აინტრახტი VS რეინჯერსი - მატჩის წინ
Aa
Aa

აინტრახტი VS რეინჯერსი - მატჩის წინ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანკფურტის „აინტრახტი“ და გლაზგოს „რეინჯერსი“ დაუპირისპირდებიან. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო დეტალს და ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეინჯერსი“

„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონშიფში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ „სელტიკს“ 4 ქულით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, გლაზგოელებს მაინც ნაყოფიერი სეზონი აქვთ, რადგან ევროპის ლიგის ფინალში გააღწიეს.

ცნობისთვის, „რეინჯერსი“ ერთადერთი შოტლანდიური კლუბია, რომელიც ევრო ასპარეზზე ფინალში გავიდა.

1961 და 1967 წელს შოტლანდიური გუნდი უეფა-ს თასის ფინალში დამარცხდა. 1972 წელს „რეინჯერსი“ უეფა-ს სუპერ თასის ფინალში გავიდა, რადგან გასულ სეზონში თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა, თუმცა სუპერ თასი ვერ მოიგო. გლაზგოელები 2008 წელს უეფა-ს თასის ფინალში გავიდნენ, თუმცა „ზენიტთან“ წააგო.

„რეინჯერსმა“ მიმდინარე წლის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ცუდად დაიწყო. ორი ტურის შემდეგ მათ ნული ქულა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ გააქტიურდნენ და ახლა ფინალში არიან. მეთექვსმეტედ ფინალში „რეინჯერსმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა, მერვედფინალში „ცრვენა ზვეზდა“, მეოთხედფინალში „ბრაგა“, ხოლო ნახევარფინალში „ლაიპციგს“ მოუგო.

რა თქვა ვან ბრონჰორსტმა მატჩის წინ?

„ცხადია, მსგავს თამაშებს გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ ითამაშებს. შანსები თანაბარია. შესანიშნავი განწყობა გვაქვს, რადგან ევროპის ლიგის ფინალში გვიწევს თამაში.

„დორტმუნდთან“ და „ლაიპციგთან“ დიდი გამოცდილება მივიღეთ. „აინტრახტი“ მსგავს ფეხბურთს თამაშობს და ჩემს ფეხბურთელებს ადაპტაცია არ გაუჭირდებათ. ჩვენმა მოწინააღმდეგემ „ბარსელონა“ და „ვესტ ჰემი“ გამოაგდო. ეს დასაფასებელია.

ფინალში ისე ვერ ვითამაშებთ, როგორც ეს „ლაიპციგთან“ სტუმრად გავაკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავისჯებით. სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ და მეტოქეს ჩვენი ტაქტიკა მოვახვიოთ. ჩვენი გულშემატკივრები უდიდეს როლს ითამაშებენ.“

„აინტრახტი“

„აინტრახტმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მაღალ მიზნებზე ბრძოლა დიდი ხნის წინ დაასრულა. აშკარაა, რომ ფრანკფურტელებმა აქცენტი ევროპის ლიგაზე გააკეთეს, რაც საბოლოო ჯამში გამართლებული აღმოჩნდა. გლასნერის გუნდმა ბუნდესლიგა მერვე ადგილზე დაასრულა.

ცნობისთვის, „აინტრახტი“ ევრო ასპარეზზე ფინალში მესამედ გავიდა. პირველად ეს 1960 წელს მოხდა, სადაც გერმანული კლუბი ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. 1980 წელს კი უეფას თასი „გლადბახს“ მოუგო.

„აინტრახტმა“ ჯგუფური ეტაპი სტაბილურად ჩაატარა. 3 მოგება და 3 ფრე - 12 ქულა, პირველი ადგილი. გლასნერის გუნდმა მერვედფინალში „ბეტისს“ მოუგო, მეოთხედფინალში „ბარსელონას“, ხოლო ნახევარფინალში“ „ვესტ ჰემს“.

რა თქვა გლასნერმა მატჩის წინ?

„არ შემიძლია გესაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებს „რეინჯერსი“ ფინალის წინ. შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორ ვითამაშებთ, რას მოვამზადებთ და როგორ მოვახდენთ ამის მოედანზე რეალიზებას. მინდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარეების ხარჯზე მოვიგოთ და არა მეტოქის სისუსტეებზე.

ჩვენ ევროთასის ფინალში ვართ, ეს წარმოუდგენელია. ხალხს ეს ღიმილს გვრის, აბედნიერებს და ამხიარულებს. ეს სენტიმენტები მოედანზეც გადადის და გულშემატკივრები ფეხბურთელებს ძალიან ეხმარებიან. ეს თამაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესპანეთიდან თასით დავბრუნდეთ და ჩვენი გულშემატკივრების გარემოცვაში ჩემპიონობა ორი ღამის განმავლობაში ვიზეიმოთ“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი 18 მაისით თარიღდება და ესპანეთში „სევილიას“ რამოს სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები