პელე, გარინჩა
Aa Aa

62-ის მუნდიალზე ისე დომინირებდა, როგორც მარადონა 86-ში | ის პელეზე მეტად უყვარდათ

დიეგო მარადონა და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განუყოფელი ცნებებია. შეუძლებელია, გონებაში გაგიელვოს მექსიკის მუნდიალმა და არ გაგახსენდეს არგენტინელთა საკულტო „ათიანი“, რომლის მაგიაც ნებისმიერ მაყურებელზე განუზომელ შთაბეჭდილებას ახდენდა. დიეგომ გაარღვია ინგლისელთა დაცვა, როცა მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლი შეაგდო, მოედნიდან გააქრო ბელგიელები იმ პირობებში, როცა მის ადგილას 10-დან 9 ადამიანი უბრალოდ კოორდინაციის დაცვას ვერ შეძლებდა (საერთოდ, ბელგიასთან მარადონას პერფორმანსს ბევრი ადამიანი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს).

„ღმერთი“ მინდორზე ტანგოს ცეკვავდა და ხელით გოლები გაჰქონდა. ასეთ ამბებზე ნებისმიერ თაობასა თუ ეპოქაში აღმაფრთოვანებელი ემოციებით ლაპარაკობენ.

ტრენდული მოსაზრებაა, რომ დიეგომ 86-ის მსოფლიო მარტომ მოიგო და ხშირად ხდება, როცა რაღაც განსაკუთრებული წლების შემდეგ ჭეშმარიტებას სცილდება და ოდნავ გადაჭარბებულ ლეგენდად იქცევა. ასეა ამ შემთხვევაშიც: იმის თქმა, რომ მან ეს მარტომ გააკეთა, ფეხბურთის მთავარი პრინციპის - გუნდურობის და თანაგუნდელების უპატივცემულობაა. არ არსებობს არგუმენტი, რომ მარადონა 1986 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე არ იყო, მაგრამ დიეგოს ჰყავდა ხორხე ბურუჩაგა, ხორხე ვალდანო, სერხიო ბატისტა, დანიელ პასარელა და სხვა მაგარი ფეხბურთელები. ტურნირებს გუნდი იგებს, თუმცა ნებისმიერ გათამაშებას ჰყავს მთავარი ვარსკვლავი და სიმბოლო. 86-ში ასეთი მარადონა იყო, თუმცა, ხშირად ავიწყდებათ, რომ იგი არ იყო პირველი, რომელიც მუნდიალზე ასე მკვეთრად დომინირებდა.

ამის გასახსენებლად, დიეგიტოს მაგიიდან 24 წლის ადრე, ჩილეში უნდა გადავინაცვლოთ და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორის ამბებს გადავხედოთ.

„მუნდიალის სიმბოლო“

დაასახელეთ ნებისმიერი მსოფლიო ჩემპიონატი და იმავე წამს გონებაში რაღაც ერთი რკალი გაჩნდება, რომლითაც ის ტურნირია საყოველთაოდ ცნობილი. ხშირად, ასეთი რკალები ფინალს უკავშირდება: 1950 წლის Maracanazo (სატიტულო მატჩი, მაგრამ ფინალი არ ყოფილა), რომელმაც ბრაზილიაში ნამდვილი გლოვა გამოიწვია; 1954 წლის „ბერნის საოცრება“, როცა გერმანიამ პირველი მსოფლიო თასი ვარსკვლავური უნგრეთის დამარცხებით მოიგო; 1958 წლის მუნდიალზე გადასვლისას სცენაზე უკვე თვით პელე გამოდის - თინეიჯერი ტალანტი, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა; 1966 წლის სკანდალური ფინალი - ჯეფ ჰარსტის ჰეთ-თრიქი (ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა), ტოფიკ ბაჰრამოვის შეცდომა (ისე, აზერბაიჯანელი რომ ვიყო და ჩემი ფეხბურთის ისტორიაში საყოველთაოდ ყველაზე ცნობილი კაცი მსაჯი იყოს, თანაც, შეცდომით ცნობილი მსაჯი, ვერ ვიამაყებდი), ფეხბურთის სამშობლოს ნაკრების მიერ მოგებული ერთადერთი დიდი ტიტული და ასევე, დაკარგული და შემდეგ ძაღლის მიერ ნაპოვნი ჟიულ რიმეს თასი. მოკლედ, ინგლისის მუნდიალი არაორდინალური და მნიშვნელოვანი მოვლენებით ნამდვილად გამოირჩევა; 1970 წლის ფინალი კი ფინალების ოქროს სტანდარტად რჩება, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდითა და ულამაზესი გოლებით, ასევე, მარიო ზაგალოს მიღწევით - გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო.

