საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორჯღალოსნები „არგენტინა VX“-თან დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების პირველი მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“, არგენტინა VX-ის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულის სხვაობით 24:30 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დაიწყო და მალევე, ეს უპირატესობა ლელოში გადაიზარდა. მოედნის ცენტრში, შერკინებიდან აკა ტაბუცაძის მიერ წამოღებულ ბურთს სწორი გაგრძელება თედო აბჟანდაძემ მოუნახა და ერთი გადაცემით, დავით ნინიაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა. თავისმხრივ, ნინიაშვილმა შანსი კარგად გამოიყენა და ანგარიშიც გახსნა, რასაც თედოს მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოყვა - 7:0.

რამდენიმე წუთში ქართველმა მეორე ლელო დადეს. ამჯერად, ნინიაშვილმა და აბჟანდაძემ როლები გაცვალეს. დავით ნინიაშვილი ასისტენტის როლში მოგვევლინა, ლელო კი თავის ანგარიშზე თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა - 14:3. ამ ლელომდე არგენტინელებმა ერთი საჯარიმოს გატანა მოასწრეს. 34-ე წუთზე ჩვენმა მეტოქემ მეორე საჯარიმოც შეასრულა და ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით - 14:6 დასრულდა.

სამწუხაროდ, მეორე ნახევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. პირველივე წუთებიდან, არგენტინელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჩვენს ნახევარზე სამი ლელოს დადება შეძლეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 1 მიიღეს. სტუმრებმა სამწუთიან მონაკვეთში, 58-ე და 61-ე წუთებზე ორი ლელო დაგვიდეს, რამაც თამაშის მიმდინარეობაში გარდამტეხი მომენტი იქონია. მეორე ლელოდან 11-წუთში საკუთარ ნახევარზე მესამე ლელოც მივიღეთ, სამივე შემთხვევაში არგენტინელების დამრტყმელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ლევან მაისაშვილმა თამაშის სცენარის შეცვლა მატჩის ბოლოს სცადა. 81-ე წუთზე ნოდარ ჭეიშვილმა მეტოქის ნახევარზე დიდი ბრძოლის შედეგად ჩვენი გუნდის სასარგებლოდ მესამე ლელო დადო, რასაც აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა, მაგრამ „ბორჯღალოსნებს“ თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ - 24:30.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის ტესტ-მატჩების სერიის მომდევნო შეხვედრას 10 ივლისს, „ბათუმი არენაზე“ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები