სტეფ კარის საოცარი სერია დასრულდა - ბოსტონმა მაინც 10 ქულით წააგო
Aa
Aa

სტეფ კარის საოცარი სერია დასრულდა - ბოსტონმა მაინც 10 ქულით წააგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში დაწინაურდა. „მეომრებმა“ მე-5 შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს და „ბოსტონ სელტიქსს“ 104:94 სძლიეს. „გოლდენ სტეიტმა“ მატჩი კარგად დაიწყო და შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მესამე მეოთხედი „ბოსტონმა“ მაღალ დონეზე ჩაატარა, ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა და ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. „კელტებმა“ გადამწყვეტ თორმეტწუთეულში საშინლად იასპარეზეს. მათ 15-დან მხოლოდ 4 სროლა გამოიყენეს და ამდენივე დაკარგვა ჰქონდათ, თამაში კი 18 დაკარგვით დაასრულეს, რაც „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ დამღუპველი აღმოჩნდა.

„უორიორსს“ ყველასთვის მოულოდნელად, ენდრიუ უიგინსმა ულიდერა, რომელსაც 26 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. კლეი ტომპსონმა 21 ქულა ჩააგდო. სტეფ კარიმ - 16, ხოლო გარი პეიტონ მეორემ და ჯორდან პულმა 15 და 14. საინტერესოა, რომ კარიმ ვერც ერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა და მის კარიერაში პირველად მოხდა, რომ პლეიოფის მატჩი ჩაგდებული სამქულიანის გარეშე დაასრულა. აქამდე, სტეფს პლეიოფის ზედიზედ 132 შეხვედრაში ჰქონდა სამიანი გაფორმებული, რეგულარული სეზონის მატჩების ჩათვლით კი ეს რიცხვი 233-მდე ადიოდა.

„ბოსტონს“ რაც შეეხება, „კელტების“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო. ამ უკანასკნელმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა მეოთხე მეოთხედი ამჯერადაც ცუდად ჩაატარა. ტეიტუმმა NBA-ის ანტირეკორდი დაამყარა და პლიოფში 95 დაკარგვა მოუგროვდა. „ჯეითის“ გარდა, 20 ქულით მარკუს სმარტი გამოირჩა, ჯეილენ ბრაუნს კი 18 ქულა ჰქონდა, თუმცა 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 5 სამიანი გააცუდა.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტისა“ და „ბოსტონის“ მე-6 შეხვედრა „თიდი გარდენში“ გაიმართება და 17 ივნისს, თბილისის დროით, 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი პროფესია დრიბლინგია, შესაძლებლობები წარმოუდგენელი“ - იტალიური მედია კვარაზე
„მისი პროფესია დრიბლინგია, შესაძლებლობები წარმოუდგენელი“ - იტალიური მედია კვარაზე