ფინალების გამორჩეულობის მხრივ, ომისშემდგომ ტურნირთაგან 1962 წლის მუნდიალი უდავოდ განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიისა და ჩეხოსლოვაკიის სატიტულო მატჩი (3:1) ლამაზი მომენტებისა და გოლების ნაკლებობას არ განიცდიდა, ეს გათამაშება მაინც უფრო ფეხბურთში სიხისტისა და დაუნდობელი უხეშობის გაჩენასთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი „სანტიაგოს ბრძოლასთან“.

საქმე არც მთლად ასეა, რადგან მოედანზე ძალადობის შემცველი ამბები წინა მსოფლიო ჩემპიონატებზეც ხდებოდა, თუნდაც 1954 წლის ბრაზილია-უნგრეთის შეხვედრა გავიხსენოთ. ამის მიუხედავად, უხეშობასთან 1962 წლის მუნდიალი ასოცირდება. მეტიც, ზოგი მას მხოლოდ ამით გამორჩეულ ტურნირად და ღარიბ საფეხბურთო სპექტაკლად აღიქვამს. გადაჭრით ვიტყვი, რომ ეს უსამართლობაა, განსაკუთრებით კი ერთი ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ჩილეს სტადიონებზე ისეთივე მასშტაბით დომინირებდა, როგორც 86-ში მარადონა - მანე გარინჩა (იგივე „პატარა ჩიტი“ და "ხალხის სიყვარული").

კოჭლ ბრაზილიელ გენიოსზე და მის უაღრესად მრავალფეროვან ცხოვრებაზე რუი კასტროს მიერ დაწერილი ძალიან მაგარი წიგნი ერთ წუთში გაგახალისებს და მეორე წუთს აგატირებს. როგორც ეს ჯორჯ ბესტის, სოკრატესის ან პოლ გასკოინის შემთხვევაშია, გარინჩას ჩათრევაც სასიამოვნო, მაგრამ არაჯანსაღ ამბებში რთული არ იყო, ასეთი ხალხი მუდამ კონტროვერსიულ ტიპებად ამახსოვრდებათ. ამბები გარინჩას ქალებისა და სასმლის მიმართ სიყვარულის შესახებ ბრაზილიურ და არამხოლოლოდ ბრაზილიურ გაზეთებს დეკადების განმავლობაში ბესტსელერებად აქცევდა.

„შეეძლო, თამაშის წინა ღამეს დაელია, შემდეგ „მარაკანაზე“ ეთამაშა და ხალხი გადაერია, ისევ იმავე გარემოში დაბრუნებულიყო და სმა გაეგრძელებინა. ისინი მეფე პელეზე ლაპარაკობენ, მაგრამ ასე არაა, მეფე გარინჩა იყო“, - ამბობს კოჭლი გენიოსის ერთ-ერთი შეყვარებული, მალვინა.

გარინჩას პერსონა ასეთი ზღაპრებით მოკლებული ნამდვილად არაა. თუმცა, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ თავის პრაიმში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი არ იყო.

მისი სპექტაკლები კი არასდროს ყოფილა იმაზე უკეთესი, ვიდრე 1962 წლის ზაფხულში, ჩილეში.

„კოჭლი გენიოსის“ ფენომენი: როგორ შედგა ვარსკვლავად

გარინჩას ისე არაფერი სიამოვნებდა, როგორც დრიბლინგი და მის ხარჯზე მეტოქეთა ძირს დაცემა. ხშირად ყვებიან, რომ მეტოქის დამამცირებლად მოტყუებისა და ჩამოშორების შემდეგ, ხანდახან უკან ბრუნდებოდა და ცდილობდა, ისედაც საწყალ დღეში ჩავარდნილი მოწინააღმდეგისთვის მეორე ჯოჯოხეთი მოეწყო. ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

„იგი მხოლოდ სიხარულისა და სიყვარულის გამო თამაშობდა“, - ესეც იმავე მალვინას სიტყვებია. თუკი ოდესმე ვინმეს ბურთით სამბა უცეკვია, მაშინ ეს უეჭველი გარინჩა იყო! ამ ცეკვას უფრო ეფექტურს ხდიდა ის, რომ მას ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა, ხოლო ცალ ფეხზე მუხლის კვირისტავი (მუხლის თავის ძვალი) შეწეული, მეორეზე - გამოწეული.

მისი საფეხბურთო უნარები პირველადბოტაფოგომ“ ქარხნის გუნდში თამაშისას აღმოაჩინა, რამაც მსოფლიო დონის აღიარება მოიტანა შედეგად, სულ პირველი ასეთი კი 1958 წლის მუნდიალზე მოხვედრა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გარინჩას თამაში ნებისმიერ მაყურებელს პირველივე ნახვისას ხიბლავდა და „ხალხის სიყვარულიშეარქვეს, მას საკუთარი ადგილისთვის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწია: ჟოელი ადგილობრივი ვარსკვლავი იყო, ჟულინიო კი იტალიურ „ფიორენტინაში“ თამაშობდა. ჟულინიო ამ ტრიოში ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ზურგს მშვენივრად ჩატარებული 1954 წლის ჩემპიონატი და ევროპული გამოცდილება უმაგრებდა. თუმცა, მან მუნდიალზე თამაშზე უარი უმაღლესი სპორტსმენშიფის გამოვლინების ფონზე თავად თქვა. მიზეზი მოსამზადებელ ეტაპზე გარინჩას მიერ ნაჩვენები თამაში იყო, რომელმაც მისი უმთავრესი კონკურენტიც ისე მოხიბლა, რომ მუნდიალზე საკუთარი წასვლა უსამართლობად მიიჩნია. რომ არა ჟულინიოს ეს ნაბიჯი, შვედეთის მსოფლიო თასზე, სავარაუდოდ, ის და ჟოელი წავიდოდნენ.

შვედეთში გამგზავრებამდე, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფეოლამ გარინჩას შესაძლებლობების გატესტვა გადაწყვიტა და იგი ბულგარეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ ახალგაზრდასთან, პელესთან ერთად ათამაშა.

„სელესაომ“ მატჩი 3:1 მოიგო და მას შემდეგაც არასდროს წაუგია, როცა ეს დუეტი მოედანზე ერთად იყო.

მუნდიალისთვის მოსამზადებელი ბოლო შეხვედრა კი „ფიორენტინას“ წინააღმდეგ შედგა და გარინჩამ თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი სწორედ „იებსშეუგდო. გოლის ბოლო მონაკვეთს აქვე ნახავთ, უბრალოდ, ვიდეოში არ ჩანს და გეტყვით, რომ „პატარა ჩიტმა“ ბურთის მიღების შემდეგ 4 მცველი ჩამოიტოვა.

შოუს ელემენტებით გაჯერებული, აღმაფრთოვანებელი თამაშის მიუხედავად, ბრაზილიელთა სამწვრთნელო შტაბი ღელავდა, რომ გარინჩა ფეხბურთს სერიოზულად არ უყურებდა. ფეოლა მთავარ მწვრთნელად კი ითვლებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებდა კომიტეტი, რომლიც წევრებიც თავად იგი, ნაშიმენტო, გოსლინგი და პაულო ამარალი იყვნენ. ავსტრიის ნაკრებთან მუნდიალის გახსნითი მატჩის განხილვისას კომიტეტმა დაასკვნა, რომ მეტოქის მწყობრი ნახევარდაცვის ხაზიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, მათ გუნდსაც ბალანსი მოენახა და ძირითად შემადგენლობაში უფრო მეტად ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელები ყოფილიყვნენ. ამარალი გარინჩას „ბოტაფოგოდან“ იცნობდა და მისი არაორდინალურობისა და უწესრიგობის შესახებ კარგად იცოდა, ამიტომაც, „ხალხის სიხარული“ პირველი მატჩისას სათადარიგოთა შორის დატოვეს. ამავე მიზეზით არ ათამაშეს მეორე ტურშიც, როცა „სელესაოს“ მეტოქე მძლავრი ინგლისის ნაკრები იყო. თამაში 0:0 დასრულდა და ისე გამოვიდა, რომ ფეოლას გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სიკვდილ-სიცოცხლის მატჩის ჩატარება მოუწევდა.

საბჭოელები, რომელთაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გავრილ კაჩალინი წვრთნიდა, აქცენტს ასევე მოწესრიგებულ თამაშზე აკეთებდნენ. მათი მთავარი პლუსი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, უმაღლეს დონეზე აყვანილი სათამაშო დისციპლინა და ტაქტიკური განსწავლულობა გახლდათ. ბრაზილიელთა სამწვრთნელო კომიტეტმა ჩათვალა, რომ ასეთი სტილის ნაკრებთან გარინჩას გამოყენება უკვე სასარგებლო იქნებოდა და სასტარტოში დააყენეს.

უბრალოდ იმის თქმა, რომ გარინჩამ და მისმა თანაგუნდელებმა კომიტეტის დავალება, მატჩის აქტიური შეტევებით დაწყებასთან დაკავშირებით, შეასრულეს, საკმარისი არ იქნება. მსაჯის სასტვენისთანავე ბურთი „პატარა ჩიტს“ გადააწოდეს, მანაც საბჭოთა მცველებს თავგზა აუბნია და თამაშის დაწყებიდან მე-40 წამზე ბურთი ძელს მოარტყა, ზუსტად 15 წამის შემდეგ ძელს უკვე პელეს დარტყმული მოხვდა. გარინჩამ მეტოქეთა დაწიოკება გააგრძელა, რასაც მე-3 წუთზე ვავას გოლი მოჰყვა. ფრანგი ჟურნალისტი, გაბრიელ ანო აღნიშნულ სამწუთეულს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო საწყის 3 წუთს უწოდებს. „სელესაო“ სრულად დომინირებდა, მოგვიანებით ვავამ მეორეც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. გარინჩამ დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფორმაში იყო და შეიძლება ითქვას, მსოფლიო სცენაზე გამოსასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ევროპელ მეტოქეებს კოჭლი გენიოსის წინააღმდეგ თამაში სულ უფრო უჭირდათ. მართალია, 1/4 ფინალში დაცვით უელსთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, მაგრამ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო - 17 წლის პელემ პელემ თავისიანებს ლამაზი გოლით მოაგებინა. ნახევარფინალში მეტოქე უკვე საფრანგეთის ნაკრები იყო და გარინჩამ თამაში ისევე ქარიშხალივით დაიწყო, როგორც საბჭოთა კავშირთან - სამი კაცი მოატყუა და საფუძველი ჩაუყარა იმავე ვავას გოლს, „სელესაო“ უკვე წუთ-ნახევარში დაწინაურდა და საბოლოოდ, 5:2 მოიგო. არსებობს ლეგენდა, რომ გარინჩამ თანაგუნდელ ნილტონ სანტოსს ჰკითხა, ვის ხვდებოდნენ ფინალში. ზოგადად, ასეთი დეტალები ნაკლებად აინტერესებდა - სულ ერთი იყო, რომელ ან რა დონის მეტოქეებთან მოუწევდა თამაში.

ფეოლას ბიჭებმა ფინალში შვედეთსაც 5 გოლი გაუტანეს და, სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს დღემდე ერთადერთი შემთხვევაა, როცა კონკრეტულმა ნაკრებმა ზედიზედ ორ მატჩში ამდენი გოლი შეაგდო.

ფინალური მატჩი მასპინძელმა შვედებმა მძლავრად დაიწყეს და მე-4 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ გარინჩამ საწყის ნახევარ საათში ვავას ორი გოლი გაატანინა, რაც 5:2 გამარჯვების წინაპირობა გახდა. ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო.

ასეთმა დიდმა წარმატებამ თინეიჯერი პელე და ახალგაზრდა გარინჩა მომენტალურად ყველაზე პოპულარულ გმირებად აქცია. იმის მიუხედავად, რომ „ხალხის სიხარულმა“ საწყისი ორი მატჩი გამოტოვა, მისი შემდეგი პერფორმანსები შთამბეჭდავი იყო. თუმცა, 1958 წლის ტრიუმფი მაინც უფრო გუნდური თამაშის შედეგი გახლდათ - პელემ, გარინჩამ, ვავამ, დიდიმ, ნილმარ სანტოსმა, ზაგალომ და სხვებმა ქვეყანას 1950 წლის კოშმარული წაგება მიავიწყეს და განსაკუთრებული სიხარული აჩუქეს.

ჩილე 1962: „გარინჩას მსოფლიო ჩემპიონატი“

1958-ის მუნდიალი გარინჩას პირველი დიდი გამოჩენა იყო, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ 58 წლის ტურნირზე იგი ბევრიდან ერთ-ერთი დიდი შემსრულებელი გახლდათ, აი ოთხი წლის შემდეგ ჩილეში კი უკვე დაიბადა ისეთი დომინანტური ვარსკვლავი, რომლის თამაშიც 86-ის მარადონასთან დამსახურებულად იგივდება.

1962 წლის მუნდიალზე, როგორც მოქმედი ჩემპიონები და ფავორიტები, ბრაზილიელები სერიოზული წნეხის ქვეშ იყვნენ და საწყის მატჩზე ეს აისახა კიდეც. მექსიკის ნაკრებთან აიმორე მორეირას გუნდმა არადამაჯერებლად ითამაშა და მეკარე გილმარის მშვენიერი თამაში რომ არა, ალბათ, ვერც მოიგებდა, საბოლოოდ ზაგალომ და პელემ მეორე ტაიმში ორი გოლი შეაგდეს და მსოფლიო ჩემპიონებმა ახალი გათამაშება 2:0-ით გახსნეს. შემდეგი უკვე ჩეხოსლოვაკიასთან შეხვედრა იყო და დრამაც აქედან დაიწყო.

პირველი ტაიმის შუაში პელემ შეასრულა ძლიერი დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ბრაზილიელთა 21 წლის ვარსკვლავი მიწაზე დაეცა. იმ დროს შეცვლები არ მოქმედებდა, ამიტომაც დაშავებულ პელეს თამაშის ჩამთავრება მოუწია, თუმცა აშკარად ქმედუუნარო იყო. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა და ყველა ხედავდა, რომ „შავ მარგალიტს“ საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ პელე ამარილდომ ჩაანაცვლა და მშვენიერი შთაბეჭდილებაც დატოვა - „სელესაომ“ მისი დუბლით მოიგო (2:1). სწორედ ესპანელებთან დაპირისპირებისას გადაიბარა პელესგან მთავარი როლი გარინჩამ. პირველ ორ შეხვედრაში იგი მშვიდად იყო, „ფურია როხასთან“ კი ჩვეულად არაორდინალური და ეფექტური თამაში აჩვენა. რამდენიმე ეპიზოდში თამაში შესანიშნავად გაამწვავა, ერთ-ერთი ასეთი გარღვევა კი ამარილდოსთვის ჩაწოდებული მოხდენილი საგოლე გადაცემითა და გამარჯვების გოლით დასრულდა. მორეირას გუნდმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, „ხალხის სიხარული“ კი მთავარ სცენაზე თავისი ადგილის დასაკავებლად პოზიციებს იმყარებდა.

საკმაოდ ძლიერ და სოლიდურ ინგლისის ნაკრებს უფრო მეტად ორგანიზებულ და მოწესრიგებულ გუნდთან თამაში ერჩივნა, ვიდრე ისეთთან, რომლის რიგებშიც არაპროგნოზირებადი და სპონტანურ თამაშზე ორიენტირებული ფეხბურთელები ქმნიდნენ ამინდს. მათდა სამწუხაროდ, 1/4 ფინალში მაინცდამაინც გარინჩას ბრაზილიას გადაეყარნენ.

ზემოთ ვისაუბრეთ იმაზე, რომ 86-ში მარადონას პერფორმანსი ბელგიის წინააღმდეგ, ბევრისთვის კონკრეტული ფეხბურთელისგან ნათამაშები ისტორიაში საუკეთესო მატჩია. აი, ვინც შეიძლება, ამ მოსაზრებას შეედავოს, მაშინ აუცილებლად გარინჩას ინგლისის წინააღმდეგ ნათამაშები 90 წუთი უნდა ჰქონდეს არგუმენტად.

პატარა ჩიტმა“ ბრიტანელთა კარში ჯერ კუთხურიდან თავით შეაგდო, რასაც საერთოდ ძალიან იშვიათად აკეთებდა. მეორე ბურთი კი მისივე დარტყმული ჯარიმის შემდეგ გავიდა, როცა მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვავამ შეაგდო. აი, მესამე გოლი ყველაზე ლამაზი გამოვიდა - საჯარიმოს გარედან შორეულ მაღალ კუთხეში უზადოდ დაარტყა და „სელესაო“ 1/2 ფინალში გაიყვანა - 3:1.

სამივე გოლში მონაწილეობა ნამდვილად არ გამოხატავს ბოლომდე იმას, რასაც იგი მოედანზე აკეთებდა. ვიდეოში რაღაც მომენტები ჩვენს ცნობისმოყვარეობას კი აკმაყოფილებს, მაგრამ სურათს, ალბათ, მხოლოდ ნახევრად თუ გვიხატავს. ბრაზილიელებს პელეს არყოფნა დაავიწყდათ და 1/2 ფინალში მასპინძელი ჩილეს მეტოქეობისთვის ემზადებოდნენ.

ბრაზილია-ინგლისის მეოთხედფინალური მატჩი ბევრს იმითაც დაამახსოვრდა, რომ მიმდინარეობისას მინდორზე ძაღლი გამოვიდა და ფეხბურთელებთან ერთად სირბილი მოისურვა. იმ პერიოდში როინ კვასხვაძე დაბადებულიც არ იყო, რომ ჩვენთვის ისეთივე გენიალური მომენტი ეჩუქებინა, როგორიც Crystalbet ეროვნული ლიგის 2018 წელს გამართული მატჩისას - „დილა“-„ტორპედო“.

ნახევარფინალურ მატჩში ჩილესთან გარინჩა ისევ შესანიშნავ განწყობაზე იყო და იმავეს აპირებდა, რაც ინგლისთან გააკეთა. ისევ დუბლი შეასრულა და ვავას გატანაში ისევ დაეხმარა. თანაც, ბრიტანელთა კარში გატანილი გოლების მსგავსად, ამჯერადაც კუთხურიდან თავით შეაგდო და მეორე ბურთი საჯარიმოს გარედან, ოღონდ მარცხენა ფეხით გაიტანა.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მთელი თამაშის განმავლობაში პერსონალურად მეურვეობდა როხასი, რომელმაც მანეს წყობიდან გამოყვანა მაინც მოახერხა, ოღონდ, უკვე მაშინ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა გარინჩასა და როხასს შორის მორიგი ორთაბრძოლა შედგა - ჩილელმა მეტოქე უხეშად კიდევ ერთხელ წააქცია, რაზეც ბრაზილიელმა აგრესიულად უპასუხა და მსაჯმა გარინჩა მოედნიდან არასპორტული საქციელის გამო გააძევა. იმის მიუხედავად, რომ მაშინ მოედნიდან გაგდება მომდევნო თამაშის გამოტოვებას ავტომატურად არ ნიშნავდა, ტურნირის მთავარი ვარსკვლავის ფინალურ მატჩში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ყველაფერი ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტი იყო.

ბრაზილიელმა ოფიციალურმა პირებმა, რა თქმა უნდა, სერიოზული მუშაობა დაიწყეს და საბოლოოდ, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ სატიტულო მატჩში „ხალხის სიხარულს“ მოედანზე გასვლის საშუალება მიეცემოდა. თუმცა, კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა - გარინჩა ფინალის წინ გაცივდა, ტემპერატურა ჰქონდა და შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური პრეპარატების დახმარებით შეძლო, რაც მის თამაშზე აისახა კიდეც. პელეს გარეშე დარჩენილი გუნდი, ფინალში დიდად ვერც გარინჩას იმედზე იყო, თუმცა აიმორე მორეირას ბიჭებმა გუნდური სული გამოავლინეს და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს 0:1-დან 3:1 მოუგეს. გოლები ამარილდომ, ზიტომ და ვავამ მიითვალეს და „სელესაომ“ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. იქამდე მუნდიალის ორი ჩემპიონობა მხოლოდ იტალიის ნაკრებს ჰქონდა მოპოვებული (1934 და 1938).

გარინჩამ ტურნირი 4 გოლით დაასრულა, თანაც, ეს ბურთები ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეაგდო: 2 - მეოთხედფინალში და 2 - ნახევარფინალში. მაშინ, როცა პელე ტრავმირებული იყო და გუნდს ლიდერობა სჭირდებოდა. გათამაშების თანაბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ის იყო, ამაში ეჭვი არავის შეჰქონდა.

24 წლის შემდეგ მარადონაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში 2-2 გოლს გაიტანს და ფინალში ვერ შეაგდებს. რაღაცები მართლაც ემთხვევა.

ვარსკვლავის მინელება და ჩაქრობა: საღამოები მშობლიურ სოფელში

დიეგომ ამის შემდეგ კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, გარინჩას შემთხვევაში კი საქმე სხვანაირად წავიდა. მუხლის ტრავმამ ჯერ ბევრი პრობლემა შეუქმნა და მისგან სრულად რეაბილიტაცია არც არასდროს გაუვლია, რამაც მაღალ დონეზე დიდხანს თამაშის საშუალება აღარ მისცა. 1966 წლის მუნდიალი მისთვის ბოლო დიდი ტურნირი აღმოჩნდა. გახსნით მატჩში ბულგარეთთან მაყურებელი რამდენიმე მომენტით გაამხიარულა, პლუს მაგარი ჯარიმაც გაიტანა.

უნგრეთთან გამართული მეორე ტურის მატჩი გარინჩასთვის „სელესაოს“ მაისურით ბოლო აღმოჩნდა. კოჭლი ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და ბოლო ტურში საერთოდ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

სხვათა შორის, უნგრეთთან წაგება „ხალხის სიხარულის“ ერთადერთი მარცხია 50 სანაკრებო შეხვედრაში.

ბრაზილიელები 1966-ის მუნდიალს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშნენ - მას შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა.

მსოფლიოსთვის ცნობილ ვარსკვლავს ადგილობრივი სოფელი - პაუ გრანდე არასდროს დაუვიწყებია. „თქვენ ოდესმე გინახავთ, დევიდ ბექჰემი შაბათს საღამოს საკუთარ სოფელში ჩასულიყო, იქაურებთან ფეხბურთის სათამაშოდ? გარინჩა კი ამას აკეთებდა და ამის სანახავად უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. მას მშობლიური სოფელი და იქაურები არასდროს დავიწყებია“, - ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი, ენდრიუ დაუნი. პაუ გრანდელი დურგალი, ზაზა კი „ხალხის სიხარულს“ ასე ახასიათებს: „იგი უბრალო ბიჭი იყო და ცუდი ფიქრი არაფერსა და არავისზე ჰქონია. კიდევ ერთი გარინჩა არასდროს დაიბადება“.

ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მისი სიდედრი ემსხვერპლა და სკანდალური რომანი მომღერალ ელზა სოარეშთან. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოპულარული მომღერალი გარინჩასთან ჩასახუტებლად აბაზანაში შევიდა, როცა მატჩის შემდეგ შხაპს იღებდა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.  ასევე, მრავალი ურთიერთობა, რომელთაგანაც ბრაზილიელ ვარსკვლავს სულ მცირე 14 შვილი შეეძინა. საბოლოოდ კი 49 წლის ასაკში ღვიძლის დაშლის გამო გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული ამბების იქით არის ჯადოსნური მოგზაურობა ბურთით. ფეხბურთს თამაშობდა ისე, როგორც ამ სპორტს უნდა თამაშობდე - მარტივად, სახალისოდ და სიამოვნებისთვის. მის საფლავზეც ასე აწერია:

Here rests in peace the one who was the joy of the people – Mane Garrincha”.

გაზიარება: