მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„მერაბის გამძლეობა ალდოს უამრავ პრობლემას შეუქმნის" - UFC-ის მებრძოლების პროგნოზები

UFC-ის მებრძოლებმა, ენტონი სმიტმა, კორი სენდჰეგენმა, კურტის ბლეიდსმა, კესი კენიმ და შეინ ბურგოსმა მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ბრძოლაზე ისაუბრეს. მათ ამ ჩხუბთან დაკავშირებით, პროგნოზები გააკეთეს და თავიანთი ფავორიტები დაასახელეს.

ენტონი სმიტი

„ძალიან საინტერესო ბრძოლაა. მერაბი ერთ-ერთია იმ ბიჭებს შორის, რომლებიც გინდა, რომ ჩამოწერო, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია. ჟოზე ალდომ სტილი ცოტათი შეცვალა, მაგრამ ვფიქრობ, დვალიშვილს შეუძლია, ბრძოლის ტემპი აკონტროლოს და ალდოს მუშაობა აიძულოს. ბრაზილიელს არ უყვარს, როცა ბევრს მუშაობს. ის ენერგიას ზოგავს და თავის ტემპში ჩხუბობს. თუ მერაბმა მოახერხა და ალდო აიძულა, უფრო მეტი იმუშაოს, ვიდრე ეს ბრაზილიელს უნდა, მის პირისპირ იდგეს და მას თავისი თამაში მოახვიოს, ვფიქრობ წარმატებას მიაღწევს, თუმცა ჟოზე ალდო მაინც ჟოზე ალდოა. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, მერაბს ავირჩევდი. ჩემი აზრით, დვალიშვილის გამძლეობა და ფიზიკური კონდიციები ალდოს უამრავ პრობლემას შეუქმნის“.

კორი სენდჰეგენი

„ეს ბრძოლა ამ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. მგონია, რომ მერაბი ალდოს აჯობებს. ეს არ ნიშნავს, რომ დვალიშვილი მას ჭიდაობაში ისე დაჩაგრავს, როგორც ყოფილ მეტოქეებს, მაგრამ ვფიქრობ, ისეთ ქაოსს შექმნის, რომ ალდო ძალიან დაიღლება და შემდეგ ქართველი მას უბრალოდ აჯობებს“.

კურტის ბლეიდსი

„ვფიქრობ, მერაბი გაიმარჯვებს. ზუსტად ისე, როგორც ბრაის მიჩელმა ედსონ ბარბოზა დაამარცხა. დვალიშვილი თეიქდაუნებს განახორციელებს და სახიფათო სიტუაციებს თავს ასე აარიდებს. საოცარი ბრძოლა არ იქნება. მძიმე ჩხუბს ვიხილავთ და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა“.

კესი კენი

„არ დავმალავ და ალდოს ავირჩევ. მერაბის ქომაგი ვარ, მაგრამ მინდა, ალდომ კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა მიიღოს“.

შეინ ბურგოსი

„ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. ალდოს ადგილას რომ ვიყო და დვალიშვილთან 5-რაუნდიანი ჩხუბი შემოეთავაზებინათ, არ დავთანხმდებოდი. 5-რაუნდიან ბრძოლაში, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, მერაბს ავირჩევდი, მაგრამ 3-რაუნდიან ბრძოლაში ალდო ძალიან ძლიერია. სტარტზე იგი სწრაფი და მოუხელთებელი იქნება. ამიტომ, გადამწყვეტი მეორე რაუნდი აღმოჩნდება. ჟოზე პირველ რაუნდს წაიღებს, მაგრამ მეორე რაუნდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თუ მერაბმა თეიქდაუნები განახორციელა, წარმატების მიღწევის შანსი ექნება. ალდოს მხარეს ვიხრები, მაგრამ დვალიშვილს ვქომაგობ“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები