სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი: „ბევრი რამ ვისწავლე, თანაგუნდელებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ"

Bally Sports-მა სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ გაავრცელა. ქართველმა კალათბურთელმა საზაფხულო ლიგის მატჩებზე, თანაგუნდელებზე და იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც „მილუოკი ბაქსის“ ლიდერებისგან იღებს.

„მინდა, ჩემი უნივერსალურობა გამოვავლინო. მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ პასების გაკეთება გამომდის და შემიძლია, ვიყო კალათბურთელი, რომელსაც დრეიმონდ გრინის მსგავსი როლის მორგება შეუძლია. სამწვრთნელო შტაბმა პლატფორმა და შანსი მომცა, რათა საუკეთესო თანაგუნდელი ვიყო, რაც შემიძლია.

განვითარების ლიგა კარგი ადგილია ახალგაზრდებისთვის, რათა თავიანთი თავდაჯერებულობა დაიბრუნონ, მაქსიმუმი გააკეთონ და აჩვენონ გუნდებს თუ რა შეუძლიათ. ვისკონსინ ჰერდში პირველად როცა აღმოვჩნდი, მისია მქონდა, რომ ჩემი თამაში მეთამაშა და ვფიქრობ, ამას ვაკეთებ.

თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე. იანის ანტეტოკოუნმპომ მითხრა, მოთმინება როგორ გამომეჩინა, მეტოქეს დაცვაში როგორ გავმკლავებოდი და აგრესიული როგორ ვყოფილიყავი. ბობი პორტისისგან ვისწავლე, რომ ყოველი შეტევა მნიშვნელოვანია და თითოეული იერიშისას 110 პროცენტით უნდა დაიხარჯო. ჯრუ ჰოლიდეისგან ვისწავლე, მტკიცე და მაგარი კალათბურთელი როგორ ვიყო. კრის მიდლტონისგან კი - კარგი სროლა როგორ განვახორციელო.

ახალგაზრდულ ასაკში არის მომენტები, როცა უბრალოდ იკარგები. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ასეთ დროს გყავს ბიჭები, რომლებსაც შენი გზაზე დაბრუნება შეუძლიათ. პროფესიონალური კალათბურთელობისთვის სწორედ ესაა საჭირო. საზაფხულო ლიგაზე მათგან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ვცადე. სიმართლე გითხრათ, ეს დაუჯერებელია. მხარდაჭერას მთელი გუნდისგან ვგრძნობ და ისინი აქ მოდიან, რათა თანადგომა გამომიცხადონ. ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბობი ჩემი დიდი ძმაა და მისი სათადარიგოთა სკამზე ხილვა მოტივაციას მაძლევს და უკეთ თამაშში მეხმარება. ჩემი თანაგუნდელები ყველა შეხვედრას უყურებენ. მატჩის შემდეგ ჯრუ და კრისი მწერენ ხოლმე და გახარებული ვარ, ამ შესანიშნავ ორგანიზაციაში რომ ვთამაშობ“.

შეგახსენებთ, რომ „მამუ“ საზაფხულო ლიგაზე საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას მაინც აგროვებდა და პარკეტიდან 45 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან - 47.6 პროცენტით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე