ევრობასკეტი, გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები, პოლონეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

გერმანიამ პოლონეთი დაამარცხა და Eurobasket-ზე მე-3 ადგილი დაიკავა

Eurobasket 2022 სრულდება. დღეს, ბერლინი არენაზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, სადაც მასპინძელმა გერმანიამ პოლონეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 13 ქულის სხვაობით - 82:69 დაამარცხა.

გერმანელები მატჩს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

დღევანდელ შეხვედრაში, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში გამორჩეული მასპინძელთა ლიდერი, დენის შროდერი იყო, რომელმაც პოლონელებს 26 ქულა ჩაუგდო, ამასთან, ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და 2-ჯერ ჩაჭრა მეტოქის შეტევა. კარგი მატჩი ჰქონდა იოჰანეს ვოიტმანსაც, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. საბოლოოდ ვოიტმანის ანგარიშზე 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია.

პოლონეთის ნაკრებიდან კი მაიკლ სოკოლოვსკი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი ჰქონდა ეი ჯეი სლაუტერს: 10 ქულა და 10 ასისტი.

შესაბამისად, გერმანელებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს, ახლა უკვე ჩემპიონის გამოვლენის დროა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 22:30 საათზე Eurobasket-ის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები