კრიშტიანუ რონალდუ
Aa Aa

"მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს, ეს კი ჩემი საქმეა.." - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ

„მე მაქვს ძალიან ძლიერი მოგონება.. ისეთი მოგონება, რომ თვალების დახუჭვისას ემოციები მიმძაფრდება.. ეს ყველაფერი ჩემს ოჯახთან არის დაკავშირებული..

ფეხბურთის სერიოზულ დონეზე თამაში სულ ახლახან დავიწყე. ადრე მხოლოდ მეგობრებთან ერთად მადეირას ქუჩებში ვთამაშობდი. როდესაც ვამბობ ქუჩას, უბრალოდ ცარიელ ქუჩას არ ვგულისხმობ. ჩვენ არ გვქონდა კარები ან კუთხურის ალამი. ნებისმიერი მანქანის გავლის დროს, თამაშის გაჩერება გვიწევდა.

მიუხედავად ამისა, მე მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი.. მამაჩემი „ანდორინიას“ გულშემატკივარი იყო და გამუდმებით მთხოვდა, რომ წავსულიყავი და მათ სარეზერვო გუნდში მეთამაშა. ვიცოდი, რომ მამა ამით იამაყებდა. სწორედ ამ მიზეზის გამო დავთანხმდი და წავედი..

პირველ დღეს ბევრ ისეთ წესს წავაწყდი, რომელიც არ მესმოდა, მაგრამ მომეწონა. ორგანიზებას და გამარჯვების განცდას მივეჩვიე. მამაჩემი ყოველთვის თან დამყვებოდა თავისი სამუშაო ფორმით და დიდი წვერით. მას ეს ყველაფერი უყვარდა, მაგრამ დედაჩემი და ჩემი სხვა ოჯახის წევრები ფეხბურთით არასდროს ინტერესდებოდნენ.

ყოველ საღამოს, ვახშმობის დროს მამა მათ დარწმუნებას ცდილობდა. მას უნდოდა, რომ დედა და ჩემი დები მოსულიყვნენ და ჩემი თამაში ენახათ.

ისინი პასუხობდნენ: „ეს ძალიან კარგია“

მაგრამ ვატყობდი, რომ დიდად დაინტერესებულები მაინც არ იყვნენ..

მამა სახლში მოდიოდა და ამბობდა: „დღეს კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა.“

ისევ იგივე უემოციო პასუხი: „ყოჩაღ კრის, ეს ძალიან კარგია.“

ერთ ღამეს მამა სახლში მოვიდა და თქვა: „დღეს რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს საოცარი და დიდებული იყო. თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ მისი თამაშის საყურებლად.“

ყოველი თამაშის წინ, ტრიბუნისკენ ვიხედებოდი და იქ მხოლოდ მამაჩემს ვხედავდი, სანამ ერთ დღეს რაღაც არ შეიცვალა.. გავიხედე და იქ მთელი ჩემი ოჯახი იჯდა.. ემოციები დიდად არ ეტყობოდათ. ნათლად ჩანდა, რომ მათთვის საფეხბურთო სტადიონი უცხო გარემო იყო, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ ისინი ჩემთვის მოვიდნენ..

იმ მომენტში თავს დიდებულად ვგრძნობდი. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.. ჩემში რაღაც შეიცვალა, თავს ამაყად ვგრძნობდი. მაშინ ჩემს ოჯახს ბევრი ფული არ ჰქონდა, მადეირაში ცხოვრება კი ადვილი არასდროს ყოფილა.. ძველი ბუცებით ვთამაშობდი, რომელიც მემკვიდრეობით ძმისგან მერგო ან ბიძაშვილებმა მაჩუქეს.. ზუსტად არ მახსოვს.. მაგრამ როცა ბავშვი ხარ, ფული არ გაინტერესებს. იმ დღეს, თავი ყველაზე დაცულად ვიგრძენი, ვგრძნობდი, რომ ჩემს ოჯახს ვუყვარდი. პორტუგალიურად ასე ვამბობთ: „Meninoardo da família“.

ის დრო ჩემთვის ნოსტალგიაა, რადგან ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, მაგრამ სახლიდანაც წამიყვანა, როცა ამისთვის მზად არ ვიყავი. 11 წლის ასაკში მადეირადან ლისაბონის „სპორტინგის“ აკადემიაში გადავედი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.

ამ გადმოსახედიდან, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ სიგიჟედ მეჩვენება. ჩემი შვილი, კრიშტიანუ ჯუნიორი 10 წლისაა. ახლა ვფიქრობ, მისი გაშვება, რომ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მიწევდეს, ალბათ გავგიჟდებოდი და იმ წამსვე ფიქრს ვწყვეტ.. წარმომიდგენია, თუ როგორ გაუჭირდათ ჩემს მშობლებში იმ გადაწყვეტილების მიღება.. მათთვის ძალიან რთული იყო..

მაგრამ მე მქონდა ოცნება, რომელიც უნდა ასრულებულიყო. მათ ეს კარგად იცოდნენ და „სპორტინგში“ სწორედ ამიტომ გამიშვეს. პორტუგალიაში ვიყავი, მაგრამ სხვა ქვეყანაში გადასვლას ჰგავდა. ლისაბონში სალაპარაკო აქცენტიც კი სხვანაირი იყო. ჩემს ოჯახს მხოლოდ 4 თვეში ერთხელ შეეძლო ჩამოსვლა. ისე მენატრებოდნენ, რომ ყოველი დრე მტკივნეული იყო..

ფეხბურთი წინსვლაში დამეხარა. ვიცოდი, რომ მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შემეძლო, რასაც აკადემიის სხვა ბავშვები ვერ გააკეთებდნენ. მახსოვს ჩემი თანაგუნდელების დიალოგი: „ნახე რა გააკეთა კრისმა? ის ნამდვილი მხეცია.“

ამას ხშირად ვისმენდი. ჩემზე მწვრთნელებიც ლაპარაკობდნენ, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც მესმოდა ასეთი ფრაზა: „ძალიან ცუდია, რომ რონალდუ ასეთი პატარაა.“

და ეს მართალია, მე ძალიან გამხდარი ვიყავი. ნორმალური კუნთიც კი არ მქონდა. სწორედ ამიტომ 11 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე.. ვიცოდი, რომ სხვებზე დიდი ნიჭი მქონდა და მათზე ბევრი უნდა მემუშავა. აღარ ვაპირებდი ბავშვივით მოქცევას ან ვარჯიშს. მქონდა რწმენა, რომ მსოფლიოში საუკეთესო უნდა გავმხდარიყავი.

არ ვიცი ეს გრძნობა საიდან მოდის. ეს არის რაღაც, რაც ჩემშია. ეს შიმშილის გრძნობას ჰგავს, რომელიც არასდროს ქრება. როცა თამაშს აგებ მშიერი ხარ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში გამარჯვების შემდეგაც კი მშიერი ვიყავი. თითქოს მხოლოდ პურის ნატეხი ვჭამე.. სხვა ახსნა არ მაქვს..

საღამოობით საერთო საცხოვრებლიდან გამოპარვა დავიწყე და განმარტოებით ვვარჯიშობდი. ფიზიკურად გავძლიერდი და უფრო სწრაფი გავხდი. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ ძალიან სუსტი ვიყავი, გაკვირვებულები მიყურებდნენ და ვერაფერს ამბობდნენ. თითქოს, მათ გარშემო სამყარო დაინგრა..

კარგად მახსოვს 15 წლის ასაკში რამდენიმე თანაგუნდელს დავუახლოვდი და მათ ვუთხარი: „დაიმახსოვრეთ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები.“

მათ გაეცინათ. მე ჯერ „სპორტინგის“ პირველ გუნდშიც კი არ ვთამაშობდი, მაგრამ ასე ვფიქრობდი და ეს ძალიან სერიოზული იყო.

როდესაც 17 წლის ასაკში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე თამაში, დედაჩემი სტრესის გამო თამაშებს ძლივს უყურებდა. ის ხოსე ალვალადეს სახელობის სტადიონზე მოდიოდა და ისე ნერვიულობდა, რომ რამდენჯერმე გონებაც კი დაკარგა. ექიმმა მას დამამშვიდებელი დაუნიშნა და მხოლოდ ასე ესწრებოდა მატჩებს. დედას ვეუბნებოდი: „გახსოვს, როცა ფეხბურთი არ გაინტერესებდა?“

დიდი ოცნება დავიწყე. დროის გასვლასთან ერთად ჩემი ამბიციებიც იზრდებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ მსურდა თამაში, რადგან პრემიერ ლიგის მატჩებს ყოველ შაბათ-კვირას ტელევიზორში ვუყურებდი. მე მოხიბლული ვიყავი თამაშების სისწრაფით და გულშემატკივრების სკანდირებით. „იუნაიტედში“ გადასვლა ჩემთვის საამაყო იყო, მაგრამ ამით უფრო მეტად ჩემი ოჯახი ამაყობდა.

ტიტულების მოგებამ სულ სხვა ემოცია გამიჩინა. მახსოვს, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე ემოციები უფრო გამიძლიერდა. ოქროს ბურთის მოგების შემდეგ კი უფრო მშიერი გავხდი. ოცნება ალბათ ასე მუშაობს არა? მადრიდის „რეალით“ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მათთან ერთად ტიტულების მოგება და ყველა რეკორდის მოხსნა მინდოდა.

„ბლანკოსში“ წარმოუდგენელ რაღაცებს მივაღწიე. ასეთ დროს ტიტულების მოგებას განსხვავებული ემოციები მოაქვს, რადგან ჩემი კარიერა პროგრესს განიცდიდა. მადრიდში თუ ყველაფერს არ მოიგებ ისტორია არ დაგიმახსოვრებს. ეს არის მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს. ეს კი ჩემი საქმეა..

როდესაც მამა ხდები სულ სხვა გრძნობა გეუფლება. გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. სწორედ ამიტომ არის ჩემი მადრიდში ყოფნის პერიოდი განსაკუთრებული. ვიყავი ფეხბურთელი და ამავდროულად გავხდი მამა.

ეს იყო მომენტი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. როცა ვიხსენებ, ემოციები მეუფლება..

კარდიფში მოგებული ფინალის შემდეგ, ყველაზე ამაყი ვიყავი. ჩემი შვილი სტადიონზე შემოვიდა და ტიტულს ჩემთან ერთად აღნიშნავდა. ის მარსელოს შვილთან ერთად მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბედნიერი დარბოდა. ამით მე მსოფლიოს მესიჯი გავუგზავნე. შემდეგ კი ჩვენ ხელჩაკიდებულებმა ვისეირნეთ..

ეს არის სიხარული, რომელიც არასდროს მიგრძვნია, სანამ მამა არ გავხდი. ჩემში იმდენმა ემოციამ მოიყარა თავი, რომ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ამას მხოლოდ იმას შევადარებ, როდესაც დედა პირველად ჩემი თამაშის სანახავად მოვიდა..

როდესაც ბერნაბეუზე დავბრუნდით და ჩემპიონობას აღვნიშნავდით, კრიშტიანუ ჯუნიორი მარსელიტოსთან ერთად მთელი პუბლიკის წინაშე თამაშობდა. ჩემს შვილს ჩემნაირი ბავშვობა არ ჰქონია და ძალიან მინდა ისე მაფასებდეს, როგორც მე დედაჩემს და მამაჩემს ვაფასებ.

„რეალში“ თითოეული გამარჯვების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. გამუდმებით მშიერი ვიყავი და ვერასდროს ვკმაყოფილდებოდი. ჩემს ბუცებზე განსაკუთრებული მესიჯი მაქვს ამოტვიფრული, რომელიც არის ბოლო რამ, რასაც მოედანზე გასვლის წინ ვუყურებ.

ეს უკანასკნელ შეხსენებას და ბოლო მოტივაციას ჰგავს..

ბიჭის ოცნება..

მე მგონი ახლა თქვენ ყველაფერი გესმით..

ჩემი მიზანი დღესაც იგივეა.. მინდა რეკორდების მოხსნა და ტიტულების მოგება გავაგრძელო..

ასეთია ჩემი ბუნება.. სხვანაირად მე ვერ ვიცოცხლებ..

მადრიდში გატარებული დროიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემპიონთა ლიგის მოგების ჩემს შვილთან ერთად აღნიშვნა. ეს არასდროს დამავიწყდება და 95 წლის ასაკშიც კი აუცილებლად მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს..

იმედია ოქროს ბურთს ოდესმე კიდევ ერთხელ მოვიგებ..“ - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ

 

გაზიარება: