არეულობა ქსკ სოხუმის დინამოში - გუნდი მწვრთნელებმა და 8 ფეხბურთელმა დატოვა
Aa
Aa

არეულობა ქსკ სოხუმის დინამოში - გუნდი მწვრთნელებმა და 8 ფეხბურთელმა დატოვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის „დინამო“ გასულ სეზონში ლიგა 2-ში ასპარეზობდა და ბრწყინვალე შედეგების ფონზე პირველ ლიგაში აღზევდა. მიმდინარე სეზონში, დებიუტანტებმა 4 მატჩიდან 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, ხოლო 1 წააგეს.

რეალურად, მარიამ დიასამიძემ ძალიან კარგი პროექტი დაიწყო და წარმატებითაც მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გუნდში არეულობა დაიწყო, რასაც მთავარი მწვრთნელის თენგიზ ნათაძის და მისი ასისტენტის ზურაბ სამუშიას წასვლა მოყვა.

აღნიშნული ადამიანების წასვლამ კი ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია და სოხუმის „დინამო“ ერთბაშად 8 ფეხბურთელმა დატოვა, რაც დამეთანხმებით ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა.

სოხუმის „დინამოს“ უკვე ყოფილი მთავარი მეკარე ელენე ზაალიშვილი CrystalSport-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო.

ელენე ზაალიშვილი:

„ჩვენმა მწვრთნელებმა გუნდი დატოვეს და ამის გამო მათ ჩვენც გავყევით. ეს ყველაფერი შუა სეზონში გავაკეთეთ. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ხელმძღვანელობის მხრიდან დაუფასებლობაა. ასევე იმ პირობების შეუსრულებლობა, რომლებსაც დაგვპირდნენ. ჩვენთვის საწყენი იყო, რომ მწვრთნელების აზრი არ გაითვალისწინეს. ჩვენი მწვრთნელები იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტეს. ამ ყველაფრის გამო ჩავთვალეთ, რომ ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდში დგომას არ იმსახურებს.“

ცნობისთვის, სოხუმის „დინამო“ ელენე ზაალიშვილმა, ანა კულდონაშვილმა, ანი კვახაჯელიძემ, ნინო კურტანიძემ, თეკლა ბურჯანაძემ, ლიზი გომელაურმა, ელენე გაზდელიანმა და მაიკო ხუციშვილმა დატოვეს.

რა თქმა უნდა, CrystalSport-მა გუნდის პოზიციაც მოისმინა და სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტს მარიამ დიასამიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა:

„მხოლოდ იმას ვადასტურებ მე პირადად, რომ გუნდში დაიგეგმა ცვლილებები და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელებმა და რამდენიმე ფეხბურთელმა ვის გაშვებასაც ვფიქრობდით. რამდენიმე დღეში გავაოფიციალურებთ კიდევ ახალ ფეხბურთელებს და იმ საკადრო ცვლილებებს რა მიმართულებაც ავირჩიეთ რომ მომხდარიყო ცვლილებები.“

შეგახსენებთ, რომ სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგაში მორიგ მატჩს 29 მაისს სტუმრად ქუთაისის „მართვეს“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 16:30-დან დაიწყება.

მასალაში გამოყენებულია ქსკ სოხუმის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდის სურათი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები