ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი რეიტინგის 346-ე ნომერთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე მალიორკას ღია პირველობა აიღებს სტარტს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ბევრისთვის მოულოდნელად რეიტინგის 346-ე ნომერთან მატიას როზენკრანზთან ორ სეტში 6:7 6:7 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ. ნიკოლოზს მეხუთე გეიმში 2 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოიყენა. ამის საპირისპიროდ კი როზენკარნზს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. საბოლოოდ ყველაფერი ტაი ბრეიკზე გადაწყდა, სადაც გერმანელმა 7:5 მოიგო.

მეორე სეტი პირველის იდენტური გამოდგა. დაძაბულობა მხოლოდ მეოთხე გეიმში იყო, სადაც „ჩვენებურს“ ორი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ისევ ტაი ბრეიკი და ისევ მატიასის გამარჯვება 7:4. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 36 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-ქულიან კატეგორიის ტურნირზე იასპარეზა, სადაც მეორე წრეში მოულოდნელად ოსკარ ოტესთან სამ სეტში 6:4 0:6 6:7 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები