმოაჩინოს''.
შეგახსენებთ, ''ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
მასალაში გამოყენებულია ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო