ირაკლი აზაროვი, ცრვენა ზვეზდა
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა

სერბეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ცრვენა ზვეზდამ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი წარადგინა.

ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან 16-ნომრიან მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი აზაროვის ყოფილი კლუბი, ბათუმის „დინამო“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 ათას ევროს მიიღებს, მომდევნო ტრანსფერიდან კი თანხის 20% ერგება.

სერბულმა კლუბმა ირაკლი აზაროვი სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარადგინა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

ირაკლი აზაროვი:

აქ ყოფნით მოხარული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი კლუბის ნაწილი გავხდი. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმით გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

მარკო მარინს ვესაუბრე და ცრვენა ზვეზდას შესახებ ყველაფერი მითხრა. მეც ვიცოდი, რომ ცრვენა ზვეზდა დიდი კლუბი იყო და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. ვფიქრობ, აქ ყოფნა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება.

ვიცი ალექსანდრე კატაის, მილან როდიჩის კინგს კანგუას შესახებ, სხვა ფეხბურთელების შესახებაც მსმენია. კლუბში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და ვფიქრობ, დიდი მომავალი გვაქვს.

როდესაც ჩამოვედი, ყველა ფეხბურთელმა კარგად მიმიღო და პირველმა ვარჯიშმაც კარგად ჩაიარა.

რა თქმა უნდა, დეიან სტანკოვიჩის შესახებ ბევრი მსმენია. ის ძალიან ცნობილი ფეხბურთელი იყო და ახლა ბრწყინვალე მწვრთნელია. მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში 2018/19 წლებში გამოდიოდა. 2020 წელს 20 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და კლუბში 2 წელი გაატარა. მიმდინარე წლის აგვისტოდან კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში „ცრვენა ზვეზდას“ ღირსებას დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან სწორედ ამას ველოდი“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
„მისგან სწორედ ამას ველოდი“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო