ბარსელონა, სევილია, იუვენტუსი, დანი ალვეში
Aa Aa

“ქიმიკატები, ბეტონის საწოლი, სველი ნიადაგის სუნი“ - მე დანი ალვეში ვარ

„საუბარს საიდუმლოს გამჟღავნებით დავიწყებ. სინამდვილეში, ამ ისტორიაში თქვენ შესაძლოა რამდენიმე საიდუმლო გაიგოთ, რადგან ვგრძნობ, რომ ხალხმა ბევრი რამ არასწორად იცის.

მაშინ, როდესაც „ბარსელონამ“ „პარი სენ ჟერმენი“ საოცარი „ქამბექით“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო, ამ ყველაფერს მე სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ტელევიზორის საშუალებით ვუყურებდი. შეიძლება გაზეთების კითხვისას იფიქროთ, რომ მე იმედი მქონდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი წააგებდა..

მაგრამ, როდესაც ჩემმა ძმამ ნეიმარმა ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა წამოვხტი და ბოლო ხმაზე დავიყვირე: „VAMOOOOOOOOOS”

როგორც „ბარსელონას“ ყველა გულშემატკივარი მსოფლიოს მასშტაბით, მეც გავგიჟდი, რადგან სიმართლე ისაა, რომ ბარსა ჯერ კიდევ ჩემს სისხლშია..

მომექცა, თუ არა კლუბის ხელმძღვანელობა უპატივცემულოდ? დიახ! ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია იმ ყველაფრის დავიწყება, რაც ბარსასთან ერთად გამოვიარე. ამ გუნდს გულიდან ვერასდროს ამოვიგლეჯ. მწვრთნელები, ფეხბურთელები და სტაფის წევრები მიდიან და მოდიან - „ბარსელონა“ კი არსად მიდის..

როდესაც გუნდიდან გამიშვეს, ხელმძღვანელობას დავპირდი, რომ მოვენატრებოდი.. მე არ ვგულისხმობ როგორც ფეხბურთელი.. ბარსას შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. „ბლაუგრანას“ ჩემი სულისკვეთება მოენატრებოდა..

წილისყრის შემდეგ, გაირკვა, რომ „იუვენტუსი“ ბარსას უნდა შეხვედროდა და მე ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. ეს უცნაური გრძნობა იყო.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კამპ ნოუზე“ გავედი. თავი ისევ სახლში მეგონა.. მატჩის დაწყების წინ, ბარსას სათადარიგოთა სკამთან მივედი, რათა ყოფილ თანაგუნდელებს მივსალმებოდი. მათ მითხრეს: „დანი დაბრუნდი და ჩვენთან დაჯექი, ჩვენ შენთვის ადგილი გავათავისუფლეთ“..

უეცრად მსაჯის სასტვენის ხმა მომესმა და ჩემი პოზიციისკენ სწრაფად გავიქეცი, მატჩი იწყებოდა. ლუის ენრიკეს სიცილი მესმოდა. ის ნამდვილი უკანალია. სასაცილოა არა? მაგრამ თამაში ჩემთვის სასაცილო არ იყო. ყოველთვის ამბობდნენ, რომ მე ვიღიმები, მხიარული ვარ, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო..

კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. სანამ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელების წინააღმდეგ ვითამაშებდი, ისეთები როგორებიც მესი, ნეიმარი და რონალდუ არიან, გამუდმებით ვიჯექი და მათ ძლიერ მხარეებს ვსწავლობდი. ჩემი მიზანი ის იყო, რომ მსოფლიოსთვის დამენახებინა, თუ როგორი ძლიერი ვიყავი ისევ.

იმ დროს 34 წლის ვიყავი და 34 ტიტულის მოგების შემდეგ, მაინც ვგრძნობდი, რომ ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი.

მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო ღრმად არის..

ყოველი მატჩის წინ ერთნაირი რეჟიმი მაქვს. სარკესთან ვდგები და გონებას ვთიშავ. ჩემს ტვინში ფილმი იწყება. ჩემი ცხოვრების ფილმი..

