გაიცანი არიან ვინხარდი | კაცი, რომელმაც 3000-მაისურიანი კოლექცია შექმნა
Aa Aa

გაიცანი არიან ვინხარდი | კაცი, რომელმაც 3000-მაისურიანი კოლექცია შექმნა

რა უნდა გააკეთო, როცა შენს კოლექციაში 3000-მდე ფეხბურთის მაისურია? თუკი შენი სახელი არიან ვინხარდია, პასუხი არის ის, რომ სახლში გამოყო საგამოფენო ოთახი და ამასთან ერთად, მაისურები ონლაინ კატალოგში გასაყიდად განათავსო. ვინხარდი არა მხოლოდ ნიდერლანდებში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთის რეტრო მაისურების კოლექციის მფლობელია. მის მაისურებს ვებგვერდ voetbalshirts.org-ზე ნახავთ.

არიანმა ჰობით ტკბობა, რომელიც მომავალში სერიოზულ საქმედ ექცა, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევერტონის“ მაისური აჩუქეს. ეს 25 წლის წინ მოხდა, იქიდან მოყოლებული კი იგი თავის კოლექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაყიდი და ნაძებნი მაისურებით ამდიდრებს. საინტერესოა, ასეთ კაცს პირველ რიგში ის კითხო, რამ მისცა იდეა ან ინსპირაცია ფეხბურთის მაისურები შეეგროვებინა.

„ეს ყველაზე რთული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა. ფუნდამენტალურია, გიყვარდეს კონკრეტული სპორტი ან საგანი იმისთვის, რომ მისი მაისურების კოლექციად ქცევა მოგივიდეს აზრად და სურვილად. მეორე მხრივ, ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ მაინცდამაინც მაისურები. ზოგი ადამიანი, მაგალითად, შარფებს აგროვებს და შარფებს მეც ვყიდულობ, როცა მაისურების ყიდვას ვერ ვახერხებ. ისე, იქნებ, შარფები და ქინძისთავები შევაგროვო, მათ ამდენი სივრცე არ სჭირდება“.

გაიარეთ არიანის მაისურების შოურუმში და ადვილად მიხვდებით, რასაც გულისხმობს. ჭერიდან იატაკამდე, კედლებზე დამონტაჟებული თაროები, რომლებიც სრულად მაისურებითაა მორთული. ფეხბურთის კარს ძალიან უნდა დააკვირდე, რომ კარია. ფანჯარაში მწვანე და ლურჯ სამოსში გამოწყობილი ორი მანეკენი დგას, რომლებიც გარეთ მოსიარულეებს აქ რაღაც განსაკუთრებული მაისურების არსებობაზე მიანიშნებს. ეს ნამდვილად გრანდიოზული საფეხბურთო მაისურების სივრცეა.

„ზოგადად, მიყვარს სხვადასხვა კლუბების მაისურების მოპოვება, თუმცა ეს იოლი არაა. მაგალითად, ახალი ზელანდიის ან ტანზანიის მე-9 ან მე-10 დივიზიონის გუნდებიდან. ეს ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო ქვეყნებია და წარმოიდგინეთ, როგორი რთულია იქაურ უდაბლეს დივიზიონის კლუბებთან კომუნიკაციის დამყარება და შემდეგ მაისურის შეძენა, ტრანსპორტირება და კიდევ სხვა დამატებითი აუცილებელი დეტალები“.

არიანი ცდილობს, მისი შოურუმის ხილვა ყველას შეეძლოს. ამისთვის იგი ონლაინ სივრცეს აქტიურად იყენებს და საკუთარ კატალოგს Twitter-ზე; Facebook-ზე; Instagram-სა და სხვა პლატფორმებზე აპიარებს.

„პირველ რიგში, მინდოდა, სხვებსაც ენახათ ის, რაც მე მაქვს. მეორე - ეს ერთგვარი დაზღვევაა ხანძრის, ძარცვის და ნებისმიერი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის. ასევე, ჩემი კოლექციის ონლაინ ქონა მიადვილებს ვიცოდე, კონკრეტულად რა მაისურები მაქვს მარაგში, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოეთში ვიმყოფები და ახალი მაისურების შერჩევის პროცესში ვარ“.

ვინხარდი მაისურების შესაძენად ორ მთავარ გზად იყენებს. პანდემიამდე იგი წელიწადში 5-ჯერ მაინც მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, რათა ახალი პროდუქტი შეეძინა და კოლექცია გაეფართოებინა. ამ ხუთიდან ორი ან სამი ვიზიტი უშუალოდ ჩრდილოეთის ზღვის გასწვრივ, ბრიტანეთის მიდამოებს ეთმობოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ფრენები შეიზღუდა, მიზნების განსახორციელებლად ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებს იყენებს.

„რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ჩემთვის სასურველი პროდუქცია უშუალოდ სტადიონთან ახლოს მდებარე ობიექტიდან ვიყიდო, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. მთავარი ალტერნატიული ვარიანტები კლუბების ონლაინ მაღაზიები და eBay გახლავთ, ასევე Facebook ჯგუფები და Twitter-ის გვერდები. ამ ყველაფრის მეშვეობით, წლების განმავლობაში კონტაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავამყარე და ეს პროცესის ერთ-ერთი სასარგებლო ნაწილია“.

მართლაც, არიანი ფეხბურთის მაისურების საზოგადოებაში ცნობილი და პოპულარული პერსონაა. სარგებლობს ავტორიტეტით და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კოლექციონერის სტატუსიც დამსახურებულად აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავად აღიარებს, რომ კოლექციონერობაში ყველაზე მომგებიანი ასპექტი მაისურები მაინც არ არის.

„სხვა ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ პროცესს ახლავს, უფრო ლამაზი და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ მაისურები. სტადიონზე ვიზიტები, ინტერნეტში ძებნა, ადამიანებთან კომუნიკაცია, შეხვედრები სხვა კოლექციონერებთან და მოხალისეებთან, რომლებიც თავიანთი კლუბებით ამაყობენ და ემჩნევათ სურვილი, ჩემი კოლექციის გაფართოებაში დამეხმარონ. მაისურების შეგროვებამ მართლაც იმაზე გაცილებით მეტი პოზიტივი მომცა, ვიდრე უბრალოდ მათი შეგროვება შეიძლება იყოს“.

როცა დაახლოებით 2800 მაისური გეკუთვნის, რთულია მათგან ერთი საყვარელი ამოარჩიო, მაგრამ ვინხარდს ბოლომდე თუ ჩაეძიები და სხვა გამოსავალს არ დაუტოვებ, ის გეტყვის: „ერთი ძველი მაისური მაქვს, რომელიც განსაკუთრებულია. „გრონინგენის“ ეს ფორმა უიშვიათესია და უკვე თითქმის 40-წლიანი ისტორია აქვს“. ასეთი იშვიათი და ანტიკური მაისურები მისი სიამაყეა და, ისევე როგორც მისი კოლექციის უმეტესობა, არიანი უარს ამბობს მაისურების უბრალოდ და უმიზეზოდ ჩაცმაზე: „ჩემი კოლექციიდან არ ვიცვამ, რადგან მათი უმრავლესობა ჩემი ზომა აღარაა. მთავარი მიზეზი კი მაინც ისაა, რომ მათი დაზიანება არ მინდა. რამდენიმე ფორმა ორი ცალი მაქვს - მათგან ერთი კოლექციისთვისაა და მეორე ჩასაცმელად“.

იმის მიუხედავად, რომ კოლექციამ უდიდესი მასშტაბები მიიღო, არიანი მის გაფართოებაზე ფიქრობს. მას აქვს კომპლექტების მოკლე სია, რომლებიც მოძიებაზეც მუშაობს. ახლა ის გვესაუბრება ერთ მაისურზე, რომელიც უნდა, რომ მისი კოლექციის ნაწილი გახდეს.

„არსებობს ერთი მაისური, რომელიც ძალიან მინდა, ჩემს კოლექციაში მოხვდეს. ეს არის „გრონინგენის“ 2015 წლის მაისური, რომლითაც გუნდმა თასის ფინალში ითამაშა. გრონინგენი ჩემი მშობლიური ქალაქია და ჩვენს კლუბს არსებობის 51-წლიან ისტორიაში სწორედ ეს ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული. ისიც უკვე გითხარით, რომ ძალიან მომწონს უცნობი და არაელიტარული კლუბების მაისურები, ასე რომ, თუკი ვინმეს ამ მხრივ ჩემი დახმარება შეუძლია, ჩემთან დაკონტაქტების ნუ მოერიდება“.

ჩვენი ახალი მეგობრის, არიან ვინხარდის საყვარელი კლუბი ნიდერლანდების ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გრონინგენში ბაზირებს. ყველაზე დიდი მიღწევა 2015 წელს ქვეყნის თასის მოგებაა, ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი კი 1988-89 წლებში ჰქონდა, როცა ერედივიზიეში მე-3 ადგილზე გავიდა. კლუბში სხვადასხვა დროს რონალდ კუმანს, არიენ რობენს, ლუის სუარესსა და ვირგილ ვან დეიკს უთამაშიათ. არიანს „გრონინგენთან“ დაახლოებით 30-წლიანი სიყვარული აკავშირებს.

„თითქმის უკვე 30 წელია, „გრონინგენის“ საშინაო მატჩების სეზონურ აბონემენტს ვყიდულობ. ველოსიპედით, ჩემი სახლიდან სტადიონამდე 10 წუთის გზაა. ჩემი აზრი ასეთია - ყველა ადამიანი საკუთარი ქალაქის გუნდს უნდა გულშემატკივრობდეს. ამის მიუხედავად, ჩემი პირველი მაისური „ევერტონის“ იყო. თანდათან გავაცნობიერე, რომ სახალხო გუნდების გულშემატკივრობა მომწონს: „გრონინგენი“, „ევერტონი“ და „ფეიენოორდი“ სწორედ ასეთები არიან“.

მაისურების შეგროვება ახალი ტენდენციაა, არიან ვინხარდი კი თავის საქმეში ერთ-ერთი პირველია. მან ბევრისთვის უჩვეულო ჰობი პროფესიად აქცია და დღეს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კოლექციონერია. საინტერესოა, რას აპირებს და როგორ გეგმავს თავისი ამ მინი ბიზნესის განვითარებას.

„შეჩერების აზრი საერთოდ არ მომწონს. სანამ მაქვს სივრცე და შესაძლებლობა, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, არ გავჩერდები“.

გაზიარება: