ბორჯღალოსნები  -  ზაფხულის სერიებისთვის შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ბორჯღალოსნები - ზაფხულის სერიებისთვის შემადგენლობა ცნობილია

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას ბორჯღალოსნები სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე.

3 ივლისს საქართველო „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს (18:00).

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ივლისის ტესტებზე:

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა); ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

რა თქვა ლევან მაისაშვილმა?

„შეკრებაზე 34 მოთამაშე გვყავს. ტრავმირებული მორაგბეების გარდა, დავუძახეთ ყველას, ვინც ჩვენი აზრით ოპტიმალურ ფორმაშია და მნიშვნელოვანია ყველა მათგანის საქმეში ნახვა. მათ შორის არიან დებიუტანტებიც“.

„გურამ პაპიძე წინა აქტივობაზეც გვყავდა გამოძახებული, თუმცა მცირე ტრავმების გამო ვერ ვათამაშეთ. მას ‘ლა როშელში’ ვაკვირდებოდით და საინტერესო მოთამაშეა. მნიშვნელოვანია, რომ გურამს ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში“.

„ლადო ჩაჩანიძე 2020 წლის ზაფხულში გვყავდა შეკრებაზე. ის ასაკობრივი ნაკრებებიდან გვახსოვს. ლადოს საერთაშორისო დონისთვის ფიზიკური კონდიციები და მისი პოზიციისთვის საჭირო წონა ქონდა მოსამატებელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლა უკეთაა, ვარჯიშებზე დავაკვირდებით და თუ საშუალება მოგვეცა საქმეშიც ვნახავთ“.

„მიხეილ ბაბუნაშვილი სეზონის დასაწყისში ვერ იყო სასურველ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ მონდომებით ივარჯიშა და ‘შავი ლომის’ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ბაბუნაშვილმა საკუთარი შრომით ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა და მეორე ხაზში კონკურენციას გაზრდის“.

„სეზონის პირველ ნაწილში საკმარისი სათამაშო დრო არ ქონდა ლუკა მატკავას. ახალ წლამდე ‘შავ ლომს’ სულ 5 თამაში ქონდა, კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და ეს გასაგებიცაა. აფრიკის ტურნეზე მას რამდენიმე თამაში მივეცით და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, თავი საინტერესოდ წარმოაჩინა. ის შრომისმოყვარეა, რასაც სელექციის კუთხით დიდ ყურადღებას ვაქცევთ, სათამაშო გამოცდილებაც დაუგროვდა და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ შეკრებაზე დაგვეძახა“.

„ტრავმების შემდეგ ‘შავ ლომში’ სათამაშო დრო დაუგროვდა ნიკა აბულაძესაც, რომელიც ადრე რამდენჯერმე გვყავდა სანაკრებო შეკრებაზე. გარდა ამისა, კარგი სეზონი ქონდათ და გამოძახებული არიან სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი. ისინი ‘შავ ლომში’ შეუცვლელები იყვნენ და განსაკუთრებით ცუცქირიძისა და ჯალაღონიას ტრავმების ფონზე, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბეების გუნდში ყოლა მნიშვნელოვანია. სეზონის განმავლობაში, ჯამში მათ 1300-1400 სათამაშო წუთი დაუგროვდათ“.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნინიაშვილი კლუბში ფრთაზე თამაშობს, ლევან მაისაშვილი მას მაინც ფულბეკის პოზიციაზე განიხილავს და საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ხაზში სადაც არ უნდა დავაყენოთ ნინიაშვილი, გნებავთ ცენტრში და გნებავთ მგეზავად, ის ამოცანას თავს კარგად გაართმევს. ფულბეკი საკვანძო ფიგურაა, სადაც საკმარისი სიღრმეები არ გვაქვს. ამიტომ, თუ ტაქტიკური მოსაზრებით არ იქნება განპირობებული, ჩვენ მას უპირველესად ფულბეკის პოზიციაზე განვიხილავთ“.

ბორჯღალოსნები მომავალი თამაშისთვის მზადებას 26 ივნისს, ქუთაისში დაიწყებენ:

„გვსურდა, რომ შეკრება 3 დღით ადრე დაგვეწყო, მაგრამ ‘შავი ლომის’ მოთამაშეებმა 40-50 დღე სამხრეთ აფრიკაში გაატარეს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მათთვის მეტი დასვენების საშუალება მიგვეცა. განტვირთვა, დასვენება და ფსიქოლოგიური მომზადება ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ სრული შემადგენლობით მაინც ვერ შევიკრიბებოდით – გელა აფრასიძის ‘მონპელიეს’ 24 ივნისს აქვს ფინალი, ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა ახლახანს ითამაშეს ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაში“ – ამბობს მაისაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!“ - Rugby World-ის სტატია დავით ნინიაშვილზე
„მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!“ - Rugby World-ის სტატია დავით ნინიაშვილზე