პირველ სცენაში 10 წლის ვარ.. ჩემს სახლში, ბეტონის საწოლზე ვიძინებ, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქში ჟუაზეიროში მდებარეობს. საწოლზე ლეიბი ისეთი წვრილია, როგორიც თქვენი ნეკა თითი. სახლს სველი ნიადაგის სუნი ასდის და გარეთ ისევ ბნელა.. დილის 5 საათია და ჯერ არ გათენებულა, მაგრამ სკოლაში წასვლამდე მამაჩემის დასახმარებლად ფერმაში მივდივარ.

მე და ჩემი ძმა მინდორში გავდივართ და ამ დროს მამა უკვე იქ არის და მუშაობს. ზურგზე დიდი წყლის ავზი უკეთია, რომლიდანაც ხილსა და მცენარეებს ქიმიკატებს ასხამს, რათა ბაქტერიები მოკლას. ტოქსინების დასაძლევად ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ მამას მაინც ვეხმარებოდით. ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. მე და ჩემი ძმა ერთმანეთს საათობით ვეჯიბრებოდით, თუ ვინ იქნებოდა უფრო შრომისმოყვარე. მამა გამარჯვებულს ახალ ველოსიპედს დაჰპირდა.

თუ ველოსიპედს ვერ მოვიგებდი, მაშინ სკოლაში ფეხით უნდა წავსულიყავი და იქამდე 12 კილომეტრი უნდა გამევლო. უკან დაბრუნება კი უფრო სტრესი იქნებოდა, რადგან სამეზობლოს საფეხბურთო ტურნირს ვერ მივუსწრებდი.

რას ვიზამდი თუ მოვიგებდი? ვინმე გოგოს ავარჩევდი და სკოლაში ჩემთან ერთად წასვლას შევთავაზებდი. მე ნამდვილი კაცი ვარ.

სკოლაში წასვლისას მამას ვუყურებ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ზურგზე მიბმული წყლის ავზი. მან მთელი დღე უნდა იმუშაოს, ხოლო ღამე ბარში წავიდეს, სადაც მას დამატებითი სამსახური აქვს. მამა დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქალაქში წასასვლელი ფული არ ჰქონდა, რომ უკეთეს გუნდში ეთამაშა და სკაუტებს შეემჩნიათ. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მე ყველაფრის შესაძლებლობა მექნებოდა, თუნდაც პროცესში ის დაღუპულიყო..

ეკრანი შავდება..

კვირაა და ოჯახი საფეხბურთო მატჩს შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურებთ. ანტენას გარშემო ფოლადის მატყლი აქვს შემოხვეული, რომ შორეული ქალაქიდან სიგნალის დაჭერა შევძლოთ. ჩვენთვის ეს კვირის საუკეთესო დღეა. სახლში დიდი სიხარულია..

ეკრანი ისევ შავდება..

ახლა მამაჩემს მივყავარ ქალაქში თავისი ძველი მანქანით, რათა რამდენიმე სკაუტის წინაშე ვცადო ბედი. მანქანა გაფუჭებულია და მხოლოდ ორი სიჩქარე აქვს გადაცემათა კოლოფზე. კვამლის სუნი მცემს..

ეკრანი ისევ გაშავდა..

ახლა 13 წლის ვარ და ოჯახისგან მოშორებით უფრო დიდ ქალაქში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ვიმყოფები. პატარა საერთო საცხოვრებელში 100 ბავშვია ჩასახლებული. ეს ყველაფერი ციხეს ჰგავს.. სახლის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, მამამ საფეხბურთო ტანისამოსი მიყიდა. მან ჩემი გარდერობი გააორმაგა, რადგან დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი ჩაცმულობა მქონდა.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, ჩემი საფეხბურთო ფორმა გავრეცხე და გასაშრობად თოკებზე გადავფინე. მეორე დილას ის იქ აღარ იყო და სწორედ იმ დღეს გავიაზრე, რომ რეალურ სამყაროში მოვხვდი და მივხვდი რატომ უწოდებენ ამ ყველაფერს რეალურ სამყაროს..

ოთახში ვბრუნდები და შიმშილით ვკვდები. ბავშვები მთელი დღე ვვარჯიშობთ და აკადემიაში საკმარისი საკვები არ არის. ვიღაცამ ტანსაცმელიც კი მომპარა.. ჩემი ოჯახი მენატრება.. აქ კი საუკეთესო მოთამაშე ნამდვილად არ ვარ. 100 ფეხბურთელიდან ალბათ სიძლიერით 51-ე ვარ. ასე რომ, ჩემს თავს პირობას ვაძლევ..

ჩემს თავს ვეუბნები: „ფერმაში იქამდე არ დაბრუნდები, სანამ მამა შენით არ იამაყებს!

ეკრანი ისევ შავდება..

ახლა 18 წლის ვარ და ერთადერთ ტყუილს ვამბობ, რაც კი ოდესმე ფეხბურთში მითქვამს. „ბაჰიაში“ ვთამაშობდი, როდესაც ჩემთან სკაუტი მოვიდა და მითხრა: „შენით „სევილია“ არის დაინტერესებული.“

მე ვთქვი: „სევილია? საოცარია“

სკაუტი: „იცი სად არის სევილია?“

მე: „რა თქმა უნდა ვიცი. იქაურობა ძალიან მიყვარს.“

სიმართლე იცით რა იყო? წარმოდგენა არ მქონდა სად იყო „სევილია“. შესაძლოა ეს მთვარეზეც ყოფილიყო, მაგრამ სკაუტი იმდენად სერიოზულად საუბრობდა, რომ მისი მოტყუება გადავწყვიტე.

რამდენიმე დღის შემდეგ, გავიგე, რომ „სევილიას“ „ბარსელონასთან“ და „რეალთან“ უწევდა თამაში..

ეკრანი ისევ შავდება..

ახლა სევილიაში ვარ და ისე ცუდად ვიკვებები, რომ ყველა რაღაცნაირად მიყურებს. გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდულ გუნდში უნდა მეთამაშა. საშინელი 6 თვე გამოვიარე. ესპანური არ ვიცოდი და ვერავის ვესაუბრებოდი. მწვრთნელი არ მათამაშებდა და პირველად მომინდა სახლში დაბრუნება..

მაგრამ შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო გამახსენდა, რომ მამაჩემმა 13 წლისას ახალი საფეხბურთო ტანისამოსი მიყიდა. ეს ის ტანისამოსია, რომელიც მომპარეს. გამახსენდა მის ზურგზე მიმაგრებული ქიმიკატების ავზი და დარჩენა გადავწყვიტე. ვისწავლე ენა და რამდენიმე მეგობარი შევიძინე.

ნელ-ნელა თავი დავიმკვიდრე და მწვრთნელიც მენდო. ძირითადად დაცვაში ვთამაშობდი, მაგრამ ხშირად შეტევაშიც მრთავდნენ. შეტევა დაცვის მსგავსად, ბრწყინვალედ გამომდიოდა..

ეკრანი გაშავდა..

ტელეფონი რეკავს..

ჩემი აგენტია..

„დანი, შენით „ბარსელონა“ ინტერესდება“.

ამჯერად ვერ მოვიტყუებოდი, კარგად ვიცოდი სად იყო „ბარსელონა.“

ეს ის ფილმია, რომელიც ჩემს გონებაში მუდამ ტრიალებს. ყოველი მატჩის წინ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ჩემს თავს ვეუბნები:

„აქ არსაიდან მოვედი“

„ახლა აქ ვარ“

„ეს დაუჯერებელია, მაგრამ აქ ვარ“

როდესაც 18 წლის გავხდი, ოკეანეს გადაღმა მხოლოდ იმიტომ გადავედი, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მეთამაშა. პატივი, რომ „ბლაუგრანაში“ მეთამაშა? წარმოუდგენელი იყო..

მახსოვს, ვარჯიშზე მესი ბურთით ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. საოცრებებს ყოველდღე აკეთებდა, მაგრამ ეს განსხვავებული იყო.. მინდა შეგახსენოთ, რომ „ბარსელონაში“ ძალიან ინტენსიური ვარჯიშები იყო. მესი დაუჯერებელ დრიბლინგს გვთავაზობდა და გოლებს ცივსისხლიანი მკვლელივით იტანდა..

როდესაც მის გვერდით ვთამაშობდი ბოლომდე არ მჯეროდა.. ნუთუ ეს მართლა ხდებოდა?

ის გარბის და მე ვფიქრობ: „არა ეს შეუძლებელია“

ის ისევ გარბის და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ვხედავ რეალურია..

ლეო მსოფლიოს საუკეთესო მცველებს ბავშვებივით ატყუებდა და იმ დროს მივხვდი, რომ მისნაირ ძლიერ ფეხბურთელთან ერთად ცხოვრებაში ვეღარ ვითამაშებდი..

შემდეგ კი, რა თქმა უნდა, აქ არის პეპ გუარდიოლა..

თუ სიტყვა „კომპიუტერს“ უკან გადაატრიალებთ დაიწერება სტივ ჯობსი..

თუ სიტყვა „ფეხბურთს“ შეატრიალებ, დაიწერება პეპ გუარდიოლა.

ის არის გენიოსი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - გენიოსი..

პეპი ყოველთვის წინასწარ გვეუბნებოდა რა მოხდებოდა მატჩში. გახსოვთ „რეალთან“ მოგებული შეხვედრა 5:0? იცით რა გვითხრა გურადიოლამ?

„დღეს თქვენ ისე უნდა ითამაშოთ, თითქოს ბურთს ცეცხლი უკიდია და ფეხებთან ნახევარ წამზე მეტი არ უნდა გაიჩეროთ. თუ ამას გააკეთებთ, „რეალს“ პრესინგის დრო არ დარჩება და აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

ნებისმიერი მატჩის წინ, გუარდიოლას საუბარი გვაძლიერებდა და გამარჯვებულის მენტალიტეტით ვთამაშობდით..

პეპი იყო პირველი მწვრთნელი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მაჩვენა, როგორ უნდა მეთამაშა ბურთის გარეშე..

„ბარსელონა“ თითქმის დაუმარცხებელი იყო. გონებით ვთამაშობდით და წინასწარ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. აქედან გამომდინარე, მინდორზე ბევრი ფიქრი არ გვიწევდა..

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბარსა დღემდე ჩემს გულშია..

სწორედ ამიტომ, როდესაც „იუვენტუსის“ შემადგენლობაში „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დავამარცხე, ჩემს ძმასთან ნეიმართან მივედი და ჩავეხუტე. ის ტიროდა და მეც ავტირდი..

ახლა წარმოვიდგენ, რომ ხალხი ამას კითხულობს და კითხვა უჩნდებათ, თუ რატომ ვამხელ ასეთ საიდუმლოებებს..

სიმართლე კი ის არის, რომ ახლა 39 წლის ვარ და არ ვიცი ფეხბურთს კიდევ რამდენი ხანი ვითამაშებ.. უბრალოდ მგონია, რომ ხალხს ჩემი ისტორიის დღემდე არ ესმის..

როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი ისეთი შეგრძნება მქონდა, როდესაც 13 წლის ასაკში სახლი დავტოვე.. თითქოს ახალ სკოლაში გადავედი.. მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი გუნდები შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ, ახლა კი გადავედი იქ, სადაც დაცვაა პრიორიტეტული..

იუვეს ფეხბურთელებს მინდოდა სცოდნოდათ, რომ მათ კლუბს და სათამაშო ფილოსოფიას პატვის ვცემდი და მათგანაც მინდოდა მეგრძნო პატივისცემა. როდესაც ეს ვიგრძენი ვცადე მათთვის ჩემი ძლიერი მხარე მეჩვენებინა.

ერთ დღეს უბრალოდ ვიჯექი და გზას ვუყურებდი.. ჩემს თავს ვუთხარი, წავიდე?

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრება გარკვეული წრეა..

არგენტინელებთან ჩამოშორება არ შემიძლია..

„ბარსელონაში“ მესი მყავდა..

„იუვენტუსში“ დიბალა..

გეფიცებით, გენიოსები ყველგან დამყვებოდნენ..

ერთ დღეს, „იუვენტუსის“ ვარჯიშზე დიბალაში ისეთი რამ დავინახე, რასაც ადრე მესიში ვხედავდი. ეს არ იყო უბრალოდ წმინდა ნიჭის საჩუქარი. ეს იყო საჩუქარი, რომელიც მსოფლიოს დაპყრობის საშუალებას გაძლევს..

ბარსაში მეხსიერებით ვთამაშობდით..

იუვეში ყველაფერი სხვანაირად იყო. ეს ჩვენი კოლექტიური მენტალიტეტი იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაგვიყვანა. მსაჯის სასტვენის შემდეგ ჩვენ გამარჯვების გზებს ვპოულობდით. „იუვენტუსში“ უბრალოდ გამარჯვება არაფერს ნიშნავს. ეს აკვიატებას ჰგავს, საბაბი არ არსებობს..

„ბებერ ქალბატონში“ ჩემი 35-ე ტიტულის მოგების შანსი მქონდა.. ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო. ბარსას ხელმძღვანელობას არაფერს ვუმტკიცებდი.. ეს უბრალოდ ჩემთვის იყო საჭირო..

მე ვიცი, რომ ისინი ამას არასდროს აღიარებენ..

ეს არ არის მნიშვნელოვანი..

გახსოვთ რა ვთქვი ბრაზილიაში საბავშვო საფეხბურთო აკადემიაში ყოფნის პერიოდზე? მე ვთქვი, რომ სახლში იქამდე არ დავბრუნდებოდი, სანამ მამა ჩემით არ იამაყებდა..

მამაჩემი ემოციური ადამიანი არ არის. დღემდე არ ვიცი როდის გახდა ის ჩემით ამაყი. ჩემი კარიერის განმავლობაში მან უმეტესი დრო ბრაზილიაში გაატარა, მაგრამ 2015 წელს ის ბერლინში იყო, რათა პირადად ენახა როგორ მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას.

მახსოვს, ფინალის მოგების შემდეგ, ბარსამ ფეხბურთელების ოჯახის წევრებისთვის დიდებული წვეულება მოაწყო. ჩვენ თასი იმ ადამიანებისთვის უნდა გადაგვეცა, რომლებიც ოცნების ახდენაში დაგვეხმარნენ. მახსოვს, როდესაც მამას თასი გადავეცი ხელი ორივეს გვეკიდა და ფოტოგრაფების წინ ვპოზირებდით..

მან პორტუგალიურად თქვა რაღაც, რაც სინამდვილეში ბინძური სიტყვაა, ამიტომ სიტყვა-სიტყვით არ ვთარგმნი.

შინაარსი ასეთი იყო: „ჩემი შვილი, ახლა ის კაცია“

და იცით რა? ის ბავშვივით ატირდა..

ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო..

2017 წელს, შანსი მქონდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისევ მომეგო.. გიჟივით დავჯექი და კრიშტიანუს თამაშის შესწავლა დავიწყე.. სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა..

ფინალის წინ, როგორც ყოველთვის, სარკესთან მივედი და გონებაში იგივე ფილმს ვუყურე..

ეკრანი ისევ გაშავდა და მე ყველაფერი კარგად მახსოვს..

ჩემი ბეტონის საწოლი..

სველი ნიადაგის სუნი..

მამაჩემი ქიმიკატების ავზით ზურგზე..

12 კილომეტრი ველოსიპედით სკოლამდე..

ახალი ეკიპირება..

„რა თქმა უნდა ვიცი „სევილია“ სადაც არის.“..

ჯანდაბა, აქ არსაიდან მოვედი..

ახლა აქ ვარ..

დაუჯერებელია, მაგრამ აქ ვარ..“ - მე დანი ალვეში ვარ

გაზიარება: